გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ამ დრომდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გუდაური-კობის მონაკვეთზე გრძელდება გზის გაფართოების სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების აღდგენა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მათივე ინფორმაციით, მლეთა - გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

























