ამბროლაურში ახალი სპორტული მოედანი შენდება

ამბროლაურში ახალი სპორტული მოედანი შენდება

ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპორტული მოედნის მშენებლობის მესამე რიგის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სახელშეკრულებო ღირებულება 627 774 ლარს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი მთავარი და დამხმარე მოედნების, ტრიბუნების, სპორტსმენებისთვის გასახდელების, საშხაპეების, განათების, მისასვლელი გზისა და საპარკინგე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება.

როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის საბოლოოდ დასრულების შემდეგ, რაჭას საშუალება მიეცემა უმასპინძლოს სხვადასხვა გუნდების შეკრებებს და მნიშვნელოვან სპორტულ შეხვედრებს.

„ახალი მოედანი ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ამბროლაურის, როგორც სპორტული ქალაქის ფუნქციის გაძლიერებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.