„ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე - საქართველოში არის საკეისრო კვეთების პანდემია

საქართველოში არის საკეისრო კვეთების პანდემია და პროცენტული მონაცემები, გაცილებით აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ 10-15 პროცენტიან ზღვარს, - ამის შესახებ „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკეისრო კვეთებით ჩატარებული მშობიარობის გამო, დედათა და შვილთა ტრავმატიზმი და სიკვდილიანობა გაიზარდა.

ასევე, მისი თქმით, საკეისრო კვეთის შედეგად, „მრავალმა ქალმა დაკარგა საშვილოსნო".

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია რეკომენდაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით, მშობიარეთა 10-15 % შეიძლება დასრულდეს საკეისრო კვეთის ოპერაციით. ჩვენს ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა. საქართველოში არის საკეისრო კვეთების პანდემია და პროცენტული მონაცემები გაცილებით აღემატება ჯანდაცვის მიერ მოწოდებულ 10-15 პროცენტიან ზღვარს.

მაგალითად, 2013 წელს, სტატისტიკური მონაცემებით, 37,3 პროცენტი იყო საკეისრო კვეთების წილი და 2016 წელს მოხდა ის, რომ ინიცირებული იქნა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ეს საკითხი და სამინისტრომ გარკვეული ფიქსირებული პროცენტი დაუწესა სამშობიარო სახლებს. საკეისრო კვეთების ეს ფიქსირებული პროცენტი მეორე დონის კლინიკებისთვის იყო - 40 %, ანუ თუ ორსულს სჭირდება, რომ მშობიარობა დასრულდეს საკეისრო კვეთის ოპერაციით, მაგრამ ვერ მოხვდა 40% -იან ზღვარში, ამ შემთხვევაში კლინიკა და ექიმი ჯარიმდება. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ჩვენს რეალობაში გაჩნდა ახალი ტერმინი - "მორბენალი მშობიარეები", რაც ნიშნავს, რომ პაციენტი ეძებს კლინიკას, სადაც მას გაუკეთებენ საკეისრო კვეთის ოპერაციას. საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ საკეისროს რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი შემცირდეს, მაგრამ არა იმ კანონით, რომელიც 2016 წელს იქნა მიღებული. ამ კანონმა მრავალი კატასტროფული შედეგები გამოიწვია. კანონის მიღების შემდეგ, საკეისროების რიცხვი არ შემცირებულა, არამედ უბრალოდ გადანაწილდა სხვადასხვა კლინიკებში. მეორე, რომ გაიზარდა დედათა და ჩვილთა ტრავმატიზმი. გვაქვს ინფორმაცია, რომ გაიზარდა ჩვილთა სიკვდილიანობა და გაიზარდა ქისტერექტომიების რაოდენობა. მრავალმა ქალმა, გართულების შედეგად, დაკარგა საშვილოსნო.

რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში არის 51% საკეისრო კვეთების რაოდენობა, იმერეთში - 41%, აჭარაში - 40%, თბილისის მასშტაბით - 37%, კახეთში - 38,5 % და ისმის კითხვა: რა ქნას კლინიკებმა, როცა არის ამდენი გადატანილი საკეისრო კვეთის ოპერაცია?! როგორ ხდება განსაზღვრა გასაკეთებელია თუ არა ჩვენებით საკეისროს ოპერაცია“, - განაცხადა სალომე ლოლუამ.

მისი თქმით, დაჯარიმებული კლინიკების თანხები არის კოლოსალური, იწყება 40 000 ლარიდან და 360 000 ლარამდე ადის.

მისივე თქმით, აღნიშნულმა ჯარიმებმა გამოიწვია ის, რომ "მრავალი სამშობიარო სახლი დაიხურა და ბევრი ექიმი დარჩა უხელფასოდ და სამსახურის გარეშე".

ამასთან, მისივე თქმით, „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია" მშობიარეთა საკეისრო კვეთის ჩატარების პროცენტული მაჩვენებლის საფუძველზე, სამშობიარო კლინიკების დაჯარიმების შეჩერებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა