გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი 17 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 8 მაისს იწურება.
გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილი, 20 კილომეტრამდე სისტემის შიდა ქსელი და წყალსადაწნევო ლითონის კოშკი ორი 50 ტონიანი ავზით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობა, 1000-ზე მეტი ადამიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების სატენდერო ღირებულება 687 059 ლარია.
გორის მერიის ინფორმაციით, დღემდე ზეღდულეთში მცხოვრები 400-მდე ოჯახი ინდივიდუალური ჭით სარგებლობს, თუმცა სასმელად საუბნო ონკანების წყალს იყენებს. რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ რაც ლაბორატორიული შემოწმების შედეგად ჭის წყალი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა, ჭაბურღილი 4 საუბნო ონკანთან ერთად, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწყო.
გორის მერიის ინფორმაციით, ტენდერის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=302060&lang=ge

























