ქართული პრესის მიმოხილვა 26.04.2019

საქართველოს უწყებები მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდნენ, რაც გარეჯში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

ქვეყნიდან ხალხის გადინებას ეკონომიკის სწრაფი განვითარება შეაჩერებს და არა ხელოვნური ბარიერები - აკადემიკოსის აზრი მთავრობის გეგმაზე

***

საქართველოს უწყებები მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდნენ, რაც გარეჯში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

"აზერბაიჯანულმა მხარემ თუ ამას კიდევ პრობლემა დაუმატა, სამწუხარო ფაქტი იქნება არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ინტერესები მეტ-ნაკლებად ილახება, ასევე გარკვეული იმედგაცრუება ქვეყანაში და მოსახლეობაშიც გაჩნდება. ამან შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო სიტუაცია შექმნას საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებაში. რაში სჭირდება აზერბაიჯანს ამ პრობლემების შექმნა, გაუგებარია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი მონაკვეთის დაკეტვის შესახებ საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველოს უწყებები მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდნენ, რაც გარეჯში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

"დავით გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებსა და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები რამდენიმე დღეა არ უშვებენ, მისასვლელი ბილიკი გადაკეტილია. "უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს ტერიტორიას 4 დღე და არ გიშვებს შენს ტერიტორიაზე, ნორმალური ამბავია?! ხალხს ისევ არ უშვებენ. მომლოცველები ადიან და არ უშვებენ მესაზღვრეები", - აღნიშნა დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მას შემდეგ ჰქონდა, რაც ინფორმაციები დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე მედიაში გავრცელდა. „ახლა რომ გამძაფრდა ვითარება, გავიდა ინფორმაცია, ხალხი აღელდა, გამოიღვიძეს. მეუბნებიან - დღევანდელი დღე გვაცადეთ და ყველაფერს მოვაგვარებთო, ჩვენმა საგარეომ და შსს-მ. მე ასე მარტივად არ ვუჯერებ, მწარე გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში, თუმცა ვნახოთ", - აღნიშნა არქიმანდრიტმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, სიტუაცია გარეჯში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა. ამავე დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე ჩაკეტილ პუნქტებს გახსნის. „როგორც კი შევიტყვეთ ინფორმაცია, მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მე მქონდა საუბარი ჩემს კოლეგა მინისტრთან, შსს-ს ჰქონდა საუბარი კოლეგებთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი,"- განაცხადა მინისტრმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ უნდა დადგინდეს. „პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში ძეგლთა დაცვისა და „ევროპა ნოსტრას" წარმომადგენლებთან ერთად. მათ შორის მათ დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი სრულად. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ფაქტები ხდება, განსაკუთრებით ცუდია, როცა ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს. „ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, აუცილებელია საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს," - განაცხადა ლაშა ჟვანიამ“, - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში მანამდეც იდგა, სანამ ზურაბიშვილი უშუალოდ ქართულ პოლიტიკაში მოვიდოდა. მისი თქმით, დღევანდელ პრობლემას პრეზიდენტის განცხადებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „უნდა გავიხსენოთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთი უთანხმოება ჩნდება. აზერბაიჯანელების მიერ ადრეც არაერთხელ ყოფილა ეს ბილიკი დაკეტილი. მას შემდეგ იყო რაღაც მოლაპარაკებები და გაიხსნა. ლაპარაკია აღდგომის ტაძართან მისასვლელ გზებზე. მაშინ ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში საერთოდ არ იყო. „ეს ძალიან მნიშვენლოვანი პრობლემაა, რომელიც საჭიროებს მოგვარებას. პრეზიდენტის განცხადებაში ისეთი არაფერია. მან უბრალოდ განაცხადა, რომ საჭიროა საზღვრის საკითხის საბოლოოდ მოგვარება. „ეს პრობლემა რომ არსებობს, ეს ახალი არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ეს ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვა, ასეთ შეფასებას ვერ მივცემ. ადრეც ყოფილა ასეთი ვითარება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, ასე ვერ იქნება მუდმივად. დღეს საკითხი ღიად არის დარჩენილი," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ“, - დასძენს გამოცემა.

"რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანული მხარისთვის საქართველოსთან პარტნიორობა მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს. „მსგავსი გაუგებრობა ისეთ პარტნიორ ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია, ძალიან სამწუხარო გახლავს. ზურაბიშვილმა სწორედ ეს განაცხადა, რომ ასე ახლოს მყოფი ხალხს შორის ეს პრობლემები არ უნდა ჩნდებოდეს. „ეტყობა, აზერბაიჯანისთვის ეს ურთიერთობა ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, რომ თავის არცთუ მართლზომიერ ინტერესებზე, უარი თქვას. ეს კი ძალიან სამწუხაროა," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა, რასაც სწორედ ,,ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება ემსახურება. „აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის თქმით, ასევე სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს. შეგახსენებთ, გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 2,5 კილომეტრზეა განთავსებული. ამასთან, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. საქმე ისაა, რომ საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს“, - წერს სტატიის ავტორი.

ქვეყნიდან ხალხის გადინებას ეკონომიკის სწრაფი განვითარება შეაჩერებს და არა ხელოვნური ბარიერები - აკადემიკოსის აზრი მთავრობის გეგმაზე

"თვითონ ქვეყნის შიგნით ეკონომიკის განვითარების ტემპების დაჩქარებით და სამუშაო ადგილების შექმნით გადაადგილება და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია. სპეციალური ბარიერებით პროცესების შეჩერება ძალიან რთული იქნება. მითუმეტეს ჩვენ ასოცირებული წევრები ვართ, მომავალში იმედია ევროკავშირის წევრი გავხდებით და შესაბამისად, გადაადგილება უფრო მეტად ლიბერალიზებული იქნება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას აკადემიკოსი ავთო სილაგაძე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებას, რომ ევროპულ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკის შესამცირებლად სამინისტროს კონკრეტული გეგმები აქვს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ქვეყნიდან ხალხის გადინებას ეკონომიკის სწრაფი განვითარება შეაჩერებს და არა ხელოვნური ბარიერები - აკადემიკოსის აზრი მთავრობის გეგმაზე

"სილაგაძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობა ქვეყნიდან ეკონომიკური პრობლემების გამო მიდის და სწორედ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს მოსახელობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სხვაგვარად გადაადგილების შეჩერება, შეუძლებელია. „თუ ქვეყანაში გარკვეული დოზით ახალი სამუშაო ადგილებს შევქმნით, მაგრამ არა იმ ტემპით, რა ტემპითაც მიმდინარეობს, არამედ გაცილებით მაღალი ტემპებით, ეს გადაადგილებას შეანელებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ტენდენცია ადრინდელთან შედარებით, დღეს ქვეყნიდან გასულ მოსახლეობასა და ქვეყნიდან შემოსულ მოსახლეობას შორის, რადიკალურად შეცვლილია. მინიმალური რაოდენობა შემოდიოდა, ანუ გასულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. ახლა ამის სანაცვლოდ სხვა ქვეყნებიდან შემოდის და წასული ადამიანების ადგილს იჭერენ. „ჩვენ ქვეყანაში შემოსულთათვის პირობები როგორია, გარკვეულწილად ხომ არ არის გადასახედი, - პარალელურად ამაზეც უნდა ვიფიქროთ და ასევე განვითარებაზე," - განაცხადა ავთო სილაგაძემ“, - განაგრძობს გამოცემა.

"საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ის დიდი მონაპოვარი შენარჩუნებული იყოს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გადაადგილებასთან დაკავშირებით გააჩნია.„იყო გარკვეული ქვეყნების მხრიდან წუხილი თავშესაფრის მაძიებლის სტატისტიკის ზრდასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებებიც არის ადეკვატური. გუშინ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისრის წარმომადგენელთან, შეხვედრები გაიმართა ყველა იმ უწყებაში, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. კონკრეტული სამოქმედო გეგმები დავსახეთ. „ამაზე მომავალში აუცილებლად გვექნება საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც გამოიწვევს და შედეგად მოჰყვება ის, რომ შემცირდება საგრძნობლად თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკა ევროპულ ქვეყნებში და არ დადგება შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა," - განაცხადა დავით ზალკალიანმა“, - წერს სტატიის ავტორი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს