გორში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, გორში არსებული სკვერების, პარკებისა და სხვა გამწვანებული ტერიტორიების მოწესრიგება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში დაირგო 80-მდე ძირი ვარდი. ცხინვალის გზატკეცილზე, სადაც იფანისა და ცაცხვის ხეივანია გაშენებული, დამატებით იფანის 110 ნერგი, ხოლო საფეხბურთო კლუბ გორის ,,დილას“ სტადიონთან 20 ძირი კიპაროსი დაირგო.
გამწვანების ერთობლივი აქცია მოეწყო გორის №3 საჯარო სკოლის ეზოში. კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად 300 ძირი ლუგუსტრუმი და 20 ძირი ტუია დარგეს. ქალქის შემოსასვლელში მოხდა ტუიების დეკორატიული ბუჩქების გასხვლა-ფორმირება.
„სკვერებსა და სხვა გამწვანებული ტერიტორიებზე მიმდინარეობს ბალახის თიბვა და ხე-მცენარეების გადაბელვა. გორის კულტურისა და დასვენების პარკში დაითესა კონდარი და დაირგო 50 ძირი კატალპა. სოფელ ახალუბნის საბავშვო ბაღისა და ეკლესიის მიმდებარედ 500 ლუგუსტრუმის, 20 ტუიას, 40 კიპაროსის, ხოლო ტინისხიდში, ტაძრების მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებისთვის ტუიას 30 და ლუგუსტრუმის 300 ნერგი დაირგო. ტუიას ნერგები დაირგო სოფელ ხელთუბნის სკოლის ეზოშიც.
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























