რუსთავის 22-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავის მერიისა და ფონდ „ორბელიანი-საქართველოს“ თანადაფინანსებით, გახორციელებული პროექტის - „მწვანე კედელის“ ფარგლებში, #22 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გამწვანების აქცია გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შეძენილი იქნა შრომის იარაღები და ინვენტარი. დღეს კი სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 200 ხის ნერგი დარგეს.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა და ფონდ „ორბელიანის“ წარმომადგენლებმაც მიიღეს.
პროექტ „მწვანე კედლის“ განხორციელების იდეა #22 სკოლის უფროსკლასელებს ეკუთვნის, პროექტის მიზანია, სკოლის წინ ქარსაცავი ზოლის აღდგენა და მოსახლეობისთვის ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნა.
„მწვანე კედელი“ რუსთავის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ორბელიანის’’ ერთობლივი პროექტიდან - „რუსთავი ჩვენი მომავალია“ ერთ-ერთია, რომელიც კონკურსის წესით შეირჩა.
პროექტები ახალგაზრდებმა ორგანიზაცია „ორბელიანის“ ონლაინ პლატფორმაზე ატვირთეს. წარდგენილი 40 პროექტიდან პირველ ეტაპზე 14 განხორციელდება.
„მწვანე კედელი“ რიგით მეოთხე პროექტია, რომელიც „რუსთავი ჩვენი მომავალია“-ს ფარგლებში განხორციელდა.
„ორბელიანი-საქართველოს“ და რუსთავის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რუსთავში სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივის მხარდაჭერა ხდება.

























