„ბათუმის წყალი“ შვედეთის ელჩის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ დაბინძურებული ტბის ფოტოებს ეხმაურება

შპს „ბათუმის წყალი“ საქართველოში შვედეთის ელჩის, ულრიკ ტიდესტორმის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოებს ეხმაურება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს, არდაგანის ტბის დაბინძურების მიზეზად სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას ასახელებს და მოსახლეობას მოუწოდებს არ დაანაგვიანონ სანიაღვრე ცხაურები და არხები.
„26 აპრილს დილის საათებში არდაგანის ტბაზე დაფიქსირდა ტბაში ბლანტი, უცხო სითხის შემოდინება სანიაღვრე სისტემის მეშვეობით. ფაქტის დაფიქსირებისთანავე, ადგილზე მობილიზდა შპს "ბათუმის წყალის" სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ქალაქის სანიაღვრე სისტემებიდან, სანიაღვრე წყლების შეკრება არდაგანის ტბაში ხდება. სანიაღვრე წყლები ხშირად დაბინძურებულია ნარჩენებით, რაც საბოლოო ჯამში თავს იყრის ტბაში. მოსახლეობას ვთხოვთ, არ ჩაყარონ ნაგავი სანიაღვრე ცხაურში და სანიაღვრე არხებში.
არდაგანის ტბაზე არსებული პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ტბის მიმდებარედ მშენებარე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის დასრულების შემდგომ მოხდება. სატუმბის მეშვეობით, არდაგანის ტბისგან დამოუკიდებლად მოხდება ქალაქის სანიაღვრე სისტემების შეკრება და ზღვაში გადატუმბვა“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

























