არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძეს, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება, თუმცა მწარე გამოცდილება მაქვს და მარტივად არ ვუჯერებ

სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ, დასაბმელები და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა.

არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება.

„უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს ტერიტორიას 4 დღე და არ გიშვებს შენს ტერიტორიაზე, ნორმალური ამბავია?! ხალხს ისევ არ უშვებენ. მომლოცველები ადიან და არ უშვებენ მესაზღვრეები“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მას შემდეგ ჰქონდა, რაც ინფორმაციები დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე მედიაში გავრცელდა.

„ახლა რომ გამძაფრდა ვითარება, გავიდა ინფორმაცია, ხალხი აღელდა, გამოიღვიძეს. მეუბნებიან - დღევანდელი დღე გვაცადეთ და ყველაფერს მოვაგვარებთო, ჩვენმა საგარეომ და შსს-მ. მე ასე მარტივად არ ვუჯერებ, მწარე გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში, თუმცა ვნახოთ“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა.

როგორც ცნობილია, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. ფაქტზე განცხადება გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მათი განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა და საკითხის გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა