ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2019

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N5, მაისი, 2019) მიმოხილვა

* * *

ქართული არმია საველე სწავლებებზე / ნატოსთან ერთად აბორდაჟზე / იუნკრის წარმატება / რეკორდი თელავის თავზე / შს სამინისტროს სოციალური კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის” / მეხანძრე-მაშველები გადაიარაღებას აგრძელებენ / როგორ შემოიპარნენ თურქები აჭარაში 1921 წელს

“არმია ყაზარმებში არ უნდა იჯდეს, ის ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად მზადების პროცესში უნდა იყოს, რადგან მოდუნებული ჯარისკაცი და მით უმეტეს, ოფიცერი, რომლებიც მშვიდობიან პერიოდში, სანამ დრო არის, არ ემზადებიან სავარაუდო მოწინააღმდეგის შემოტევების მოსაგერიებლად, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყებისას თავს დიდად ვერაფრით გამოიჩენენ. თუმცა საბრძოლო მომზადებაც უნდა შეესატყვისებოდეს არსებული საფრთხეების წარმატებით მოგერიებას და არა ისე, რომ მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონის შესაჩერებლად ის დანაყოფი გადაისროლო, რომელსაც მანამდე მხოლოდ გზაზე საგუშაგოს მოწყობას თუ ასწავლიდი. ამიტომაც მისასალმებელია, რომ გასული თვე თავდაცვის ძალებისთვის დახუნძლული აღმოჩნდა სხვადასხვა დონის სწავლებებით”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N5, მაისი, 2019) სტატიაში სათაურით ქართული არმია საველე სწავლებებზე / აპრილში საქართველოს თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა მასშტაბის სწავლებები გამართეს როგორც პოლიგონებზე, ისე სამეთაურო-საშტაბო დონეზე.

“სწავლებების სტარტი აპრილის დასაწყისში “ორფოლოს” სასროლეთზე მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების “დანას” ასეულმა აიღო. თუ რა მნიშვნელობა აქვს საარტილერიო ცეცხლის მართვასა და საცეცხლე პოზიციების ოპერატიულად შეცვლას, ეს აგვისტოს ომმაც ცხადყო, რომელშიც ქართული “დანები” აქტიურად მონაწილეობდნენ. 11 აპრილს ვაზიანის პოლიგონზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე ბატალიონის 152 მმ-იანი ბუქსირებადი “მსტების” ბატარეამ და ამავე კალიბრის “გიაცინტის” ქვემეხების ოცეულმა სამიზნეები 7 კმ-ის სიშორეზე “მონიშნეს”. 12 აპრილს პირველი ქვეითი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულმა მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონის გადაადგილებისას ჩასაფრების მოწყობაში და მათი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით “განადგურებაში” წაივარჯიშა. 16 აპრილს დასავლეთ საქართველოში, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაში, სამეთაურო-საშტაბო სწავლება “ეგრისი 2019” დაიწყო, რომლის მიზანია უწყებათშორისი კოორდინაციისა და თავდაცვის ძალების კრიზისული რეაგირების სისტემის დახვეწა, ანუ ის, რაც ვერ შევძელით აგვისტოს ომის დროს, რამაც მოწინააღმდეგეს საშუალება მისცა უპრობლემოდ დაეკავებინა სენაკის სამხედრო ბაზა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობამ კი 17 აპრილს საცეცხლე მხარდაჭერის კოორდინაციის ვარჯიშები “საპასუხო ცეცხლი 2019” წამოიწყო. ამ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში პირველი ქვეითი, მეოთხე მექანიზებული და მეხუთე საარტილერიო ბრიგადების შტაბის ოფიცრები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბრძოლის დროს საცეცხლე მხარდაჭერის ნიუანსებს ხვეწდნენ. ეროვნულმა გვარდიამ თვის მეორე ნახევარში პალდოს ბაზასთან ოთხდღიანი საველე სამეთაურო-საშტაბო სწავლება “უჯარმა-2019” ჩაატარა. მასში მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადები მონაწილეობდნენ. სწავლების მიზანი იყო ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს ეროვნული გვარდიის შტაბისა და მასზე დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ურთიერთქმედების დახვეწა, ანუ რაც ასე გვაკლდა აგვისტოს ომის დროს, როდესაც გაწვეული და შეიარაღებული რეზერვისტების მართვის სისტემა ჩამოიშალა. იმედია, ეს სწავლებები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, მართლაც გულდასმით ტარდება და არა თვალის ასახვევად, ჩასათვლელად, რადგან ბრძოლის ველზე ყველა საკუთარი და თანამებრძოლის სიცოცხლის ფასად აგებს პასუხს, თუ რამდენად კარგად მოასწრო მან მშვიდობიანობის დროს ომისთვის მომზადება”, - დასძენს გამოცემა.

“საქართველოს პორტებში ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ვიზიტები და ქართველ მეზღვაურებთან ერთობლივი სწავლებები ტრადიციად იქცა, მას კი საფუძველი 2013 წლის სექტემბერში ჩაეყარა, როცა ბათუმს ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ეწვივნენ. ამჯერად 1-ლ აპრილს ფოთში შემოვიდნენ ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები: საფლაგმანო F805 Eversten-ი (ნიდერლანდების სამეფო), F243 Yildirim-ი (თურქეთი), F 41 Drazki (ბულგარეთი) და F 221 Regele Ferdinand-ი (რუმინეთი). ოთხივე ხომალდი ფრეგატის კლასისაა და საჰაერო, წყალზედა, წყალქვეშა მიზნებთან ბრძოლის მრავალფეროვანი საშუალებებით არიან აღჭურვილი. მრავალეროვნული საზღვაო შენაერთი როტაციის საფუძველზე ნატოს წევრი შავიზღვისპირა და არაშავიზღვისპირა ქვეყნების ხომალდებს აერთიანებს. მისი დანიშნულებაა ეკიპაჟების მომზადების დონის ამაღლება, ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების პორტებში ვიზიტებით მხარდაჭერის გამოხატვა, სხვადასხვა ქვეყნის მეზღვაურებს შორის ნდობისა და ურთიერთობის გაღრმავება და სხვ., - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ნატოსთან ერთად აბორდაჟზე.

“ასეთ ვიზიტებს ჩვენი ქვეყნისთვის პრაქტიკულ მხარეებთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. მით უფრო, რომ ახლახან ვაშინგტონში ნატოს წევრი ქვეყნების მინისტერიალმა დაამტკიცა შავ ზღვაზე უსაფრთხოების პაკეტი, სადაც ნატოს შავ ზღვაში ყოფნის გახანგრძლივება, საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გააქტიურებაა გათვალისწინებული. ამასთან დაკავშირებით საზღვაო შენაერთის მეთაურის, კომოდორ ბაუდევაინ ბუთსის თქმით, `ნატომ შავი ზღვის რეგიონში წარმომადგენლობა გაზარდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზანია საქართველოსთან ურთიერთობა გააძლიეროს. წვრთნები წარსულშიც ტარდებოდა საქართველოს საზღვაო ძალებთან და მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განვითარებაში მთავარ როლს თამაშობს. თანამშრომლობა ვითარდება როგორც ოპერატიულ დონეზე ნატოს წევრი ქვეყნების ხომალდებთან ერთობლივი სწავლებებით, ასევე სტრატეგიულ დონეზე ალიანსის საზღვაო სარდლობასთან აქტიური თანამშრომლობით. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა, თებერვალში ნატოს საზღვაო ძალების სარდლის, ადმირალ კლაივ ჯონსტონის საქართველოში ვიზიტი. მისასალმებელია, რომ 2018 წლიდან გაორმაგდა ნატოს საზღვაო შენაერთების ვიზიტები, რაც ალიანსის მიერ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს, ხელს უწყობს სანაპირო დაცვის შესაძლებლობათა გაძლიერებას, პერსონალის მომზადების დონის ამაღლებას და აძლიერებს ნატოსთან ჩვენს თავსებადობას, რაც, საერთო ჯამში, ემსახურება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე.

„ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ვიზიტის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი სწავლებების ჩატარებაა. ამჯერად წვრთნებში სანაპირო დაცვის ორი ხომალდი, „დიოსკურია" და „ოჩამჩირე", მონაწილეობდა. სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა მაღალ დონეზეა მომზადებული, რათა სწავლებებზე საქართველო ნატოელი პარტნიორების მხარდამხარ ტოლსწორად იქნეს წარმოდგენილი”, - დასძენს საპატრულო ხომალდ P25 „დიოსკურიის" მეთაური, კაპიტან-ლეიტენანტი ბადრი შენგელია.

“საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის მეასე წლის იუბილესთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ჩაატარა. კონკურსის მიზანს ახალგაზრდების დაინტერესება, საქართველოს პირველი რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს, დამფუძნებელი კრების საქმიანობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში პარლამენტარიზმის როლზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები იღებდნენ, მათ შორის იყო ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსის იუნკერი ამირან ახალაური”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით იუნკრის წარმატება / ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი ამირან ახალაური დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებული გახდა.

“1918-1921 წლების საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბარი და მის პოპულარიზაციაში მცირე წვლილის შეტანა ჩემთვის საამაყოა. ეს მონაკვეთი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ამ თემაზე მუშაობა საინტერესო და საპასუხისმგებლოა. ამასთან, საკუთარი თავის გამოცდა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რისი საშუალებაც ამ კონკურსმა მომცა. ჩემი ესეი ეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო, რომლის საფუძველზეც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოხერხდა. ვეცადე ახალი კუთხით წარმომეჩინა ამ დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. პირველად ოფიციალურად სწორედ ამ დოკუმენტში დაფიქსირდა ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეექმნა სახელმწიფო, სადაც დაცული იქნებოდა თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა და პოლიტიკური შეხედულებისა. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ნამდვილად გვაძლევს სიამაყის საფუძველს და ამტკიცებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული კულტურისა და ფასეულობებისაკენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან ახალაური.

“კონკურსი ჩემთვის საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო. ამ საკითხზე მუშაობისას ბევრ უცნობ ფაქტს გავეცანი და შევძელი განსხვავებულად შემეფასებინა 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის განვითარება და იმ დროისთვის ქართულ პოლიტიკურ წრეებში არსებული პროგრესული იდეები. კონკურსში გამარჯვება მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ესეიზე მუშაობას დიდი ყურადღებით მოვეკიდე. ჩემთვის საამაყოა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სახელითა და იუნკრის სტატუსით ქართული პარლამენტარიზმის მეასე წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუდენტური ესეების კონკურსში წარდგენილი ნაშრომისათვის ჯილდოს მიღება. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გადმოცემული სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები ჩემი მიღწევების კედელზე მთავარ ადგილს დაიკავებს”, - დასძენს იუნკერი და შეკითხვაზე - “რა წვლილი მიუძღვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას თქვენს წარმატებაში?” - პასუხობს:

“ეროვნული თავდაცვის აკადემიის დევიზია “ისწავლე გამარჯვება!” - ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა აკადემიაში მიღებულმა გამარჯვებისკენ სწრაფვის მოტივაციამ, განათლებამ და ხელმძღვანელობის მხარდაჭერამ, რამაც, თავის მხრივ, ესეიზე სამუშაოდ ყველა პირობა შემიქმნა ყოველდღიური დატვირთული გრაფიკის მიუხედავად. აკადემიამ ყოველმხრივ უზრუნველმყო საჭირო მასალით. განსაკუთრებული მნიშვნელობის თემატიკის ესეის წერისას, რა თქმა უნდა, სირთულეებიც წარმოიქმნა, რომელთა გადალახვაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაღალკვალიფიციური პროფესორები დამეხმარნენ. ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც სტუდენტთა ჩართულობას მოითხოვს, აკადემიის ხელმძღვანელობა ყოველთვის უჭერს მხარს, რაც იუნკრებს წარმატების მიღწევაში გვეხმარება. ამ შედეგს ისიც განაპირობებს, რომ აქ ყველა პირობაა შექმნილი მაღალი დონის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად”.

