გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეები არჩევნების გაყალბებაში ჩართული არიან

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეები ჩართული არიან არჩევნების გაყალბებაში.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო მოხელეებს დაევალათ იმ ნათესავების ზუგდიდში დარეგისტრირება, ვინც ზუგდიდში არ ცხოვრობს. მისი მტკიცებით, საჯარო მოხელეებს აღნიშნული დავალება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ მალხაზ თორიამ, შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავას მითითებით მისცა.

„როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ არ გამოსწორდება, კვლავ დაიწყეს საჯარო მოხელეების გამოყენება არჩევნების გასაყალბებლად. მათი კონტროლი ადგილზე დაევალა მალხაზ თორიას, რომელიც არის გუბერნატორის მოადგილე და შს მინისტრის მოადგილის ლევან კაკავას უახლოესი მეგობარი. თორიამ ჩაატარა თათბირი, სადაც დაიბარა ყველა საჯარო მოხელე და ღიად უთხრა, რომ ისინი კონტროლდებიან, მათ შორის უშიშროების მიერ. მათ დაევალათ, მოახდინონ თავიანთი ნათესავების მობილიზება, რომლებიც არ არიან ჩაწერილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მათ უნდა დაარეგისტრირონ ახლობლები ზუგდიდში საარჩევნო მიზნებისთვის, რათა არა ზუგდიდელებმა მიიღონ არჩვენებში მონაწილეობა და ხელი შეუშალონ ადგილობრივებს აირჩიონ მათთვის სასურველი მერი. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ იუსტიციის სახლში. ადგილზე მათი კოორდინატორი არის საჯარო მოხელე ელისო ჩემია. როგორც ჩანს მას კონკრეტულად დაევალა, რომ ეს პროცესი მართოს იუსტიციის სახლში. მინდა მალხაზ თორიამ იცოდეს, რომ ყველა ფაქტის შესახებ წვდომა გვაქვს. დეტალურ ინფორმაციას ის საჯარო მოხელეები გვაწვდიან, ვისაც მობეზრდა ამ პირობებში ცხოვრება. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები“, - აღნიშნა ზოდელავამ.

ზოდელავა გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას მოუწოდებს, რომ მან გააკონტროლოს მოადგილეების საქმიანობა, რადგან, მისივე თქმით, ისინი დავალებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა