ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2019

პანკისელები არც ჰესის მშენებლობას დაუშვებენ და არც თანასოფლელების დაკავებას

არჩილ გამზარდია - “პანკისის მოსახლეობა თავდაცვით რეჟიმშია რადგანაც იციან, რომ მარტო მათზე უნდა გადატეხოს სახელმწიფომ ჯოხი”

ერთგვარი საყვედური “ოცნებას” ვაშინგტონიდან მოსამართლეებზე კანონპროექტის გამო

* * *

პანკისელები არც ჰესის მშენებლობას დაუშვებენ და არც თანასოფლელების დაკავებას

“პანკისის ხეობაში 21 აპრილს მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ, 24 აპრილს მოსახლეობამ ხეობაში საგანგებო თათბირი ჩაატარა. ადგილობრივების თქმით, ხეობა ერთსულოვანია და დაძაბულობა არავის სურს. თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სახალხო კრება დაწერს ტექსტს. კრება პანკისის ყველა სოფლიდან სამ-სამი წარმომადგენლით დაკომპლექტდება. დაძაბულობის ასაცილებლად მთავრობის სახელზე განცხადებით გამოვლენ, სადაც ხეობაში პოლიციელებთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მოსალოდნელი დაკავების შესახებ იქნება საუბარი. ასევე, ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ დროებითი საგუშაგოების მონტაჟი დაიწყო. სოფელ ძიბახევის ტერიტორია, სადაც ორი დღის წინ სპეცრაზმელებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა, ახლა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და იქ 50-მდე პოლიციელი იმყოფება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საგანგებო თათბირი პანკისში - ადგილობრივები არც ჰესის მშენებლობას დაუშვებენ და არც თანასოფლელების დაკავებას / “ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება და ჩვენი შეშინება უნდოდათ”.