“საბჭოთა პერიოდში წულუკიძესა (ხონი) და თელავში დისლოცირებულ საბჭოთა საავიაციო პოლკების შეიარაღებაში მსოფლიოში უდიდესი სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები – “მი”-26-ები მიიღეს, რომლებსაც საჰაერო დესანტი უნდა გადაესხათ თურქეთისა და ირანის ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. კახეთის თავზე 30 წლის წინ უზარმაზარმა შვეულმფრენმა 20-ტონიანი ტვირთი ორ კმ სიმაღლეზე ასწია, რაც იმ დროს მსოფლიოსთვის წამოუდგენელი იყო. მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები პერიოდულად ავრცელებენ სენსაციურ ფოტო-ვიდეომასალას, თუ როგორ გადააქვს შვეულმფრენს ბაგირით ტანკი, სხვა შვეულმფრენი ან სამგზავრო ლაინერი. ეს ფოტო-ვიდეოკადრები დიდ რეზონანსს იწვევს, რადგან მართლაც ძალზე ეფექტური და ამასთან, დაუჯერებელია, როგორ შეუძლია შვეულმფრენს მასზე დიდი ავიალაინერის ჰაერში აწევა და მით უფრო ასეულ კილომეტრზე “, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით რეკორდი თელავის თავზე.

“სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს საქართველოშიც არაერთხელ გაუზიარებიათ, მაგალითად, ავღანეთში დაზიანებული საავიაციო ტექნიკის შვეულმფრენებით ევაკუაციის ფოტოები, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ შვეულმფრენით ტვირთის აწევის ერთ-ერთი რეკორდი ქართულ ცაში სამი ათეული წლის წინ დამყარდა. 1987 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საჯარისო გამოცდებს გადიოდა მსოფლიოში ყველაზე დიდი სერიული წარმოების სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი “მი”-26. იმ პერიოდში წულუკიძესა (ხონი) და თელავში დისლოცირებულ საბჭოთა სატრანსპორტო-საბრძოლო საშვეულმფრენო პოლკებში უახლესი სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები - “მი”-26-ები მიიღეს, რომლებსაც ქუთაისის სადესანტო-მოიერიშე და ლაგოდეხის “ღამურების” ბრიგადების საჰაერო დესანტი უნდა გადაესხათ თურქეთისა და ირანის ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. თელავის საავიაციო პოლკი საბჭოთა გენშტაბმა “მი”-26-ების საჯარისო გამოცდების ჩასატარებლად აირჩია, რადგან საცდელი ფრენები შეიძლებოდა როგორც ვაკე, ისე მთაგორიან რელიეფზე. ამ მიზნით თელავის “მი”-26-ები, რომლებსაც სამხედროებმა მოფერებით “მფრინავი ძროხები~ შეარქვეს, სისტემატურად დაფრინავდნენ თელავი-მოზდოკი-თელავის მარშრუტით, რისთვისაც 4,5 კმ სიმაღლის აღება სჭირდებოდათ, რაც შვეულმფრენისთვის ფრენის თითქმის მაქსიმალური სიმაღლეა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საბჭოთა გენშტაბმა თელავის პოლკს დაავალა, “მფრინავი ძროხა” მაქსიმალურ ტვირთამწეობაშიც გამოეცადა. საქმე ის არის, რომ მანამდე “მი”-26-ის ტვირთამწეობა 15 ტ-ით იყო შეზღუდული, თითქმის ამდენივე მძიმე ამერიკულ შვეულმფრენ CH-53 Sea Stalliom-საც მიჰქონდა. საბჭოთა გენერალიტეტს სურდა, “მფრინავი ძროხა” მსოფლიოში ყველაზე მძიმე ტვირთის ამწევ სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენად ქცეულიყო, ამიტომაც მსოფლიო რეკორდის დამყარების ბრძანება თელავის პოლკმა მიიღო და დავალება წარმატებითაც შეასრულა - თელავის სიახლოვეს “მი”-26-მა ბაგირზე ჩამოკიდებული 20-ტონიანი ტვირთი ორ კმ-მდე სიმაღლეზე ასწია, რაც სხვა ტიპის შვეულმფრენს არც მაშინ შეეძლო და არც დღეს შეუძლია. თელავის 793-ე ცალკეული სატრანსპორტო-საბრძოლო საშვეულმფრენო პოლკი მხოლოდ მსოფლიო რეკორდებს არ ამყარებდა. მისი “მი”-26-ების ეკიპაჟები სისტემატურად ვარჯიშობდნენ ბაგირზე ჩამოკიდებული “მი”-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენების გადატანაში. გარდა ამისა, მათ გუდაუთის აეროდრომიდან თელავში გადაიტანეს ჩამოწერილი “იაკ”-28 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელის რამდენიმე ფიუზელაჟი (ერთი მათგანი შავ ზღვაშიც კი ჩაუვარდათ), რომელთა აწევა-დაშვებაშიც ვარჯიშობდნენ (ზოგიერთმა, ვინც რუსული პოლკის გასვლის შემდეგ თელავის აეროდრომზე ამ “იაკ”-28-ების ფიუზელაჟის ნარჩენები ნახა, ჩათვალა, რომ თელავში ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავებიც დაფრინავდნენ, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლე არ არის)”, - განაგრძობს გამოცემა.

“თელავის პოლკის “მფრინავმა ძროხებმა” 1992 წლისთვის, საქართველოდან რუსეთში გადაბაზირებამდე, კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, ოღონდ ამჯერად კატასტროფებისა და ავარიების რაოდენობით. 1987 წლის 24 ივნისს სოფელ ალთან (ხაშურის რაიონში) კატასტროფა განიცადა თელავის პოლკის “მი”-26-მა, რომელსაც ცხაკაიიდან (სენაკი) ვაზიანში სამხედროები გადაჰყავდა და საავიაციო რაკეტები გადაჰქონდა. დაიღუპა შვეულმფრენის 17 მგზავრი. ჩამოვარდნილი უზარმაზარი შვეულმფრენის ფრაგმენტებმა სოფლის სიახლოვეს ერთი გოგონა შეიწირა, ხოლო ბიჭმა დამწვრობა მიიღო. 1987 წლის 8 ივლისსა და 11 დეკემბერს თელავის პოლკის კიდევ ორმა „მფრინავმა ძროხამ~ განიცადა ავარია დაჯდომისას, ორი წლის შემდეგ კი თელავის აეროდრომზე დაშვებისას ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა შეცდომით ორივე ძრავა გამორთო, 50-ტონიანი შვეულმფრენი მიწას დაენარცხა და კუდი მოსწყდა. გარდა ამისა, თელავის პოლკის ორი უზარმაზარი “მი”-26 ყარაბაღის ომის დროს, 1992 წლის 3 მარტსა და 12 მაისს, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით „იგლებით" ჩამოაგდეს. ხუთი წლის განმავლობაში ერთი საავიაციო პოლკის მიერ მსოფლიოში უდიდესი ექვსი შვეულმფრენის დაკარგვა მართლაც მსოფლიო ანტირეკორდად უნდა ჩაითვალოს”.

“შს სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოებაში არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის” წარმოადგინა. ღონისძიება გახსნა შს მინისტრმა, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ მაჩვენებელსა და ზიანის მასშტაბებზე ისაუბრა. “ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი ის გახლავთ, რომ საზოგადოებას გავაცნოთ, რა მიდგომა უნდა გვქონდეს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, საქართველო გზებზე დაკარგული მოსახლეობის რაოდენობით არის ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე ევროპაშიც. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი. ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმე უწყების კარგ ან ცუდ მუშაობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მიზეზებზე: ეს გახლავთ სიჩქარის გადამეტება, საპირისპირო მოძრაობაზე გადასვლა, საგზაო ნიშნის მონაცემების დაუმორჩილებლობა, სიმთვრალე. ეს საზოგადოების საერთო პრობლემაა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საზოგადოების თითოეული წევრის პირდაპირი ვალდებულებაა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და რეალურად შეაფასოს ის გამოწვევა, რომელიც არის ჩვენს გზებზე”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ვერც ერთი უწყება, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზების დეპარტამენტი, მერია, მარტო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან ეს არის მთლიანად საზოგადოების გამოწვევა და ამას ვერც მხოლოდ ტექდათვალიერების გამართული ფუნქციონირება უშველის”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით შს სამინისტროს სოციალური კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის” / შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა”.

“მინისტრის განცხადებით, “2017 წელს საქართველოს გზებზე მხოლოდ 170 კამერა იყო. დღეს 2 600-ია, წლის ბოლოსთვის კი 5 000 გახდება. კონტროლის მექანიზმები უფრო ეფექტიანი იქნება და სიჩქარის გადაჭარბების სექციური კამერები წლის ბოლომდე საქართველოს გზების 700 კილომეტრს დაფარავს; ასევე ჩამოყალიბდა ავტოსაგზაო შემთხვევების სიღრმისეული შესწავლის სისტემა, შავი წერტილების გამოვლენისა და მათი გამოსწორების და კიდევ ბევრი რამ”. ღონისძიებას, სადაც მინისტრმა უსაფრთხოების ზომებზე ისაუბრა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, რომელზეც შს უწყებამ კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის” წარადგინა, წარმოდგენილი იყო საგზაო უსაფრთხოებაში არსებული სიტუაციის ანალიზი და განსახორციელებელი პროექტები, რომელთა მიხედვითაც, მხოლოდ 2018 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 კაცი შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 მოქალაქე დაიღუპა, 85 946 კი დაშავდა. შს სამინისტრომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად 2018 წელს დაიწყო ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება, ავტოსაგზაო შემთხვევების აღრიცხვის სისტემის სრული მოდერნიზაცია და განახორციელა საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის ნარკოტიკული ზემოქმედებით ავტომობილის მართვის კრიმინალიზაცია. უწყებამ ყველა პატრულ-ინსპექტორი აღჭურვა სამხრე ვიდეოკამერებით, რომლებიც მძღოლებისა და საპატრულო პოლიციის კომუნიკაციას სრულად აფიქსირებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შს სამინისტროს ამ ღონისძიებებს მოჰყვა პოზიტიური შედეგები და 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა, შემცირდა ასევე სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელიც. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინტენსიურ აქტივობებს გეგმავს. უწყება 2019 წლის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აამოქმედებს 5 000-მდე ვიდეოკამერას, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიან ვიდეოკამერას, ხოლო სიჩქარისმზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი. წლის ბოლომდე გაიზრდება ფარული პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობაც, რომლებიც საქართველოს მთავარ ქალაქებში იმოძრავებენ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ. “შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტომობილის ნომრის ამომცნობ ინოვაციურ მობილურ სისტემებს ნერგავს, რაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს საშუალებას მისცემს, გამოავლინოს სხვადასხვა კატეგორიის რისკის მქონე მძღოლები და პრევენციული საპოლიციო ქმედებით გადაამოწმოს ისინი~, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გარდა ამისა, 2019 წლის სამოქმედო გეგმით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შევა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის ცნობით, მათ დიდი მოლოდინი აქვთ კამპანიის და მიესალმებიან იმ აქტივობებს, რომლებსაც შს სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გეგმავს. ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორის ირაკლი ზურიას აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია. არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილი კი სამინისტროს ღონისძიებებს მნიშვნელოვან ცვლილებად აფასებს და თანამშრომლობისა და ღონისძიებებში მონაწილეობისათვის მზადყოფნას გამოთქვამს: “ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა და მხარს ვუჭერთ შს სამინისტროს. ჩვენ, მძღოლები, საგზაო წესებს უნდა ვიცავდეთ, ამისთვის კი საჭიროა განათლება და სოციალური კამპანიები, თუმცა საჭიროა – თანამედროვე ტექნოლოგიებიც, კამერები, სექციური რადარები და ა.შ. მსოფლიოში საგზაო მოძრაობის სფერო მუდმივად ვითარდება. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა ღონისძიებები, რომლებიც საგზაო შემთხვევების შემცირებისკენ არის მიმართული, სწორად და ეფექტიანად მუშაობდეს”. შს სამინისტროს სოციალური კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის” საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და რამდენიმე დღის წინ დაიწყო: თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, დაიდგა ბანერები და დამზადდა ვიდეორგოლები; შეიქმნა ვებგვერდი ფორმორე.ლიფე და ფეისბუკ-გვერდი, სადაც კამპანიით დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება. კამპანიის მიზანია თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგი მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას”, - დასძენს გამოცემა.

“ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის განახლება, ახალი დეპოების აშენება და ძველების გარემონტება, მეხანძრე-მაშველების ახალი ფორმები - ეს არ არის იმ ინიციატივებისა და პროექტების სრული ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახური გეგმავს. არც ისე დიდი ხნის წინ თავად ვიყავი თბილისის რამდენიმე დეპოში და ვნახე სიტუაცია, რომელიც, თუ ძალიან მსუბუქად შევაფასებთ, არასახარბიელოა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით მეხანძრე-მაშველები გადაიარაღებას აგრძელებენ.

“სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი მოძველებულია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა რეგიონებში, სადაც დაახლოებით 80% საბჭოთა წარმოების ძველი მანქანებია, რომელთაგან ზოგი მწყობრიდან არის გამოსული. მათი შეკეთება ძალიან დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, რაც დროისა და რესურსის თვალსაზრისით წამგებიანია. ამ ეტაპზე აქცენტი ორ მიმართულებაზე კეთდება – ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო საშუალებების განახლებაზე. ამჟამად ორ პროექტს ვახორციელებთ: ტენდერით გამოვლინდა გერმანული კომპანია “მაგირუსი”, რომელიც წლის ბოლომდე თბილისისთვის 25 სამაშველო-სახანძრო მანქანას მოგვაწვდის, დანარჩენ 5-ს კი 2020 წლის დასაწყისში ველოდებით. მანქანებს საკმაოდ დიდი სიმძლავრეები აქვს და ქალაქში ხანძართან ბრძოლის პირობებზეა გათვლილი. ამიტომ ვგეგმავთ თბილისში დღეს არსებული ავტოპარკის ამით ჩანაცვლებას, დედაქალაქის დეპოებიდან გამოთავისუფლებულ სახანძრო მანქანებს რეგიონებს მივაწვდით, გადავანაწილებთ ახალ “მაგირუსებსაც”. მართალია, ეს საშუალებას არ მოგვცემს სახანძრო მანქანები მთელ საქართველოში სრულად განახლდეს, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ პროექტს პირველად ვახორციელებთ და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში არც ერთი საბჭოთა წარმოების სახანძრო და სამაშველო ავტომანქანა არ დარჩეს. რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელიც აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების განახლებას უკავშირდება, მასზეც ინტენსიურად ვმუშაობთ. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ ავსტრიაში. შედეგად ადგილობრივ კომპანია “როზენბაუერთან” ერთად ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ეს არის კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოს უნიკალური ფუნქციის სახანძრო მანქანებით ამარაგებს და მან შემოგვთავაზა ორკომპონენტიანი მანქანა, რომელიც როგორც სახანძრო, ასევე სამაშველო დანიშნულებით იმუშავებს. ეს ფუნქცია სხვა მანქანებს არ გააჩნიათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.

“დავამზადებინეთ ორი ავტომობილი, რომლებიც ჩვენმა ექსპერტ-თანამშრომლებმა შეამოწმეს, დეტალებში შესწორებები შეიტანეს და აპრილის ბოლოს თბილისში ჩამოიყვანენ. მანქანებმა საქართველოში სრული ტესტირება უნდა გაიარონ, ამიტომ ვაპირებთ ისინი სრული დატვირთვით ვამუშაოთ. ტესტირებაში ვგულისხმებთ ქვეყნის რელიეფს, ასევე სხვა დეტალებს: ფუნქციურ დატვირთვას, წყლისა და საშლანგო სისტემების გამართულობას და სხვ. როგორც კი მანქანებს გამოვცდით, თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” კომპანია “როზენბაუერთან” ერთად დაიწყებს ტექნიკის წარმოებას. ლაპარაკია სამაშველო ტექნიკურ აღჭურვილობებზე, განათებებსა და სხვა დეტალებზე. პროექტის წარმატების შემთხვევაში საშუალება გვექნება ადგილზე ავაწყოთ სახანძრო-სამაშველო მანქანები. ხარვეზების გამოსავლენად რამდენიმეთვიან სატესტო რეჟიმში მუშაობა საკმარისია. თუ ჩათვლით, რომ რომელიმე მანქანა ჩვენს პირობებს კარგად მოერგო, მაშინ “დელტას” ბაზაზე დავიწყებთ გამოშვებას და საქართველო ამ მანქანების მწარმოებელი ქვეყანა გახდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება დეპოების განახლებას, დეპოების განახლების პროექტი უკვე ჩაშვებულია. პირველ ეტაპზე ახალი დეპოები გვექნება ზუგდიდში, ბორჯომში, ანაკლიაში, ჩოხატაურსა და სიღნაღში. ანაკლიაში, სანაპირო ზოლზე, სრულიად ახალი პროექტის დეპოს მშენებლობას ვგეგმავთ. იქ სახანძრო-სამაშველო სამსახური არასდროს გვქონია და შესაბამისად, ვაკანსიებსაც გამოვაცხადებთ მათთვის, ვინც სურვილს გამოთქვამს სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომელი გახდეს, ვგულისხმობ ადგილობრივ მოსახლეობას. ბუნებრივია, მათ მოუწევთ ნორმატივების ჩაბარება და საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ზუგდიდშიც ასევე სრულიად განახლებული სახანძრო-სამაშველო დეპო გვექნება. ყველა შენობა აშენდება და აღიჭურვება თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით, რასაც, ცხადია, დრო და თანხები სჭირდება. ყველა შენობის აშენებას თავისი პრინციპები აქვს, გასათვალისწინებელია შესასვლელ-გამოსასვლელი, წყლის რეზერვუართან მანძილი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შენობის დასაპროექტებლად ჩამოყვანილი გვყავდა რამდენიმე ევროპელი ექსპერტი და ვაპირებთ შემდეგშიც მოვიწვიოთ. მომავალი წლისთვის ასევე ვგეგმავთ დეპოების მასშტაბურ მშენებლობას მთიან აჭარასა და სამეგრელოში, მაგალითად, მარტვილსა და ჩხოროწყუში. გარდა ამისა, კახეთში იქნება რამდენიმე ახალი შენობა. თბილისში პირველ ეტაპზე არსებული დეპოების გარემონტებას რამდენიმე მიმართულებით ვაპირებთ. ზოგან სასადილო გაკეთდება, სხვა სახის საჭიროებებზეც ვიმუშავებთ, განახლების პროცესი მუდმივია. უკვე გვაქვს მოლაპარაკებები მიწის ნაკვეთების თაობაზე, რადგან თბილისის მოსახლეობა მრავალრიცხოვანია და არსებული სახანძრო-სამაშველო დეპოები ქალაქისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ ისეთ ლოკაციებზე, როგორიც არის დიდი დიღომი, ნუცუბიძის პლატო, ზღვის უბანი და კიდევ რამდენიმე რაიონი, ახალი დეპოების აშენება აუცილებელია”, - დასძენს ლევან ღირსიაშვილი და შეკითხვაზე - “თავად სახანძრო-სამაშველო ძალების ეკიპირებაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?” - პასუხობს:

“დეპოებისა და სახანძრო-სამაშველო მანქანების გარდა, სახანძრო-სამაშველო ძალები მთლიანად აღვჭურვეთ ახალი იტალიური წარმოების სპეციალური ფეხსაცმელებით. ამჟამად ახალ ფორმებზე ვმუშაობთ და ჩვენი მეხანძრე-მაშველები ზაფხულს ახალი ფორმებით შეხვდებიან. ფორმები საქართველოში შეიკერება, ზოგიერთი ელემენტი განახლდება და ჩვენი მეხანძრე-მაშველები ევროპული სტანდარტების ფორმებით შეიმოსებიან. … ვმუშაობთ ლოგოზეც და ძალიან მალე ჩვენს მეხანძრე-მაშველებსა და სამსახურს ახალი ფერები და ბრენდინგი ექნებათ”.

“საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და, იმავდროულად, დრამატული მოვლენები 1921 წლის თებერვალ-მარტში განვითარდა - როცა ქვეყანა ბოლშევიკური რუსეთის აგრესიას ებრძოდა, ამ დროს აჭარაში თურქები შემოვიდნენ და ბათუმის დაკავება მოინდომეს. გენერალი გიორგი ფურცელაძე მაშინ ბათუმის სამხედრო კომენდანტი იყო და იმ დღეების პერიპეტიებზე მოგონებები “, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით როგორ შემოიპარნენ თურქები აჭარაში 1921 წელს.

“გენერალი ფურცელაძე წერს, რომ 1921 წლის 19-20 თებერვლის ღამეს მთავარსარდლის (გენერალი გიორგი კვინიტაძე) შტაბიდან მიიღო დაშიფრული დეპეშა: “ფრონტის შემოკლების მიზნით გამოიყვანეთ ჩვენი ჯარები არდაგანისა და ართვინის ოლქებიდან და დასწიეთ ბათუმისა და ახალციხის ოლქისკენ. ფოცხოვის რაიონი გვრჩება ჩვენ. დაიკავეთ ჯარებით ახალი საზღვარი მოსაზღვრე ქვეყანასთან. ბორჩხა აუცილებლად უნდა დაიკავოთ. დაიძარით დაუყოვნებლივ და ადგილზე 21 თებერვლის დილისთვის უნდა იყოთ. მიიღეთ ზომები ჩვენი ჯარების შეტაკების ასაცილებლად ოსმალებთან, რომელნიც არდაგანისა და ართვინის ოლქებს დაიკავებენ”. იმ დღეებში აჭარაში დიდი თოვლი მოვიდა, ამიტომ ბრძანების ჯარებისთვის დროული გადაცემა არ მოესწრო. ართვინის ოლქი ჩვენმა ჯარებმა უბრძოლველად 23 თებერვალს დატოვეს და ბორჩხის რაიონში განლაგდნენ. თებერვლის ბოლო რიცხვებში თურქი ოფიცრები ლიმანის სასაზღვრო საგუშაგოს უფროსთან 10 საათზე გამოცხადდნენ და სარდლობის სახელით ბორჩხიდან ართვინისკენ გადაადგილების უფლება ითხოვეს, რადგან თურქეთში მოსულმა დიდმა თოვლმა გზები გაუვალი გახადა. პასუხი ქართულ მხარეს 14 საათისთვის უნდა გაეცა. საგუშაგოს უფროსმა ამის შესახებ მოახსენა საქართველოს მთავრობის რწმუნებულს ბათუმის ოლქში გრიგოლ გიორგაძეს, რომელმაც ასეთ რთულ საკითხზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო და დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ქუთაისში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს. 15 საათზე მიღებული პასუხი თურქებს ბორჩხიდან ართვინისკენ გავლის ნებას რთავდა, ოღონდ შეჩერების გარეშე. თურქების დანაყოფებმა შემოსვლა ორი დღის შემდეგ დაიწყეს, მაგრამ მოდიოდნენ ძალიან ნელა და ბორჩხაში ჩერდებოდნენ. რასაც ცუდი გზებით, ჯარის გადაღლილობითა და მომარაგების სამსახურის ჩამორჩენით ხსნიდნენ. ამან მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ თურქები ამას ბათუმზე გალაშქრებისთვის აკეთებდნენ, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით ხიდების დანაღმვის განკარგულება გაიცა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“3-5 მარტს ბორჩხიდან ართვინისკენ თურქი ჯარისკაცების 1000-1500-კაციანი პირველი კოლონა 4 ზარბაზნით დაიძრა, ხოლო სანაცვლოდ ბორჩხაში სხვა ნაწილები შემოვიდნენ. გენერალ ფურცელაძის შეფასებით, ქართველებსა და თურქებს შორის მეგობრული დამოკიდებულება იყო. 4-5 მარტს გრიგოლ გიორგაძემ ბათუმის სამხედრო კომენდანტს აცნობა, საქართველოს მთავრობა და თურქეთის ელჩი საქართველოში ქიაზიმ ბეი შეთანხმდნენ, რომ თურქეთის ჯარები ბათუმის ოლქში შევიდოდნენ, თავს მოიყრიდნენ, დაეწყობოდნენ და შემდეგ ოზურგეთ-ახალციხის მაზრებთან საზღვრების დასაცავად განლაგდებოდნენ. მალე გენერალ ფურცელაძესთან თურქების შტაბის წარმომადგენლები მივიდნენ და მას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს: ბათუმის აღმოსავლეთ ნაწილში ბინები 5 ათას ჯარისკაცზე, ამდენივე ბინა აჭარისწყალთან, შტაბისა და მისი მცველი 100-კაციანი რაზმისთვის უკეთესი ბინები, ბორჩხაში 200 ფუთი პურის მიზიდვა და სხვ., ბოლოს კი ქართველ გენერალს თურქებმა ჰკითხეს, რა ვადებში შეძლებდა ის მიხეილის სიმაგრის გადაცემასა და ბათუმის ოლქიდან ჯარების გაყვანას. ინსტრუქცია გენერალ ფურცელაძისგან თურქებთან თავაზიანობასა და შეძლებისდაგვარად ყველა მოთხოვნის შესრულებას ითხოვდა, მაგრამ ინსტრუქცია ულტიმატუმის შინაარსის მოთხოვნებზე არაფერს ამბობდა, ამიტომაც ბოლო კითხვა უპასუხოდ დარჩა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართველი გენერალი წერს: “ოსმალო სარდლობის მოთხოვნები და ჭირვეულობა იძულებულს მხდიდნენ მათთვის ეჭვის თვალით შემეხედნა”. თურქების პირველი ნაწილი, 500 კაცამდე, ტყვიამფრქვევებით ბათუმში 11 მარტს 11 საათზე შემოვიდა და იმავე დღეს ასკერების თვითნებობაზე მათ სარდლობას დაუყოვნებლივ ეცნობა. 12 მარტს სახალხო გვარდიამ ბორჩხის ყაზარმები დატოვა და ის თურქებმა მთლიანად დაიკავეს. საღამოს ბათუმში თურქების მომდევნო ბატალიონი, 15-16 მარტს კი 500-კაციანი დანაყოფი შემოვიდა. თურქთა მცირე რაზმები ხულოსა და ქედის მიმართულებით გაიგზავნა. ბათუმსა და ბათუმის ოლქში თურქებს სულ 3 500 ჯარისკაცი ჰყავდათ, საიდანაც ჩოლოქთან და ოზურგეთის მაზრის საზღვარზე 200, აჭარისწყალთან 500, ბათუმში 2 000-მდე ჯარისკაცი იყო განთავსებული. დანარჩენები ლიმანსა და ბათუმს შორის გზაზე იყვნენ განლაგებული. 1920 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში თბილისში ჩავიდა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოში ქიაზიმ კარაბექირ ბეი, რომელმაც ქართველ ჟურნალისტს განუცხადა: “მე ჩემმა მთავრობამ გამომგზავნა ტფილისში იმისათვის, რომ ჩვენ მეზობელ საქართველოსთან კეთილმეზობლური და შეურყეველი კავშირი დავამყაროთ. ეს არის ჩემი მთავრობის წმინდა განზრახვა. რაც შეეხება საზღვრებს. ეს უნდა განვაცხადო, რომ ჩვენი მტრებისა და ზოგიერთ თავზე ხელაღებულთა ყვირილის მიუხედავად, ეს საკითხი მოლაპარაკებისა და მშვიდობიანობის გზით გადაწყდება”. ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის მეორე დღეს ქიაზიმ ბეი ნოე ჟორდანიას შეხვდა, მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა და ბოლშევიკებთან ომიც არ გამორიცხა, მაგრამ როგორც შემდეგ გამოჩნდა ეს პირფერობა ყოფილა, რომლითაც ქვეყნისთვის უაღრესად მძიმე ჟამს ქართული მიწების მიტაცების სურვილი იყო შენიღბული”, - დასძენს გამოცემა.

“აჭარაში შემოპარული თურქები თავიანთი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ და ვითარების გამწვავებასაც არ ერიდებოდნენ. იყო შემთხვევა, როცა ქართველი მზვერავები გოდერძის უღელტეხილისკენ არ გაატარეს, საიდანაც მე-11 წითელი არმიის ნაწილები მოიწევდნენ. ბათუმში ვრცელდებოდა ხმები, რომ თურქები ქართული ჯარის განიარაღებას აპირებდნენ. 16 მარტის ღამით ცნობილი გახდა, რომ თურქებმა 17-ში მიხეილის სიმაგრის ფორტებისა და ბლოკჰაუზების აღება, ქართული ჯარის განიარაღება და ბათუმის დაკავება განიზრახეს. ამიტომ 17 მარტს დილიდანვე ჩვენმა ნაწილებმა ყველაზე მნიშვნელოვანი ფორტი N2 “კახაბერი”, ფორტი N4 “პატარა სამება” და რამდენიმე ბლოკჰაუზი დაიკავეს. თურქებმა ქართველებს დაასწრეს და წინადღეს ფორტი N1 “ადლიის” ნახევრისა და ორი ბლოკჰაუზის აღება შეძლეს. 17 მარტის 12 საათზე მოვიდა ინფორმაცია, რომ თურქები ბორჩხის ყაზარმებიდან რამდენიმე მიმართულებით დაიძრნენ და რაღაც დროის შემდეგ ქართველებისგან დაკავებული ფორტების დატოვება მოითხოვეს. შეტაკებების თავიდან ასაცილებლად გენერალი ფურცელაძე რამდენჯერმე შეხვდა ქიაზიმ ბეის, თურქთა სარდლობას, მთავარსარდალ გენერალ კვინიტაძეს და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას. გენერალ მაზნიაშვილს მოსწრებულად უწერია: “ჩვენს მთავრობასა და მთავარსარდალს თვალები მხოლოდ 17 მარტს აეხილა და მხოლოდ მაშინ დაინახეს ქიაზიმ ბეის ოინები, მაგრამ უკვე გვიანი იყო”, - წერს სტატიის ავტორი.

“თურქების მორიგი ახალი მოთხოვნა ქართველების დაკავებულ ფორტებში შესვლა და იქ ერთობლივი განთავსება იყო, თან გაიძახოდნენ, “ჩვენ ძმები ვართ, საერთო საქმეს ვაკეთებთო”, მაგრამ თურქებს სამხედრო ნაწილების უკან დახევა არ სურდათ და იქ, სადაც თავად იდგნენ, ქართველებს არ უშვებდნენ, თანაც ფორტი N4 “პატარა სამება” ალყაში მოაქციეს. გენერალი ფურცელაძე: “მე ცხადად ვხედავდი, რომ მზადდებოდა რაღაც მზაკვრული, მაგრამ ყოველნაირად ვცდილობდი შეტაკების თავიდან აცილებას. ჩვენებს ნაბრძანები ჰქონდათ ოსმალოები არ შეეშვათ უკვე დაკავებულ ადგილებში და სამტრო მოქმედებებისთვის პასუხი გაეცათ”. ამასობაში თურქების ხელში გადავიდა ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფი, რადიოსადგური, მილიციის სამმართველო, ქუჩებში ასკერთა გაძლიერებული პატრულები გამოჩნდნენ. ქვეყნის მთავრობამ ბათუმი ასეთ რთულ დროს დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. 17 მარტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა - ბათუმის ციხიდან სასწრაფოდ გათავისუფლებული სერგო ქავთარაძე ახალ ხელისუფლებას - ბათუმის ოლქის დროებით რევკომს ჩაუდგა სათავეში. რევკომი 17 მარტის 21 საათზე მიხეილის სიმაგრის შტაბის შენობაში განთავსდა და ქალაქის დაცვის ორგანიზებას შეუდგა. 24 საათზე რევკომს მოუვიდა ქიაზიმ ბეის ბრძანება, რომლითაც ის ბათუმის ოლქს თურქეთთან შეერთებულად აცხადებდა და ქართულ ჯარს ოლქის საზღვრების დატოვების ან განიარაღებისთვის 24-საათიან ვადას აძლევდა. რევკომმა 18 მარტის დილას საქართველოს წითელი არმიის სარდლად და ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გენერალი გიორგი მაზნიაშვილი გამოაცხადა. პატრიოტმა გენერალმა სამშობლო არ მიატოვა და მომხდურებისგან ბათუმის გათავისუფლების ოპერაციას ჩაუდგა სათავეში”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“18 მარტის დილიდან ბათუმის ქუჩები ბრძოლის ასპარეზად იქცა. ქართველი და თურქი პატრულები შეხვედრისას ერთმანეთს ესროდნენ. შეტაკებები ფორტებსაც მოედო. თურქები საინჟინრო გუნდის შენობის დაკავებას შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. გამთენიისას ასკერები ფორტ “კახაბერში” შეიჭრნენ და ჯარისკაცთა ნაწილი განაიარაღეს, მაგრამ მოგვიანებით მოწინააღმდეგის უკუგდება მოხერხდა. რევკომი შეიარაღებულ შეტაკებათა აღკვეთას ქიაზიმ ბეისთან მოლაპარაკებით ცდილობდა. ისიც ეთანხმებოდა და ირწმუნებოდა, რომ გამოსავალს მშვიდობიან გზაში ხედავდა. თუმცა, იმავდროულად, დეპეშას დეპეშაზე გზავნიდა დამხმარე ჯარების გამოგზავნის თხოვნით, დეპეშებს კი ქართველი სამხედროები იჭერდნენ და კითხულობდნენ. ბრძოლები ბათუმში 20 მარტამდე გაგრძელდა და ქართული ჯარის 90-მდე მებრძოლი დაიღუპა. 21 მარტის ღამით თურქებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს და იარაღი დაყარეს. 15-16 მარტს მე-11 წითელი არმიის დმიტრი ჟლობას დაჯგუფების მე-18 საკავალერიო დივიზიამ და 32-ე მსროლელი დივიზიის 96-ე ბრიგადამ გოდერძის უღელტეხილი გადმოლახა და ბათუმს მიუახლოვდა, მაგრამ მე-11 არმიის სარდლის დირექტივა ჟლობას თურქებთან შეტაკების აცილებას ავალებდა. მიზეზი მოსკოვში მიმდინარე რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკება იყო, რომელიც 16 მარტს “ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულების” ხელმოწერით დასრულდა. რუსმა ბოლშევიკებმა საქართველოს წარმომადგენელთა გარეშე გადაწყვიტეს და თურქეთს ართვინის ოლქი დაუთმეს. 19 მარტს 15 საათზე ქობულეთთან მატარებლით შემოვიდა მე-11 არმიის კიდევ ერთი ნაწილი, 292-ე მსროლელი პოლკი, და ბათუმისკენ ფეხით დაიძრა. ის იმავე დღის 18 საათზე ქალაქში შევიდა, როცა ქართულ ჯარს ომი უკვე მოგებული ჰქონდა...” - დასძენს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა