ნინო ბურჯანაძე - დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს

დარწმუნებული ვარ, პანკისის მოსახლეობა არ აჰყვება პროვოკაციებს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება გყავს უგუნური, მოსახლეობამ რა უნდა ქნას? მე მაინტერესებს, რა უნდოდა სპეციალური დანიშნულების რაზმს პანკისში? ახლა რატომ ვიწყებთ მოლაპარაკებებს? - ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს.

ნინო ბურჯანაძე პროვოკაციებს არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

„პირველ ყოვლისა, მადლობას ვუცხადებ პანკისის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დღეს ცდილობდა, ვითარება განემუხტა და კონფლიქტი არ გაღრმავებულიყო. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები. მინდა გავიხსენო, პანკისის ხეობის უხუცესების მიერ ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ წერილი, რომელიც ნამდვილად იყო ნიმუში, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდე საკუთარ ქვეყანას, თუ როგორ უნდა მიმართო ხელისუფლებას, როგორ ესაუბრო მათ, ვინც ქვეყნის ბედს წყვეტენ, თუმცა ჩვენმა უგუნურმა ხელისუფლებამ პანკისის უხუცესებს არ მოუსმინა არც ერთი წლის წინ. დარწმუნებული ვარ, პანკისის მოსახლეობა არ აჰყვება პროვოკაციებს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება გყავს უგუნური, მოსახლეობამ რა უნდა ქნას? მე მაინტერესებს, რა უნდოდა სპეციალური დანიშნულების რაზმს პანკისში? ახლა რატომ ვიწყებთ მოლაპარაკებებს? შს მინისტრი პანკისელებს მიმართავს და აცხადებს, რომ დები და ძმები ვართ. ეს არ არის შს მინისტრისთვის საჭირო ტერმინი, შს მინისტრი ასე არ უნდა საუბრობდეს. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმით შედის რეგიონში. მაინტერესებს, რა უნდოდა სპეციალური დანიშნულების რაზმს პანკისში? ახლა რატომ ვიწყებთ მოლაპარაკებებს? როგორც წესი, კონფლიქტის შემთხვევაში მხარეს ჯერ ელაპარაკებიან და შემდეგ იღებენ ზომებს. ხელისუფლება არაფერს უწევს ანგარიშს. წარმოიდგინეთ, რაც ხდება პანკისს ხეობაში და როდესაც ამ კადრებს უყურებენ ცხინვალში, აფხაზეთში, რა დასკვნა შეიძლება, გამოიტანონ? მე ვფიქრობ, მათი რეაქციების განჭვრეტას განსაკუთრებული პოლიტიკური ალღო არ სჭირდება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე აღნიშნულში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის ქვეყანას, როგორც კორპორაციას ისე მართავს.

დარწმუნებული ვარ, მსგავსი მოვლენები, რაც აფხაზეთსა და ცხინვალში ხდება, პანკისში არ განვითარდება, მაგრამ როდესაც არ უფრთხილდები იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არიან, ბუნებრივია, ამას გაცილებით მძაფრად აღიქვამენ საქართველოს იურისდიქციის გარეთ მყოფი აფხაზები და ოსები. ბატონო ბიძინა, ის რაც დღეს ხდება, იცით რისი ბრალია? იმის, რომ თქვენ როგორც კორპორაციას, ისე მართავთ ქვეყანას, იმის ბრალია, რომ თქვენ ბიზნესის და ფულის შოვნით წყვეტთ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს. მოგიხმობთ გონიერებისკენ, თქვენმა ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ ვითარება არ გამწვავდეს და ახალი კომფლიქტის კერა არ მივიღოთ, უნდა გესმოდეს რომ საქართველო არის მძიმე რეგიონი და ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.