“ამონტაჟებენ დროებითი განთავსების პუნქტებს, სადაც დაცვის პოლიცია ჩადგება. ადგილობრივები "რეზონანსთან" ამბობენ, რომ ჯერჯერობით მათთვის არავის არაფერი აუხსნია, რატომ ხდება ადგილზე დაცვის პოლიციის განთავსება, ან რა არის დასაცავი. მათი თქმით, დასმულ კითხვაზე - რატომ ჩადგეს ჯიხურები სოფელ ძიბახევში, მათ უპასუხეს, რომ სკვერის გაშენებას აპირებენ. პანკისელები ამბობენ, რომ მათთვის სამართალდამცველებთან დაპირისპირების ის ფორმა, რაც კვირას მოხდა, მიუღებელია, თუმცა თუ პოლიცია ინციდენტში მონაწილეების დაკავებას დაიწყებს, მაშინ სანქციები მთელი სოფლის მოსახლეობაზე უნდა გავრცელდეს. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, პოლიციას ჩაბარდეს, რადგან მათთვის რომელიმე თანასოფლელის გამორჩევა და დაკავება მიუღებელია. მოსახლეობა ამბობს, რომ რაც ხეობაში კვირას მოხდა, სადამსჯელო ღონისძიება იყო. ერთი რამ უკვე ცნობილია, პანკისელები არც ჰესის მშენებლობას დაუშვებენ და არც კვირას მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე თანასოფლელების დაკავებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გაუგებარია, როგორ უნდა შეარჩიონ ადამიანები, ვის დაკავებასაც გადაწყვეტენ. ერთმა თუ ისროლა, ამ ხეობის ნასროლია, გუნდური ნასროლია. მთელი პანკისი აგებს პასუხს და მზად ვართ, დასმულ კითხვაზე პასუხი გავცეთ. ეს იყო ჩვეულებრივი სადამსჯელო ღონისძიება და ჩვენი შეშინება უნდოდათ. ჰესის მშენებლობის საკითხი საერთოდ დაიხურა და ამით საქმე კიდევ უფრო გააფუჭეს”, - ამბობს ადგილობრივი ემზარ ტოხოსაშვილი. როგორც ადგილობრივები “რეზონანსთან” ჰყვებიან, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ არც ერთი ადგილობრივი ჯერჯერობით სამართალდამცველებს დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. გამოძიება დაწყებულია, თუმცა პანკისელები ამბობენ, რომ საქმეში მხოლოდ სპეცრაზმელებისა და პოლიციის ჩვენებები დევს. ადგილობრივების შეფასებით, დაპირისპირება სამართალდამცველებთან მათთვის პროტესტის მისაღები ფორმა არ არის, თუმცა თუ პოლიცია მათ დაკავებას დაიწყებს, მაშინ სანქციები მთელი სოფლის მოსახლეობაზე უნდა გავრცელდეს, რადგან წინააღმდეგობა სპეცრაზმს ყველა მცხოვრებმა გაუწია”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილი ამბობს, მათ არ უთქვამთ, რომ ხეობაში ჰესის აშენების მომხრეები არიან. არ ყოფილა მოსახლეობის სრული თანხმობა და გაუგებარია, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება და მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ხეობაში ვინმე მშენებლობას ეთანხმებოდა. “ხეობის არც ერთ მოსახლეს არ უთქვამს, რომ თანახმანი არიან. თანხმობის არც ერთი სიტყვა არ არის ამოსული პირიდან. რასაც გვაბრალებენ, ჩემთვის ეს უცნობია. ჩვენ ზოგიერთი ხალხი ბრალს გვდებს, ვითომ ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე, ჩვენ შევაცდინეთ ხალხი, რომ ვითომ ჩვენ ვართ თანახმა, აშენდეს ჰესი. ამისთვისაც გვინდა, ხალხს შევხვდეთ. სამოქმედო გეგმაზე იქნება საუბარი, კომპრომისი იყოს, მოლაპარაკება ჩატარდეს და იყოს მშვიდობა. არეულობა არ გვინდა. არეულობას უნდა ვერიდოთ”, - განაცხადა ზელიმხან წუწაშვილმა. კომპანია “ფერის” დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ ჰესის ასაშენებლად ყველა საჭირო პროცედურა გავლილი აქვთ და მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. იგი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს იმ ჯგუფებს, რომლებიც ჰესის მშენებლობის შემდეგ რეგიონში შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ. “ჩვენ ვართ შოკირებული ამ მოვლენებიდან გამომდინარე. ძალიან მძიმე დღეები გადავიარეთ, მოგეხსენებათ. მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ინვესტორი კომპანიის გადასაწყვეტი, როგორ გაგრძელდეს იქ მოლაპარაკება იქნება, ჰესის საერთოდ გაჩერება იქნება, გაგრძელება იქნება თუ როგორ იქნება”, - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი, რომლის თქმით, “ეს იქნება ალბათ ერთიანი პოზიცია სახელმწიფოსი”, - დასძენს გამოცემა.

არჩილ გამზარდია - “პანკისის მოსახლეობა თავდაცვით რეჟიმშია რადგანაც იციან, რომ მარტო მათზე უნდა გადატეხოს სახელმწიფომ ჯოხი”

“საერთოდ, დემოკრატიის ანბანი ასწავლის საჯარო მოხელეებს, სახელმწიფო სექტორს და ხელისუფლებას, რომ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც ისინი იღებენ, უნდა იყოს თანამონაწილე საკუთარი მოსახლეობა. შესაბამისად, როდესაც რეგიონში რაიმეს ახორციელებენ, ეს აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული მოსახლეობასთან, ან ძირითადი ნაწილის მაინც უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს. უნდა მოახერხონ დაარწმუნონ - ეს მისია ხელისუფლებას ბუნებრივია აკისრია. პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან ყოველთვის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ხდება და მოსახლეობას გვაიძულებენ ხოლმე, რომ მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, მიუხედავად იმისა როგორ ვფიქრობთ ჩვენ... ამიტომ ეს არის თავი და თავი პრობლემისა რაც ხდება პანკისში, რაც მოხდა რაჭაში და სვანეთში. პრობლემა არის თავად ხელისუფლებაში და იმაში, რომ ისინი ვერ ახერხებენ ადამიანების დაყოლიებას”, - აცხადებს საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობის გადაყენების მოთხოვნას გავიზიარებდი” - გამზარდია.

“მნიშვნელოვანი პრობლემა და ერთ-ერთი სათავე არის ის, რომ ნდობა ხელისუფლების მიმართ იმდენად დაბალია, რომ ნებისმიერი იდეა, რომელიც შეიძლება ხელისუფლებას გაუჩნდეს, იდეაშივე ხშირად უკუგდებულია მოსახლეობისგან. ჩვენი მოსახლეობის სკეპტიციზმი მოდის ხელისუფლების ხშირი თავნებობისაგან, რომლის ქმედებებში ჩვენ სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ ინტერესებსა და მსახურების სუბსტანციას ვერ ვხედავთ, ეს უნდობლობა არის ძალიან ღრმა და ძალიან ფართო, არ მუშაობენ, საკმარისად ადამიანებს ვერ არწმუნებენ და მათ იდეებს ხშირად კეთილსინდისიერება აკლია. მინისტრთა კაბინეტის სრული უმრავლესობის გადაყენების მოთხოვნა რომ დადგეს, გავიზიარებდი ბოლომდე...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“უბრალოდ მე პრობლემას ვხედავ იქ, რომ მათი გადაყენებაც შესაძლოა არაფრის მომტანი იყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერაც ხელისუფლების ცალკეული წევრები შეიცვალა, პროგრესული ცვლილება არც ერთხელ არ მომხდარა, თორემ, მე სრულიად ვიზიარებ არამარტო ამ საკითხის გამო, ძალიან ბევრი საკითხის გამოც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების მოთხოვნას. უბრალოდ, ჩემი სკეპტიციზმი მოდის იქიდან, რომ არც ერთი საკადრო ცვლილება არ აღმოჩნდა პოზიტიური, პროგრესული და უფრო უკეთესი და სამწუხაროდ ამ საკითხს უკვე სკეპტიკურად ვუყურებ, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მთავრობა ფიქრობს, რომ პანკისი სენსიტიური რეგიონია და ამ რეგიონთან დაკავშირებულ თემებს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, მაგრამ ვიღაცა ხომ არის დამნაშავე, როგორ ფიქრობთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბრალეულება?” - პასუხობს:

“პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს მათზეც, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, ვინც მშენებლობაზე არ შეუთანხმდა მოსახლეობას, არ დაარწმუნა, ვინც სპეცრაზმი შეიყვანა, ვინც გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი და ასე შემდეგ. ეს ადამიანებიც უნდა იყვნენ თანაბარ პასუხისგებაში, ამიტომ, მხოლოდ მოქალაქეს ავკიდოთ პასუხისმგებლობა, რომ რატომ ესროლა ქვა პოლიციელს - ეს არის შერჩევითი სამართალი. პირადად მე, ცალკეული მოსახლეების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას მივიღებდი, თუკი ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებდა სახელმწიფო სექტორიც. პანკისის მოსახლეობა თავდაცვით რეჟიმშია. რადგანაც იციან, რომ მარტო მათზე უნდა გადატეხოს სახელმწიფომ ჯოხი. როგორ ესროლა ვიღაცა ბებიამ ქვა პოლიციელს და თვითონ არაფრის პასუხისმგებლები არ უნდა იყვნენ - დაწყებული ეკონომიკის სამინისტროდან, დამთავრებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი და ყველა სხვა დანარჩენი”.

ერთგვარი საყვედური “ოცნებას” ვაშინგტონიდან მოსამართლეებზე კანონპროექტის გამო

“მოსამართლეების თემაზე ყველაზე ხმაურიანი კანონპროექტის გამო ქვეყნის შიგნით არასამთავრობოების, ოპოზიციისა და ექსპერტების უკმაყოფილებას ახლა უკვე სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან გამოხატული უკმაყოფილებაც დაემატა. “სასამართლო რეფორმის თემაზე მიღებული კანონით ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ”, - ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა გააკეთა, რასაც თბილისში დიდი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხრიდან “ქართულმა ოცნებამ” ღია უკმაყოფილება და საყვედური მიიღო და ამაზე ხისტად დიპლომატები, როგორც წესი არ საუბრობენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიცია თარგმანით სპეკულირებს და ელჩმა არა იმედგაცრუება, არამედ წუხილი, სინანული გამოთქვა და თავადაც წუხს, რომ მათი და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია ერთმანეთს ვერ დაემთხვა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, აშშ-ის ელჩის განცხადება, რა თქმა უნდა, იმედგაცრუების გამოხატვა იყო იმის გამო, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად არ გაითვალისწინეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მძიმე პოლიტიკური ფასის მატარებელი” - მოსამართლეებზე კანონპროექტის გამო “ოცნებას” ერთგვარი საყვედური ვაშინგტონიდან.

“ამჯერად საჯაროდ საყვედური გამოუცხადეს ხელისუფლებას და რეალურად, დარწმუნებული ვარ, უფრო მძიმე საუბარი იქნებოდა კულუარებში, ვიდრე ეს ელჩმა საჯაროდ გააკეთა”, - ამბობს ძაბირაძე. მისი თქმით, ამერიკელი დიპლომატის განცხადებიდან ჩანს, რომ ვაშინგტონში არ აქვთ იმედი, რომ ასეთი შერჩევით მიღებული სასამართლო სისტემა იქნება საქართველოს მოსახლების ნდობის გამომხატველი. იმედი არ აქვთ, რომ სასამართლოსადმი ნდობა მოსახლეობაში გაიზრდება. ხელისუფლება რომ სტრატეგიული პარტნიორის რჩევებს არ ითვალისწინებს, ეს კრიტიკულ და კრიზისულ ვითარებაში ყოველთვის ცუდად მთავრდება. ახლა სასამართლოსადმი ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაშინ როცა წინ გვიდგას საკმაოდ რთული 2020 წლის არჩევნები. როგორც ჩანს, უფრო ამ კონტექსტში განიხილავენ ამერიკელები და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, ისე როგორც ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილიც სასამართლოსადმი ნდობას და არა მხოლოდ რაღაც კერძო სასამართლო დავებში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას აკისრებენ. თუ სასამართლოს გადასაწყვეტი გახდა რა და როგორ მოხდა არჩევნებში და სასამართლოსადმი ნდომა იქნება დაბალი, ეს ნიშნავს, რომ პროცესები გადავა ქუჩაში. სწორედ ესაა პრობლემა”,- აცხადებს ძაბირაძე. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ განწესების თაობაზე კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” კვირას მეორე მოსმენით მიიღო. მმართველმა პარტიამ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა, ის, რომ კანდიდატისათვის მოსამართლეთა გამოცდები სავალდებულო არ არის და მეორე, რაც ინტერესთა კონფლიქტს ეხება, თუ იუსტიციის საბჭოს წევრი კანდიდატად დასახელდება, ის შეფასებისას კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის დიდი მოთხოვნის მიუხედავად “ოცნებამ” არ გაითვალისწინა კიდევ 2 რეკომენდაცია, ერთი, რომ მოსამართლეების ნაწილი მომდევნო პარლამენტმა დაამტკიცოს და მეორე - კენჭისყრა უნდა იყოს ღია, უარის თქმა უნდა დასაბუთდეს და კანდიდატს გასაჩივრების უფლება მიეცეს. კანონპროექტი „ოცნების" გარდა ყველასთვის მიუღებელია და კეთდება განცხადებები, რომ ხელისუფლება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ თმობს. ქვეყნის შიგნით კანონპროექტით უკმაყოფილებას ახლა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაც დაერთო”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამერიკელი დიპლომატი როს უილსონი წუხს, რომ კანონმდებლობაში არ მოხდა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რომელიც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარუდგინეს. მისი თქმით, სასამართლო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია და აუცილებელია უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს იმ მოსამართლეებით, ვისაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა ექნება. “იმედი გვაქვს ამ რეკომენდაციებს განიხილავენ და იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმოქმედებს გამჭვირვალედ მოსამართლეთა დასახლების დროს. ამავდროულად ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტიც სრულად შეასრულებს ნაკისრ პასუხისმგებლობას და წარდგენილ კანდიდატებს გამჭვირვალედ და კრიტიკული თვალითაც განიხილავს. ეს აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს უზენაესი სასამართლოს ისეთი მოსამართლეები, როგორებიც სჭირდება დემოკრატიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის,” - განაცხადა როს იულსონმა. „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, როს უილსონის მიერ გამოთქმული წუხილი საყვედურია ხელისუფლებისადმი”, - დასძენს გამოცემა.

“შეიძლება, ითქვას, რომ ამერიკის ელჩის შეფასება საყვედურია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მართული სასამართლოს სახით დააყენა და ამას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით აქვს აღებული”, - განაცხადა სამადაშვილმა. “ოცნებიდან” წამოსული გედევან ფოფხაძის შეფასებით, ეს არის ღია უკმაყოფილება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. “მე მგონი, აშშ-ს ელჩის განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები არ არიან კმაყოფილი სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესებით. ვენეციის დასკვნა რომ უარყოფითია და არ არის გაზიარებული, აშშ-ს საელჩომ ეს მკაფიოდ დააფიქსირა. შეიძლება ვიღაც ადგეს და მაინც თქვას, რომ მადლობა აშშ-ს ელჩს მხარდაჭერისთვისო, მაგრამ ეს სირაქლემას პოზიციას ჰგავს... ეს საკანონმდებლო პროცესი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება. თუ ჩვენ წავალთ იმ გზით რა გზითაც მივდივართ, ყველა ჩვენ პარტნიორთან დავკარგავთ ნდობას და მივიღებთ მართლმსაჯულებას, რომელიც პოლიტიკური ისტებლიშმენტის პოლიტიკურ ინტერესებს არის მორგებული”, - ამბობს ფოფხაძე. მისი თანამოაზრე ეკა ბესელიას თქმით, ამერიკელი დიპლომატის განცხადება იყო ძალიან მკვეთრი”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბესელიას განცხადებით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ის არის იმედგაცრუებული, რომ რეკომენდაციები, რომელიც ერთობლივად შემუშავდა, არ გაიზიარა პარლამენტის უმრავლესობამ. ბესელიას თქმით, კიდევ არის შანსი დარჩენილი, რომ მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს კანონპროექტი. “თუ ეს ასე არ მოხდება და არ იქნება რეკომენდაციები გაზიარებული, ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის მატარებელი იქნება, გარწმუნებთ. თუ ჩვენს კოლეგებს კეთილგონიერება შერჩენიათ, უნდა მიხვდნენ, რომ ეს სიჯიუტე არ ვარგა”,- ამბობს ბესელია. ოპონენტების შეფასებებს არ ეთანხმება გია ვოლსკი. “პირდაპირ თარგმანში არის, რომ როს უილსონი გულდაწყვეტილია. სინანულს გამოთქვამს, რომ ჩვენი და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია ერთმანეთს არ დაემთხვა. ამ თარგმანით პოლიტიკურ წრეებში გარკვეული სპეკულირება მიმდინარეობს. თუმცა რეალობა შემდეგია - ჩვენც წუხილს გამოვთქვამთ, რომ ყველა პოზიცია ვერ დაემთხვა”, - აღნიშნავს ვოლსკი. ის გამორიცხავს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს და აცხადებს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს”, - დაძენს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა