ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2019

კვლევა თითქმის კატასტროფული შედეგებით - ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მეტი აქვს

რისთვის შემოვიდა საქართველოში რუსეთისთვის ყველაზე საძულველი ამერიკული ხომალდი

***

კვლევა თითქმის კატასტროფული შედეგებით - ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მეტი აქვს

“აჭარა, გურია, სამეგრელო და იმერეთი - ამ რეგიონების ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. მასშტაბური კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა "იუნისეფმა" ჩაატარა და დადგინდა, რომ გამოკვლეული ბავშვების 41%-ში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მაღალია. ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია, სადაც ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კვლევა საყურადღებოა, მაგრამ არა - საგანგაშო და კვლევა დამატებით ჩაუტარდებათ იმ ბავშვებს, რომელთა სისხლშიც ტყვიის მომატებული შემცველობა აღმოჩნდა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "კვლევა თითქმის კატასტროფული შედეგებით - ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მეტი აქვს"

"მინისტრის თქმით, კვლევის შედეგად პოზიტიური ნაწილიც აქვთ, ბავშვების გონებრივი განვითარება აბსოლუტური ნორმის ფარგლებშია. "კვლევის შედეგებმა დაგვანახა შემდგომი ეტაპების საჭიროება, რომელიც უკვე დაწყებულია. ყველა იმ ბავშვთან, რომლებსაც აღმოაჩნდათ მომატებული რაოდენობა, და მათი ოჯახის წევრებთან განმეორებითი კვლევები ჩატარდება, რასაც დაემატება გარემოს სინჯების აღება. "ჩვენ გვაქვს პოზიტიური ნაწილიც - 16 ბავშვთან, რომლებსაც ყველაზე მეტად ჰქონდათ მომატებული (ტყვიის შემცველობა), უკვე ჩავატარეთ განმეორებითი კვლევა. საბედნიეროდ, მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარება აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია და ამ მხრივ არანაირი გართულება არ არის", - აღნიშნა სერგეენკომ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გამოკვლეული 1578 ბავშვიდან დაახლოებით 650-ს ჩაუტარდება დამატებითი კვლევა, რასაც სახელმწიფო დააფინანსებს. "სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ინტერვენციებსაც, სადაც პედიატრის დანიშნულებით ჩარევა იქნება საჭირო. ჩარევა ძირითადად გახლავთ რკინის, კალციუმის, პრეპარატების, ვიტამინების მიცემა. ასევე მონიტორინგი მოხდება გარკვეული პერიოდულობით“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სხვადასხვა მიდგომაა პროტოკოლში, თუ როგორი ინტენსივობით უნდა გაიმეორო ტყვიის ანალიზი. პროგრამის მიხედვით, ამ ყველაფერს სახელმწიფო დააფინანსებს. ამავე დროს, 19 აპრილის განკარგულების თანახმად, ოთხმა სამინისტრომ - ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის - ხანგრძლივვადიანი პროგრამა უნდა შეიმუშაოს", - აღნიშნავს გამყრელიძე. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მეორე სტრატეგიული ამოცანაა ტყვიის წყაროს პოვნა. "რაც შეეხება რეგიონებს შორის სხვაობას, ჩვეულებრივ, ასეთი განსხვავება რამდენიმე დასკვნის საშუალებას იძლევა ხოლმე. პირველ რიგში ეს არ არის მუდმივმოქმედი ინდუსტრიული კომპონენტი, რადგან ყველაზე დიდ ქალაქში, თბილისში ბევრად ნაკლებია, ვიდრე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. "მეორე, ეს გვაფიქრებინებს, ხომ არ არის გამოხატული ე.წ. "კლასტერიზაცია". ანუ ამ რეგიონებში თუ არის რაიმე ისეთი არეალები, ათწლეულების წინანდელი წყარო - ძირითადად საწვავი და საღებავი, რომელიც ნიადაგში დიდხანს რჩება ხოლმე და განაპირობებს მომატებულ შემცველობას. ამაზეც აღებულია სინჯები და პირველი ეტაპის პასუხები ძალიან მალე გვექნება", - თქვა დავით სერგეენკომ“, - განაგრძობს გამოცემა.

"ოთხშაბათს, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფ-ის) დახმარებით ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ რეგიონების მიხედვით. ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია. კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია. 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო მეტ ბავშვს აქვს მომატებული დასავლეთ საქართველოში, ვიდრე აღმოსავლეთში. სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ზე მეტი აქვს: აჭარაში - ბავშვების 85%-ს, გურიაში - 73%-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 71%-სა და იმერეთში - 61%-ს. ხოლო 10 მკგ/დლ-ზე მაღალი ან ტოლი შემცველობა აჭარაში მცხოვრები ბავშვების 50%-სა და გურიაში მცხოვრები ბავშვების 44%-ს აქვს მაშინ, როცა შიდა ქართლსა და კახეთში ეს მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს“, - დასძენს გამოცემა.

"ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, მრავალინდიკატორული, კლასტერული კვლევა ჩატარდა. ტყვიის დონის განსასაზღვრად ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისაგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხვდა შემთხვევითი პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ლაბორატორიაში. ტყვიის შემცველობა ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის ორგანიზმში, იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გონებრივი განვითარების შეფერხებას და ა.შ. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, საიდან ხვდება ბავშვების სისხლში ტყვია. ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. ცნობისათვის, აპრილის დასაწყისში გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ერთმა ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევა, რამდენად მაღალია ტყვიის შემცველობა პროდუქტებში. კვლევა ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითმა კვლევების ცენტრმა ჩაატარა და კვლევის შედეგად ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, ასევე რიგ სათამაშოებსა და სუნელებში, განსაკუთრებით - ყვითელ ყვავილში. კვლევის მიხედვით, ტყვიის დონე დასაშვებ ზღვარზე 200-ჯერ მაღალი იყო სამშენებლო და სარემონტო მასალებში და ითქვა, რომ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სახლებში რემონტი ჩაატარეს. ამ კვლევამ დიდი ხმაური გამოიწვია. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ დააანონსა, რომ ერთ თვეში გამოაქვეყნებდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და "იუნისეფის" მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგებს ბავშვთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობის საკითხზე და, დიდი ალბათობით, ამ დასკვნის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად საგანგაშოა ვითარება ქვეყანაში“, - წერს სტატიის ავტორი.

რისთვის შემოვიდა საქართველოში რუსეთისთვის ყველაზე საძულველი ამერიკული ხომალდი

"რუსეთს ყველაფერზე, რაც მისი საზღვრების სიახლოვეს ხდება, ავადმყოფური რეაქცია აქვს; ის ამის წინააღმდეგ წავა და ასევე, საპასუხო მცდელობებიც ექნება. რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი გააძლიერებს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის კიდევ უფრო მილიტარიზაციას და ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე დამატებითი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას მოახდენს" - ასე აფასებს „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის „დონალდ კუკის" შემოსვლას. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ხომალდი, სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი" გამოჩნდა; იგი ბათუმის პორტს ეწვია და ქართველ კოლეგებთან, სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან დაგეგმილ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. წვრთნების მიზანი იყო, მიუხედავად რუსეთის აგრესიული ქმედებისა, დემონსტრაციის მოწყობა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში გადაადგილება თავისუფალია“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რისთვის შემოვიდა საქართველოში რუსეთისთვის ყველაზე საძულველი ამერიკული ხომალდი / რას ნიშნავს „დონალდ კუკის“ გააქტიურება შავ ზღვაში და როგორ გეგმავს რუსეთის აგრესიის შეჩერებას

"ალადაშვილის განცხადებით, მსგავს მანევრს ამერიკული მხარე წელიწადში რამდენჯერმე ახორციელებს და ამჯერად, ის საქართველოს ეწვია. „დონალდ კუკი" აშშ-ს სარაკეტო სამხედრო ხომალდია, ის შავ ზღვას ტრადიციულად წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს. ასე რომ, გუნდი ერთხელ ბათუმსაც ესტუმრა, ამაში სიახლე არაფერი არაა. „რუსეთს კონკრეტულად „კუკთან" დაკავშირებით პირადი დაპირისპირება აქვს. როდესაც „კუკი" შავ ზღვაში იყო შემოსული, მის თავზე რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა გადაიფრინა და ეს დაპირისპირებაც სწორედ იმ პერიოდიდან იწყება. „მიუხედავად იმისა, რომ ამ სანაპიროს პერიმეტრს ნატო ან მისი მეგობარი ქვეყნები აკონტროლებს, შავ ზღვაში დღეს ყველაზე ძლიერ ძალას სწორედ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი წარმოადგენს, რომლის გადაიარაღება რუსეთმა სწრაფი ტემპებით დაიწყო," - აღნიშნა მან“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი თქმით, 21 დღის შემდეგ ამ ხომალდს რეგიონის დატოვება მოუწევს: „შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების ჯგუფი ყოფნა დასაშვებია არა უმეტეს 21 დღე-ღამისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამ ხომალდების ჯგუფმა აუცილებლად უნდა დატოვოს შავი ზღვის აკვატორია. თუ კონვენცია შენარჩუნდა, როგორც ამერიკელებს, ასევე შავი ზღვისპირა ქვეყანებს, თავიანთი სახომალდო ჯგუფების სამ კვირაში ერთხელ ცვლა მოუწევთ. „დღეს შავი ზღვის აკვატორიაში დარღვეულია ერთგვარი პარიტეტი, რომელიც თავის დროზე ცივი ომის დროს იყო დამყარებული. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როდესაც შავის ზღვისპირა ქვეყნებს მხოლოდ საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა, - საბჭოთა ბანაკში შემავალი რუმინეთი და ბულგარეთი. ნატო-ს ერთადერთი ქვეყანა, - თურქეთი წარმოადგენდა. „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შავი ზღვისპირა ქვეყნებიდან რუსეთი აკონტროლებს თავის ნაწილს, თუმცა ამას უნდა დავუმატოთ ოკუპირებული აფხაზეთის და ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპირო ზონებიც," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი