აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი - დირექტორი არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ტელევიზიას აზარალებს და თანამშრომლებს მოტივაციას უკარგავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი დირექტორს, ნათია კაპანაძეს უპირისპირდება. მათ სპეციალური განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე გაავრცელეს.

„16 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოსაც მივმართეთ წერილით და გვსურს ჩვენი პოზიცია ახლა ფართო საზოგადოებას გავაცნოთ.

ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი სრულად ემიჯნება ტელევიზიის სახელით გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ნათქვამია, რომ 11 აპრილს გაცხადებული, მაუწყებლის დირექტორის უნდობლობის საკითხი პოლიტიკური პროცესია და თურმე ის საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას, სარედაქციო დამოუკიდებლობას, ან ეს არის დემოკრატიულ მედიაზე შეტევა.

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით საკითხის ამგვარ ფორმულირებას, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ სინამდვილეში რა პროცესები მიმდინარეობს მაუწყებელში ბოლო პერიოდში. ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს, დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებებს თანამშრომლების მიმართ.

დიდი ხანია დაიწყო და მომწიფდა უკმაყოფილება და პრეტენზიები შრომის ანაზღაურების სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით. დირექტორი იღებს არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც ტელევიზიასა და რადიოს პირდაპირ აზარალებს, ასევე თანამშრომლებს უკარგავს მუშაობის მოტივაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - სიტყვის თავისუფლებას! და ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზაციიდან, სადაც დირექტორი უზღუდავს თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოსთან ლაპარაკსაც კი! ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხდომებიდან ამოღებული ვიდეო მასალა გავრცელებულია სოციალურ პლატფორმებზე, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ რჩება! ანუ ფუნდამენტური უფლება - სიტყვის თავისუფლება დარღვეულია საზოგადოებრივ მაუწყებელში!

ცალკეული პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პიროვნებების განწყობა კი, თითქოს აჭარის მაუწყებელს ყველაზე დემოკრატი დირექტორი ყავს, სინამდვილეში მხოლოდ იაფფასიანი პოპულიზმის გამოძახილია.

რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას. აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნიდან დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა იმ რეალობამდე, რაც დღეს გვაქვს და სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ ნათია კაპანაძის დამსახურება არ არის. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი და ობიექტური გაშუქებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში მანამდეც არაერთხელ მოხვდა და ჩვენ ვამაყობთ ამ შედეგით.

ჩვენ ნებისმიერი მენეჯმენტის პირობებში დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და კანონით მონიჭებულ უფლებას გვქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა.

ვიმედოვნებთ, რომ მრჩეველთა საბჭო აღნიშულ გარემოებებს გაითვალისწინებს და გააკეთებს თავისუფალ არჩევანს",- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული განცხადება გაკეთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს იმ 100-ზე მეტი თანამშრომლის სახელით. განცხადება მედიას აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამილა დოლიძემ, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახურის ხელმძღვანელმა იმედა თავდგირიძემ, არხის განვითარების რგოლის ხელმძღვანელმა ინგა გოგოლიშვილმა, ტელევიზიის მიმდინარე მაუწყებლობის ხელმძღვანელმა ირაკლი ბარამიძემ, განვითარების მენეჯერმა ლალი ბერძენიშვილმა და სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ გააცნეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა