ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2019

ვახტანგ ძაბირაძე - “არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს”

არეულობა პანკისში - დრამატული დაპირისპირების შემდეგ ჰესის მშენებლობა შეჩერდა

“ქალაქის მერი ძმაკაცებს “კრიშავს” - ელისაშვილი

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს”

“მას შემდეგ, რაც ივანიშვილი “იმედის” ეთერში გამოვიდა, დაპირებების მიზერული ნაწილის შესრულების იმედიც აღარ მაქვს. ივანიშვილი მზად არ არის ისეთი რადიკალური ცვლილებებისთვის, როგორიც ქვეყანას სჭირდება. არ გამოვრიცხავ, რომ იგი პოლიტიკიდან წასასვლელ გზასაც ეძებდეს - ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ეს ვერსია თავისთავად ჩნდება. დაპირებების შესრულების დასაწყებად ივანიშვილმა სხვა რაღაც უნდა გააკეთოს - მთელი მთავრობის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს, ბახტაძით უნდა დაიწყოს და არა ეკონომიკის მინისტრით... რაღაც ცვლილებები, ალბათ, იქნება, თუმცა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ეძებს გზებს, როგორ დატოვოს პოლიტიკა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთელი მთავრობის რეორგანიზაციაა საჭირო, მაგრამ...” / “რა ხდება “ოცნებაში”? ნუთუ ვერ აანალიზებენ, რომ ეს პატარ-პატარა ჯგუფები იქცევა დიდ ტალღად, რომელსაც აღარც ფული უშველის და აღარც რეპრესიული მანქანა?” / “თუ “ოცნებამ” წააგო რომელიმე რაიონი, განსაკუთრებით - ზუგდიდი, მთაწმინდა და მარნეული, ეს მათთვის კატასტროფა იქნება”.

“საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესები ალოგიკურია. რით არის ეს გამოწვეული - ვერ აფასებენ სიტუაციას, თუ ჰგონიათ, რომ მაინც ყველაფერს გააკეთებენ, ამის განსაზღვრა ჯერჯერობით მიჭირს. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე, რომ `ოცნებას" ისეთი ნაბიჯი გადაედგა, რასაც საზოგადოება ნეიტრალურად მაინც შეხვდებოდა, იქნება ეს მოსამართლეების საკითხი, ტექდათვალიერება თუ ტაქსების რეფორმა. ყველაფერი საზოგადოების სურვილების საპირისპიროდ კეთდება. რატომ იქცევიან ასე? რა ხდება “ოცნებაში”? ნუთუ ვერ აანალიზებენ, რომ ეს პატარ-პატარა ჯგუფები იქცევა დიდ ტალღად, რომელსაც აღარც ფული უშველის და აღარც რეპრესიული მანქანა? ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ხელისუფლების პირველი პირები მაინც ნელ-ნელა ცდილობენ, გაეცალონ პოლიტიკას და მიიღონ გარანტიები, როგორც მათმა წინამორბედებმა. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს, როგორც თავის დროზე შევარდნაძე ეძებდა ხერხს, როგორ გასცლოდა პოლიტიკურ სივრცეს. მისი ქმედებები ამას ჰგავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება ხმებს, რომ თურნავა “ჩხარტიშვილის კადრია” - არის თუ არა მისი კადრი, არ ვიცი, მაგრამ თუ ასეა, გამოდის, რომ ორი არაფორმალური მმართველი გვყოლია - ერთი ივანიშვილი და მეორე ჩხარტიშვილი. სადაც კი გაიხედავ, ბიზნესში ყველგან ჩხარტიშვილის სახელი ფიგურირებს. გამოდის, რომ ივანიშვილი ცალკე ქვეყანას მართავს არაფორმალურად, ჩხარტიშვილი კი ცალკე - ეკონომიკასა და ბიზნესს, ან გაიყვეს სფეროები და ივანიშვილი ყველაფერს მართავს, ჩხარტიშვილს კი თავისი სფეროები აქვს... თუმცა თურნავას ჩხარტიშვილის კადრობასთან დაკავშირებული ლაპარაკი ოპოზიციის პოლიტიკური პიარი უფრო მგონია, ვიდრე რეალობა და თუ მაინც ჩხარტიშვილი განაგებს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებს, მაშინ აჯობებს, ის დანიშნონ პრემიერ-მინისტრად...”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ქართულმა ოცნებამ” შუალედური არჩევნები არსად არ უნდა წააგოს. ეს იქნება მისთვის კატასტროფა, მაგრამ ჯერჯერობით წინასაარჩევნო აქტიურობა არ დაუწყიათ. არ ჩანს, რომ ხელისუფლება მონდომებულია, გაიმარჯვოს. შესაძლოა, თვლიან, რომ ჯერ ადრეა და არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე გააქტიურდებიან. ამჟამად ზუსტად ისეთი ვითარებაა, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ იყო. მაშინ ცოტა უფრო გამოფხიზლებული იყვნენ, მაგრამ საარჩევნო კამპანიის ტემპი დაახლოებით ასეთივე იყო. რა შედეგს მოიტანს ეს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ “ოცნებამ” წააგო რომელიმე რაიონი, განსაკუთრებით - ზუგდიდი, მთაწმინდა და მარნეული, ეს მათთვის კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს, რომ “ოცნების” რეიტინგი კატასტროფული სიჩქარით დაიწყებს ვარდნას, ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს, თუ, რა თქმა უნდა, არჩევნების წაგებას არ გეგმავენ”, - განაგრძობს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “მაშინ, ამ ლოგიკით, ივანიშვილი ამ არჩევნებზე ბევრ ფულს აღარ დახარჯავს? ეს კი ნიშნავს, რომ “ოცნებას” მოუწევს, არჩევნებზე დამარცხებას შეეგუოს...” - პასუხობს:

“ვერ გეტყვით, შეიძლება ბევრი ფული დახარჯოს, მაგრამ მაინც წააგოს. როცა საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, ფული შედეგს არ იძლევა. 2012 წელს სააკაშვილსაც შეეძლო განუსაზღვრელი რაოდენობით ეხარჯა ფული, მაგრამ შედეგი არ იქნებოდა. შევარდნაძესაც შეეძლო ეს 2003 წელს. როცა სიტუაცია მომწიფდება, საქმეს ფული აღარ შველის”.

“რულოვსთან წაგება, თანაც - ზუგდიდში, რომელიც სააკაშვილთან ასოცირდება, ნიშნავს, რომ სააკაშვილმა გაიმარჯვა და ეს იქნება მმართველი ძალისთვის ყველაზე მტკივნეული დარტყმა. ამიტომ თუ ხელისუფლებას სადმე რამე შეუძლია და რამე რესურსი აქვს, ყველაფერს სწორედ ზუგდიდისკენ მიმართავს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მთაწმინდა, მაგრამ იქ დამარცხება ისეთი ცუდი არ იქნება “ოცნებისთვის”, როგორიც ზუგდიდში. მარნეულში დამარცხებასაც მოუძებნიან გამართლებას, ასე რომ, მთელი ამ არჩევნების ეპიცენტრი არის ზუგდიდი. ვნახოთ, რა იქნება. შემოდგომაზე, ალბათ, გამოჩნდება, ვის რა და როგორ უნდოდა. ამ შუალედურ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები, დავინახავთ, რა გველოდება. ამ არჩევნებს, შესაძლოა, საპროტესტო ტალღა მოჰყვეს, ვნახოთ, მაგრამ არ ველოდები, რომ ის მძლავრი იქნება. საზოგადოებრივი აზრი მომწიფებულია, თუმცა არა იმდენად, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ოპოზიციაში არ არსებობს არც ერთი მიმზიდველი პოლიტიკური ძალა, რომელიც ნეიტრალურ ამომრჩეველს ქუჩაში გამოიყვანს”, - ამბობს ანალიტიკოსი.

“ოპოზიციური სპექტრიც ახლა იწყებს გადაჯგუფებას. ჯერჯერობით ოპოზიციაშიც და საზოგადოებაშიც მიმდინარეობს ფორმის ძიება - რა ფორმით უნდა გაერთიანდეს ოპოზიციური სპექტრი და როდის. ეს ყველაფერი შუალედური არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთაწმინდაზე თითქმის ყველა ოპოზიციურმა ძალამ შავგულიძეს დაუჭირა მხარი, ასევე მოხდა ზუგდიდში სანდრა რულოვსთან დაკავშირებით. განსხვავებული ვითარებაა მარნეულში, სადაც რამდენიმე კანდიდატურაა. ოპოზიცია ჩამოყალიბდება შუალედური არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, როცა დაინახავს, რამ იმუშავა და რამ ვერა. თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა, უნდა გამოჩნდეს ახალი ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. სხვაგვარად ოპოზიციის შეტევა და საპროტესტო ტალღის აგორება რთული იქნება. ამ არჩევნების შედეგების გაანალიზებას მაის-ივნისი მოუნდება, ამიტომ სექტემბრიდან ან ოქტომბრიდან ველოდები უფრო ჩამოყალიბებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსაც და თუ აქციების დაწყება იქნება საჭირო, ამასაც. შემდეგ ეს ტალღა პირდაპირ წავა საპარლამენტო არჩევნებისკენ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

არეულობა პანკისში - დრამატული დაპირისპირების შემდეგ ჰესის მშენებლობა შეჩერდა

“პანკისის ხეობაში ინციდენტი ჯერჯერობით ამოწურულია, თუმცა კვირას მომხდარი მოვლენები ალბათ კიდევ დიდხანს იქნება პოლიტიკოსებისა და საზოგადოების განსჯის საგანი. საერთო ჯამში, დაშავდა 27 ადამიანი - 15 პოლიციელი და 12 ადგილობრივი მცხოვრები; დამწვარი და დაზიანებულია პოლიციის რამდენიმე მანქანა; შეტაკებისას პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი, ადგილობრივებმა - ქვები, ჯოხები და “მოლოტოვის კოქტეილები”. ვითარების განმუხტვა მხოლოდ ინციდენტის ადგილზე შს მინისტრის ჩასვლის შემდეგ მოხერხდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით არეულობა პანკისში - დრამატული დაპირისპირების შემდეგ ჰესის მშენებლობა შეჩერდა.

“ომი გინდათ? - ომი იქნება. ჩხუბი გინდათ? - ჩხუბი იქნება. მშვიდობა გინდათ? -მშვიდობა იქნება” - ასე დაიწყო 21 აპრილს, დილით, პანკისში პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება. სოფელ ბირკიანის მცხოვრებლები ადგილზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, პოლიციამ კი აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ამის შემდეგ სიტუაცია უმართავი გახდა. დაახლოებით ერთსაათიანი დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე ადგილზე მივიდა და სოფლის სამი მცხოვრები მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე წაიყვანა. ამ შეხვედრას სამი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა ესწრებოდნენ. მოლაპარაკების პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ადგილობრივებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ კი სოფელ ბირკიანში დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ისევ დაიწყო, რადგანაც შსს-მ ხეობაში დამატებითი სპეცრაზმი შეიყვანა, რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. პანკისელები ამბობდნენ, რომ ისინი ხელისუფლებამ მოატყუა, რადგანაც რამდენიმე დღის წინ პანკისში იმყოფებოდნენ მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა, რომლებიც ადგილობრივებს დაჰპირდნენ, რომ ჰესის მშენებლობა არ დაიწყებოდა და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მათ სურდათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებას მართავს გარკვეულ ჯგუფებთან, პანკისელები კი არანაირ დათმობაზე არ წავიდოდნენ. “ჩვენ ჩვენს ჯანმრთელობას არ ვყიდით” - განმარტავდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც სპეცტექნიკასა და შეიარაღებულ სამართალდამცველებს ჯოხებით დახვდნენ. პანკისელები ამბობენ, რომ მათ ღმერთს შეჰფიცეს და დათმობაზე არ წავლენ, ჰესის აშენებას არ დაუშვებენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა, როცა ხეობაში ჩავიდა და დაჰპირდა, რომ ჰესების საკითხზე სხვადასხვა სამინისტროსთან თბილისში მოლაპარაკება გაიმართებოდა. მათ ადგილზე კარვები გაშალეს და ამბობდნენ, რომ რამდენი ხანიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს დარჩებიან. “არ მივცემთ უფლებას, აქ ჰესი აშენდეს. ღამეც დავრჩებით და დღეც. ცეცხლიც ავანთეთ და კარვებსაც გავშლით. აქ ასე შეიარაღებული შემოსვლა რა საჭირო იყო? ამხელა ჯარი უნდა შემოეყვანათ? მოგვატყუეს, ჰესს არ ავაშენებთო და მერე სპეცრაზმით მოგვიცვივდნენ. ღმერთს შევფიცეთ და აქ არაფერს არ დავთმობთ. ჩვენს ჯანმრთელობას არაფერზე არ გავცვლით”, - განაცხადა ადგილობრივმა დარეჯან ფარეულიძემ. ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში, 27 ადამიანი დაშავდა, 12 ადგილობრივი და 15 სპეცდანიშნულების რაზმის წევრი”, - განაგრძობს გამოცემა.

“დღის მეორე ნახევარში დაძაბული სიტუაციის განსამუხტად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში პირადად ჩავიდა, ჯერ დაშავებული პოლიციელები მოინახულა, შემდეგ კი ხეობის უხუცესებთან დახურული შეხვედრა გამართა. ერთსაათიანი მოაპარაკების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ დათმობაზე ყველა უნდა წავიდეს. “ჰესის მშენებლობა მანამდე გადაიდება, სანამ მოსახლეობის 90% თანახმა არ იქნება”. მოლაპარაკებიდან გამოსულმა გახარიამ კიდევ ერთი შეხვედრა მოსახლეობასთან გამართა. მინისტრმა ადგილობრივებს უთხრა, რომ მათი შეთანხმება ისე უნდა დასრულდეს, როგორც ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას ეკადრება, პოლიციისთვის ქვების სროლა კი გამოსავალი არ არის. თანაც დაჰპირდა, რომ ყველა კადრს ნახავს და გაარკვევს, ვინ გადააჭარბა ძალას და ვინ - არა. “ჰესის მშენებლობა მანამდე გადაიდება, სანამ მოსახლეობის 90% თანახმა არ იქნება და კომპანიასთან არ შეთანხმდება. მე აქ ჰესის გამო არ ამოვსულვარ, აქ იმის გამო ამოვედი, რომ ფორმიანებს ქვები ესროლეს. ქვის სროლა გამოსავალი არ არის. ბრძენმა უხუცესებმა თავისი სათქმელი გვითხრეს და ჩვენ ჩვენი სათქმელიც ვუთხარით. ეს შემთხვევა იყო უმძიმესი. ვინც შინაგან საქმეთა თანამშრომლებზე იძალადა, ისინი პასუხს მკაცრად აგებენ. ასევე, კომპანიას და ადგილობრივებს შორის გაიმართება მოლაპარაკება, სანამ შეთანხმება არ მოხდება. სპეცრაზმი დატოვებს ტერიტორიას, თუმცა პოლიციის გაძლიერებული ძალები ხეობაში დარჩებიან. ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ღიმილის მომგვრელი პროვოკაციული კითხვები აღარ დასვათ და ამ მოლაპარაკების მონაპოვარს გავუფრთხილდეთ”, - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა მინისტრმა. ამის შემდეგ გახარიამ ტერიტორია დატოვა და ინციდენტი, ფაქტობრივად, ამოიწურა, სოფელში სიტუაციაც დაწყნარდა”, - დასძენს გამოცემა.

“არ შეიძლება, ადგილობრივებს, რომლებსაც პროტესტი აქვთ, ასეთი ფორმით ვესაუბროთ. ეს სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს. არ შეიძლება ამ რაოდენობის პოლიციის მობილიზება, ეს მოსახლეობის კიდევ უფრო გაღიზიანებას იწვევს. ყოვლად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება და რამის მიღწევა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აუცილებელია ახსნა-განმარტება და ამ კუთხით შეთანხმების მიღწევა. “ყოველთვის მომხრე ვარ მოლაპარაკების. თავიდანვე რომ ნორმალური კომუნიკაციით მომხდარიყო, ადგილობრივებთან ამ დაპირისპირებას არ გამოიწვევდა. უხუცესების პოზიციაა, რომ თუ სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება, მას ხელი არ უნდა შევუშალოთ. შევეცადოთ, რომ კომპანიისგან მეტი სარგებელი მივიღოთ და ეს სოფლის მცხოვრებლებამდე მივიტანოთ. არ შეიძლება, რამდენიმე დღის წინ შეჰპირდე, რომ არ ააშენებ და მერე სპეცრაზმით ხეობაში გამოჩნდე. კომპანია ძალიან ბევრს გვპირდება და ეს თუ შესრულდა, სხვა საკითხია, მაგრამ მაინც ხალხი გადაწყვეტს ამ საკითხს. ჩვენ უხუცესები ვართ და ასეთ აქციებში არ ვერევით. ჩვენი სურვილია, რომ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ და ნუ გააღიზიანებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პანკისის უხუცესი ხასო ხანგოშვილი

“აუცილებელია მოლაპარაკება და მოსახლეობის ინფორმირება. არ ხდება სოფლის მცხოვრებლების შესაბამისი ინფორმირება. ვიღაც მათ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის და იმაზე მეტად ბერავს ამბავს, ვიდრე რეალურად არის. აუცილებელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხთან უფრო მჭიდრო კონტაქტში იყოს. იქ, რამდენადაც ვიცი, არის კატეგორია, რომელსაც სხვები მართავენ. ვერ გეტყვით, ვინ მართავენ, მაგრამ ისეთი კატეგორია არის იქ მისული, მაგათ რამე პრობლემაზე რომ ესაუბრო, ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ვიღაცები მართავენ, სათავეში უდგანან და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულია. უხუცესთა კავშირი ამ მოვლენებში არ ვერევით, რადგანაც ჩვენი პოზიცია სახელმწიფო ინტერესებს უკავშირდება და მისი ინტერესების წინააღმდეგ წასვლა არასდროს ყოფილა ჩვენი გეგმა. სიტუაცია სასწრაფოდ უნდა განიმუხტოს. ასე არ შეიძლება, ორივე მხრიდან გარკვეული მოლაპარაკებაა საჭირო. ამ ჰესის აშენება ასეთი ტრაგიკული და საგანგაშო არ არის, როგორც ადგილობრივების ინფორმირება ხდება. ვიღაც ეუბნება, რომ ხეობაში კატასტროფა მოხდება, რაც სწორი არ არის”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პანკისის კიდევ ერთი უხუცესი ზაურ გუმაშვილი.

