აჭარაში გიდები ტურისტული დიპლომატიის სპეციალურ კურსს გადიან

ბათუმში "ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი" სასწავლო კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, სამი დღის განმავლობაში რეგიონში მოქმედი გიდები და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ისეთ თემებს გაეცნობიან, როგორებიცაა: საქართველოს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს დიპლომატიის უახლესი ისტორია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან.
სპეციალური კურსი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა სიტყვით გახსნა და გიდებისთვის, ტურისტული დიპლომატიის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ გიდებმა იმ მილიონობით ტურისტს, რომლებიც ქვეყანას სტუმრობენ სწორი და ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდონ. თითოეული საკითხი, რომელსაც ისინი სამი დღის განმავლობაში შეისწავლიან საშუალებას მისცემს მათ ზუსტად იცოდნენ, როგორია სახელმწიფოს მიდგომა და საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის, ნატოს, მეზობელ ქვეყნებთან თუ ოკუპაციასთან დაკავშირებით. თითოეული ტურისტი არის ინფორმაციის ექსპორტიორი, გიდები კი ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ ტურისტებთან. ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ დავეხმაროთ გიდებს განათლების ამაღლებასა და განვითარებაში, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ტურისტების კმაყოფილების დონესა და სწორად ინფორმირებულობაზე,“ - განაცხადა სულხან ღლონტმა გიდებთან საუბრისას.
ტურისტული დიპლომატიის კურსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მიერაა მომზადებული. ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.
ტურისტული დიპლომატია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა და 21 აპრილს დასრულდება. სასწავლო კურსზე ლექციებს მოქმედი ელჩები და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები კითხულობენ. მას დიპლომატიური კორპუსისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებიან. კურსი უკვე ჩაუტარდა დედაქალში მოქმედ გიდებს. ბათუმის შემდეგ მას ქუთაისში მოქმედი გიდები გაივლიან.

