“კავკასიოლოგსა და კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს პანკისში მიმდინარე მოვლენებზე კითხვები აქვს - ვის მოუვიდა თავში აზრად, რომ ბზობის დღესასწაულზე ჰესის მშენებლობა დაეწყო და საზოგადოებას მაქსიმალურად რატომ არ აუხსნეს, ამ ჰესის მშენებლობამ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ადგილობრივებს. “ძალიან კარგად მესმის, რომ ჰესის მშენებლობამ ეკოლოგიური თვალსაზრისით შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნას, მაგრამ იცის თუ არა ხალხმა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილია და მწვავე დეფიციტი გვაქვს. ასევე, გაუაზრებელმა მოხმარებამ ენგურჰესის დაზიანება გამოიწვია. ცალკე აფხაზები იყენებენ და ცალკე ჩვენ ვართ იძულებული, მისი სიმძლავრე მაქსიმალურად გამოვიყენოთ და არ დავასვენოთ. აქედან გამომდინარე, უაღრესად რთულ სიტუაციაში ვართ. დაპირისპირების დღის შერჩევა კი მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების შიგნით ზოგიერთები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარ თავს მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან. ნუთუ არ შეიძლებოდა იმ ვიღაცის თუ ვიღაცების გამოვლენა, რომლებიც, შესაძლოა, მოსახლეობას მცდარ ინფორმაციას აწვდიან? ხომ არ არის გამორიცხული, რომ ამ ყველაფრით ვიღაცა ხეირს ნახულობს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ პანკისის ხეობა საკმაოდ განსაკუთრებული რეგიონია და იქ შექმნილი ნებისმიერი დაძაბული სიტუაცია შეიძლება ქვეყნის მტრებმა გამოიყენონ, ასევე, სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებმა. ამის დაშვება როგორ შეიძლება, რაც მოხდა. ეს სირცხვილია საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის, ბოლო 7 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი მახსოვს”, - აღნიშნა არეშიძემ და დასძინა, რომ შორიდან კრიტიკა მარტივია, თუმცა ხელისუფლებას მდგომარეობა აქამდე არ უნდა მიეყვანა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ქალაქის მერი ძმაკაცებს “კრიშავს” - ელისაშვილი

“თაბორის მთაზე 3 ათასი კვმ მიწის სანაცვლოდ დეპუტატი ბექა ოდიშარია თბილისის მერიისგან მუხიანში 35 000 კვმ მიწის ფართობს მიიღებს - ამ გადაწყვეტილებას დედაქალაქის საკრებულომ კენჭი უკვე უყარა. ამ შეთანხმებას მხარი 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 6 წავიდა, რომელთა შორის იყო უმრავლესობის წევრი ლევან ჯაფარიძე. თავად ბექა ოდიშარიას თქმით, პროექტი, რომლის შექმნაზეც უკანასკნელი ათწლეული მუშაობდა, არც ერთი მთავრობისგან საჩუქრად არ მიუღია. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამ ფაქტს კორუფციას უწოდებს და ამბობს, რომ “ქალაქის მერი კახა კალაძე მეგობრების “კრიშაა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით “ქალაქის მერი ძმაკაცებს “კრიშავს” / “მაინტერესებს, 35 000 კვმ როგორ არის 3 ათასის შესატყვისი?!” / “თბილისის ხელმძღვანელებისთვის ქალაქი საშოვარი იყო და არა მოსავლელ-საზრუნავი სივრცე”.

“კალაძე გამოვიდა და გულის ამაჩუყებლად თქვა, ჩემს მეგობარსაც არ მივცემ ამ ქალაქში უკანონო რაღაცებით სარგებლობის უფლებასო. აცრემლებული ვიყავით, ქალაქს როგორი გადაფოფრილი მერი ჰყავსო, მაგრამ თურმე ერთი პატარა მიწის სანაცვლოდ ნახევარი თბილისი უჩუქებია ბექა ოდიშარიასთვის. კორუფციის გარდა, ამას სხვა რა უნდა დაარქვათ?! სამხარაულის ბიუროზე ამბობენ, მაგან შეაფასაო და მაინტერესებს, 35 000 კვმ როგორ არის 3 ათასის შესატყვისი. ასე ვაჭრობენ ჩვენი ქალაქითა და მიწებით... ამბობენ, ოდიშარია კალაძის მეგობარია, ერთ პარტიაში არიან და რაღაცას ჭუკჭუკებენ ერთად, თუ სადმე ყანწებით ვახტანგურადაც სვამენ, არ ვიცი. კალაძე ძმაკაცებს “კრიშავს”... ნარმანია ბოთე და უღიმღამო იყო, კალაძე უფრო ენერგიულია, შესაბამისად, კორუფციაშიც უფრო ენერგიულად არის ჩაფლული. ნარმანიას თავისი ჩრდილისაც ეშინოდა და ფეხის წვერებზე დადიოდა, კალაძეს არაფრის ეშინია და კორუფციაშიც თვალის დაუხამხამებლად მონაწილეობს,” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი.

“კალაძის უახლოესი მეგობარია “არქი ჯგუფის” მფლობელი ილია წულაია, დიდუბის მაჟორიტარი “ოცნებიდან”. სამტრედიელები არიან, ბავშვობის მეგობრები. კალაძე “არქი ჯგუფის” პირდაპირი “კრიშაა”,­ შეგიძლიათ ამოყაროთ სამშენებლო ნებართვები, როგორ ნებართვებს აძლევს და მფარველობს. ყველა დეველოპმენტი პარლამენტშია მოკალათებული, მაგალითად, სონღულაშვილი, და ყველას მფარველი კახა კალაძეა. დარწმუნებული ვარ, თავადაც ხეირობს”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ამისთვის კალაძე ხომ გიგი უგულავასა კრიტიკებდა, გამოდის, იმავეს აკეთებს? ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” აშენებაც ხომ ამის გამო შეაჩერა?”, - პასუხობს:

“უგულავამდე იყო ზოდელავა, კიდევ უფრო ადრე ლეკიშვილი - თბილისის ხელმძღვანელებისთვის ქალაქი საშოვარი იყო და არა მოსავლელ-საზრუნავი სივრცე”.

“ოცნებაში” ერთადერთი რომან კაკულიას პოზიცია მომწონს. როგორც ჩანს, ისიც თანდათან ემიჯნება "ოცნებას". ვისურვებდი, მისი წევრი აღარ იყოს. ლევან კობერიძე ბესელიას დამქაში გახდა და ჩემთვის ძალიან გაუგებარი და გულდასაწყვეტია... რაც შეეხება ტაქსების რეფორმას - ეს უსინდისობაა. ამ ქალაქში სხვა მოსაგვარებელი პრობლემა ვერ ნახეს? თითქოს ყველაფერი გალამაზებულია და ერთი ტაქსებიღა დაგვრჩა. ეს ხალხი რა, კარგი ცხოვრებისგან ტაქსაობს? სახელმწიფო რომ სამსახურს ვერ აძლევს, იძულებული არიან თვითონ დაისაქმონ თავი, რომ ოჯახები არჩინონ. იმის მაგივრად, ხელი შეუწყონ, ადგნენ და ეძგერნენ ტაქსისტებს. სამარშრუტო ტაქსებს რომ მუხრუჭი არ იჭერს იმას მიხედონ... მეტრო ყოველდღე რომ ჩერდება, მაგას მიხედონ. მეტროს მოდერნიზება სჭირდება. ჩემს საარჩევნო პროგრამაში პირველი მეტროს მიხედვა იყო. მეტროს შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს და ამისთვის მეტი ფულის დახარჯვაა საჭირო. მჟავანაძის დროიდან ამორტიზებულია, კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია. კოსმეტიკურ რაღაცებს უკეთებენ. გამოვიდა მწყობრიდან, 70 წელია დაუღალავად მუშაობს. რადგან დადის, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმალურად არის. კალაძესა და ქალაქის მერიას თუ რამის გაკეთება უნდათ, ტაქსის ფერი კი არ უნდა შეარჩიონ, მეტროს გასაუმჯობესებლად დახარჯონ ფული”, - დაასკვნის თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო