ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2019

„უდაბნოს მონასტერი არა მხოლოდ ინგრევა, ტერიტორიულადაც ვკარგავთ“

ვახტანგ ქუთათელაძე - “ამ ეტაპზე პირდაპირ დაკავებაზე გადასვლა უფრო დიდი შეცდომა იქნება”

ვახტანგ მაისაია - “კადიროვი მზადაა ჩაერიოს პროცესში, როცა ამის საშუალება მიეცემა“

“გახარია იძულებული გახადეს, გადაედგა არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი” - ემზარ საბანაძე

მამუკა არეშიძე - “ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რომ ბზობა დღეს საცოდავ დღეში ჩავარდნილიყო ქვეყანა”

* * *

„უდაბნოს მონასტერი არა მხოლოდ ინგრევა, ტერიტორიულადაც ვკარგავთ“

“გასულ კვირას დავითგარეჯის მრავალმთის მონასტრებში საქართველო-აზერბაიჯანის ჯერაც დაუმტკიცებელ საზღვარზე დაძაბულობა განიმუხტა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით „უდაბნოს მონასტერი არა მხოლოდ ინგრევა, ტერიტორიულადაც ვკარგავთ“ / “აზერბაიჯანელი­ მესაზღვრე ერთი ფეხით უკვე დგას ჩიჩხიტურის მონასტერში და მეორის უდაბნოს მონასტერში მყარად დადგმას ცდილობს” / “რატომ უნდა თანხმდებოდეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებასთან ან სასაზღვრო სამსახურთან? აზერბაიჯანელებს არ მოსწონთ, როდესაც ვინმე საზღვრის ამ მონაკვეთის პრობლემის მოგვარებაზე ამახვილებს ყურადღებას. სალომე ზურაბიშვილმა კი გარეჯაში სტუმრობამდეც მიანიშნა ამ თემაზე. აზერბაიჯანის მხარე ასეთ დროს კლანჭებს აჩენს და საქართველოს შეახსენებს, თითქოს მეთერთმეტე საუკუნემდე გარეჯაში არაფერი ყოფილა, მხოლოდ ამ დროიდან შეიქმნა ალბანური კულტურა, რის მითვისებასაც თურმე ჩვენ ვცდილობთ” / „გარეჯის საზღვრის საკითხი აღარ ითმენს“.

“კიდევ ერთხელ მედიისა და საზოგადოების აქტიურობის შედეგად საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე გარეჯაში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ შექმნილი სამდღიანი შეზღუდვა მოიხსნა. ტურისტებს, მომლოცველებსა და, რაღა თქმა უნდა, სასულიერო პირებს მიმოსვლის საშუალება ძველებურად მიეცათ. თუმცა, მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები მონასტრებთან დამაკავშირებელ ბილიკებზე გაუგებარ გამაგრებით სამუშაოებს კვლავაც ეწევიან. ამიტომაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ მდგომარეობა მხოლოდ დროებით განიმუხტა. ჩვენმა ინერტულმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ქართველები გარეჯასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კვლავ მწვავედ რეაგირებენ და თუ აზერბაიჯანული შეზღუდვები უმოკლეს დროში არ მოიხსნებოდა, საზოგადოების პროტესტი მოჰყვებოდა. სანამ საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია არ მოხდება, ეს პრობლემა არ მოგვარდება, რადგან დავითგარეჯაში აზერბაიჯანელების ფსევდომეგობრულ-მეზობლური და “თავაზიანი” გამოხდომა პირველი არ ყოფილა და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავითგარეჯის ლავრის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი).

“ფაქტია, აზერბაიჯანელი მესაზღვრე ერთი ფეხით უკვე დგას ჩიჩხიტურის მონასტერში და მეორის უდაბნოს მონასტერში მყარად დადგმას ცდილობს გარეჯის მრავალმთაში საბოლოოდ წელში გასამართავად. ხელისუფლება პრობლემის მიზეზს არ განმარტავს, ვითომ დიპლომატიის მიზნით მდუმარებას გვირჩევს. ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ პირად საუბრებში მიღებულ ცნობებს. ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი აზერბაიჯანის, ყარაიაზის რეგიონის სასაზღვრო სექტორის უფროსს ესაუბრა. აზერბაიჯანელმა თქვა, რომ უსაყვედურეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის “ევროპა­ ნოსტრას” ფარგლებში გარეჯის მონასტრების მონახულების გამო, რატომ არ ვიცოდით, საქართველოს პრეზიდენტი უძველეს ალბანურ ძეგლებთან თუ გადაადგილდებოდაო?! ამიტომაც მონასტრების ჩაკეტვა უბრძანებიათ. შეუძლებელია, ამის შესახებ აზერბაიჯანში არ სცოდნოდათ, რადგან საქართველოს პრეზიდენტის თანმხლებთა შორის აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამი წარმომადგენელიც იყო. საქართველოს მთავრობის წევრებისგან დავიწყებულ გარეჯის მრავალმთის მონასტრებში მოულოდნელი და სასიხარულო იყო პრეზიდენტის სტუმრობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იქ, სადაც ჯერ არ არის დელიმიტირებული და დემარკირებული საზღვარი, არამედ სასაზღვრო ზონაა, ისტორიულად კი ტერიტორია ნამდვილად საქართველოსია, რატომ უნდა თანხმდებოდეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებასთან ან სასაზღვრო სამსახურთან? აზერბაიჯანელებს არ მოსწონთ, როდესაც ვინმე საზღვრის ამ მონაკვეთის პრობლემის მოგვარებაზე ამახვილებს ყურად­ღებას. სალომე ზურაბიშვილმა კი გარეჯაში სტუმრობამდეც მიანიშნა ამ თემაზე. აზერბაიჯანის მხარე ასეთ დროს კლანჭებს აჩენს და საქართველოს შეახსენებს, თითქოს მეთერთმეტე საუკუნემდე გარეჯაში არაფერი ყოფილა, მხოლოდ ამ დროიდან შეიქმნა ალბანური კულტურა, რის მითვისებასაც თურმე ჩვენ ვცდილობთ. გასაგებია, რომ აზერბაიჯანი თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ჩვენ რას ვაკეთებთ? ვიცავთ სახელმწიფოებრივ ინტერესს? ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, ერს, რომელსაც ისტორია არა აქვს, მიეცით გარეჯა და დიდებული ისტორია ექნებაო. ეს უმნიშვნელოვანესი რელიგიურ-ისტორიული სივრცეა. აქ არ არის ჩვეულებრივი მონასტრული ცხოვრებისა და ყოფის ადგილი, ეს იყო სახელმწიფოებრივად სტრატეგიული ადგილი და დღემდე ასეთია. თუ ერი ამას ვერ აცნობიერებს, მას ცნობიერების კრიზისი აქვს. ხელისუფლებამ ყური მანამ არ შეიბერტყა, სანამ მედიამ არ ააწრიალა და არა მგონია, უახლოეს მომავალში ეს თემა გაააქტიურონ”, - მიიჩნევს კირიონი.

“იგივე ხდებოდა 2012 წლის მაისშიც - მაშინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტყვიამფრქვევებით, ფაქტობრივად, შემოიჭრნენ მონასტრებში. მაშინაც ვის არ მივმართეთ (გრიგოლ ვაშაძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი), მაგრამ ამაოდ. სანამ მედიას არ შევატყობინეთ გარეჯის გასაჭირი, მანამდე ხელისუფლებაში სამარისებური დუმილი სუფევდა. მეტიც, ქართველი მესაზღვრეები გააფრთხილეს, აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისთვის ხელი არ შეეშალათ. მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ თურმე უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ისიც კი არ უთქვამთ, რის საფუძველზე მიაკუთვნეს მეზობელს ტერიტორია, რომელზეც უძველესი ქართული კულტურული ძეგლი მდებარეობს. ხელისუფლებები შეიცვალა, გარეჯის პრობლემა კი არ შეცვლილა. უდაბნოს მონასტერი არა მხოლოდ ინგრევა, ტერიტორიულადაც ვკარგავთ. გვართმევენ VII საუკუნის მონასტერს და უძველეს გარეჯულ მხატვრობას, მამა დავითის უძველეს სამლოცველოს, განდეგილურ სენაკს, 6000 გარეჯელი ბერის მარტვილობის ადგილს... ვთხოვთ­ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანული თემის მოსახლეობას, შეასრულეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი საქართველოს წინაშე და თქვენს ისტორიულ სამშობლოს, იქაურ ჩინოსნებს, მოუწოდეთ ყველაფერი გააკეთონ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა მართლა კეთილმეზობლური იყოს”, - დასძენს დავითგარეჯის ლავრის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი.

“ევროპა ნოსტრას” ფარგლებში გარეჯის მრავალმთის მონასტრებში სტუმრობისა და ნგრევის პირას მისული უდაბნოს მონასტრის დათვალიერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “ევროპა ნოსტრა” კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნის 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. “ევროპა ნოსტრა” საერთოევროპული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენისთვის უზრუნველყოფს დიალოგისა და დებატების პლატფორმას; აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ ამას ემსახურება “ევროპა ნოსტრას” მიერ დავითგარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს”. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე ორი თვის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზეც განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი ამდენი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ცნობისთვის, 2007 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარეჯის მრავალმთის მონაკვეთის დარეგულირების საკითხის გააქტიურების შემდეგ ვითარება დაიძაბა. აზერბაიჯანელმა ისტორიკოსებმა გარეჯის მონასტრები ალბანურ ძეგლებად მოიხსენიეს და საქართველოსთან მათი კავშირი გამორიცხეს. ამას ქართველი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, პასუხად კი ე. წ. საზღვარზე მონასტრების მიმდებარედ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩიჩხიტურის მონასტერი დაიკავეს. სანამ სახელმწიფოები დელიმიტაციადემარკაციის საკითხზე საბოლოოდ არ შეთანხმდებოდნენ, მანამდე დაძაბულობა განიმუხტა, თუმცა აზერბაიჯანელებს ჩიჩხიტურის მონასტერი დღემდე არ დაუთმიათ. 2011 წლის ოქტომბერში ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანელმა­ მესაზღვრეებმა ქართველი და უცხოელი ტურისტები კოშკთან სურათების გადაღების გამო დააკავეს. ქართველი მესაზღვრეების დროულად ჩარევამ უცხოელები იხსნა და აზერბაიჯანი უცხო ქვეყანასთან მოსალოდნელ დიპლომატიურ სკანდალს გადაარჩინა, მაგრამ ქართველი ტურისტები აზერბაიჯანელებმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 2012 წლის 6 მაისს (გიორგობას) აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრის აღდგომის და სამარტვილე ტაძრებთან ჩასასვლელები დაიკავეს. ტაძრებთან 5-5-კაციანი ჯგუფები დადგნენ და ქართველ მესაზღვრეებსა და ბერებს განუცხადეს, თქვენი უდაბნოს მონასტერი ჩვენი ტერიტორიაა და აქ აღარავის შემოვუშვებთო”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ქუთათელაძე - “ამ ეტაპზე პირდაპირ დაკავებაზე გადასვლა უფრო დიდი შეცდომა იქნება”

“ხელისუფლების წარმომადგენლები იოლი გზით წავიდნენ - დაელაპარაკნენ იმ ნაწილს, რომელიც თანახმაა და შეეცადნენ, მოწინააღმდეგეებთან შეთანხმების გარეშე გადაეჭრათ საკითხი. თუმცა მოსახლეობის ნაწილს მაინც არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა... ვერ ვიტყვი, რომ პოლიციამ ძალას გადააჭარბა, მიმაჩნია, რომ ის ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებების ტყვე და მსხვერპლი გახდა. შეცდომაა ისიც, რომ თვითმმართველობამ, პოლიციამ და უსაფრთხოებამ ვერ მოიპოვეს ინფორმაცია. შსს-სა და უსაფრთხოების კოორდინაცია მანამ უნდა მოხდეს, სანამ ნაბიჯს გადადგამ”, - აცხადებს უშიშროების ექსმინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამ ეტაპზე პირდაპირ დაკავებაზე გადასვლა უფრო დიდი შეცდომა იქნება”

“როდესაც პოლიციას შეიყვან და იქ ასეთი სურათი დაგხვდება, რომელ კოორდინაციაზეა ლაპარაკი? ახლა მათ კოორდინირებულად უნდა ილაპარაკონ, როგორ გამოვიდნენ კრიზისული მდგომარეობიდან. როცა სამშენებლო ღონისძიებები მიმდინარეობს და იქ პოლიცია დაცვის მიზნით შედის, სპეცოპერაციას ვერ დავარქმევთ. არ შეიძლება უბრალო ღონისძიების გამო ამხელა აჟიოტაჟის ატეხა, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს ამ რეგიონის სპეციფიკა... ახლა საჭიროა ისევ მოსახლეობასთან მუშაობა. მოსახლეობა ადუღებულია, ამბობს, არავის შემოვუშვებთო, პოლიცია კი, ალბათ, ფიქრობს, ყველა დამნაშავეს დავიჭერთო. პრობლემა ისევ მოლაპარაკებიIთ უნდა გადაწყდეს - ერთი მხრივ, მოსახლეობამ უნდა აღიაროს, რომ არაადეკვატურად მოიქცა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და დაწვა მათი მანქანები, მეორე მხრივ, სახელმწიფომაც უნდა გააცნობიეროს, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკების გარეშე გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმა არ შეიძლება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ქუთათელაძე.

“არც ის არის გამორიცხული, შსს-ს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია და ეცადნენ ნეიტრალიზების მიზნით შეეყვანათ პოლიციის გაძლიერებული ჯგუფი, მაგრამ თუ გაქვს ინფორმაცია, რომ იქ უნდა მოხდეს წინააღმდეგობა, ასეთი ფორმით პრობლემა მაინც არ უნდა გადაწყვიტო. პირველ რიგში, უნდა გადავჭრათ საკითხი, უნდა აშენდეს თუ არა ჰესი, და მეორე მოსახლეობასთან ერთად უნდა განიხილო დამნაშავეების დაკავება-არდაკავების საკითხი. მართლაც რთული სიტუაციაა და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე პირდაპირ დაკავებაზე გადასვლა უფრო დიდი შეცდომა იქნება. ეს არის ჯოხის ორი ბოლო, ამიტომ ჯობია პრობლემას მანამდე ვებრძოლოთ, სანამ გაჩნდება”, - დაასკვნის უშიშროების ექსმინისტრი.

ვახტანგ მაისაია - “კადიროვი მზადაა ჩაერიოს პროცესში, როცა ამის საშუალება მიეცემა“

“აღმაშფოთებელი ის იყო, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ გააფრთხილა ადგილობრივი ხელისუფლება, გამგებელი და უხუცესთა საბჭო ხეობაში პოლიციური ძალის შეყვანის თაობაზე. საოცარია, რომ გამგებელიც მოწინააღმდეგეთა რიგებში იდგა, ანუ ადგილობრივი ხელისუფლებაც გაურკვევლობაში იყო. როგორც ცნობილია, კადიროვს პანკისის ხეობაში თავისი ინტერესები აქვს. ორი აზრი არ არის, რომ ჩასაფრებულია და მზადაა ჩაერიოს, როცა ამის საშუალება მიეცემა”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „კადიროვი მზადაა ჩაერიოს პროცესში, როცა ამის საშუალება მიეცემა“.

“მას ჰყავს 12-ათასიანი კარგად შეიარაღებული გასამხედროებული ფორმირება, რომელიც მოიცავს სადაზვერვო სტრუქტურასა და ოპერატიული რეაგირების სამსახურს. სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობს დაუდოვი (მეტსახელად “ლორდი”), კადიროვის მარჯვენა ხელი და პირადი დაცვის უფროსი. ამავე დროს, კადიროვს ექვემდებარება კაკიევის დაჯგუფებები, ე.წ. რუსეთის სამხედრო დაზვერვის 42-ე და 44-ე ბატალიონები, რომლებიც ფორმალურად ექვემდებარებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მეორე მთავარ სამმართველოს, ანუ გრუ-ს და, ფაქტობრივად, ისინი არიან კადიროვის ოპერატიულ დაქვემდებარებაში. 12-ათასიანი შეიარაღებული რაზმების კოჰორტაზე კადიროვი პირდაპირ აცხადებს, რომ ის არის პუტინის პირადი გვარდია. ამ რაზმს, რომელიც კარგად შეიარაღებული და მომზადებულია, დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს მიღებული სირიაში, ასევე მისი ნაწილები იბრძოდნენ უკრაინის წინააღმდეგ დონბასში. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ჩრდილო კავკასიაში მოქმედებენ 33-ე და 34-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადებიც, რომლებიც ასევე შეიძლება მტერმა ჰიბრიდული საბრძოლო ოპერაციებისთვის გამოიყენოს პანკისში,” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთტან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“შეუძლიათ საცალფეხო ბილიკით გადმოვიდნენ­ და სავსებით შესაძლებელია, 3000-იანმა არმიამ დაიკავოს ხეობა. ღმერთმა დაიფაროს, აქამდე მივიდეს საქმე... უნდა აღინიშნოს ჩვენი სპეცრაზმელების დიდი მოთმინება. ისიც ყურადსაღებია, რომ რეგიონში გათვლილი არ ჰქონდათ რისკები. შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტს უნდა გაეთვალა ყველაფერი და შეედგინა რისკებისა და საფრთხეების დოკუმენტი. სახეზეა სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი, რამაც შეიძლება არშემდგარი ქვეყნის სტატუსამდე მიგვიყვანოს. საქართველოს 2002 წელს უკვე ჰქონდა მინიჭებული ეს სტატუსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან”, - დასძენს მაისაია.

“გახარია იძულებული გახადეს, გადაედგა არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი” - ემზარ საბანაძე

“საინტერესოა, ვისთან იყო შეთანხმებული, რომ პოლიცია შესულიყო პანკისში ობიექტის დასაცავად? თბილისიდან პანკისამდე შორი მანძილია, გასარკვევია, ასე მალე როგორ აღმოჩნდა სპეცრაზმი პანკისში. ექსპრეზიდენტს უყვარდა ხოლმე ე.წ. კარტინკების გადაღება-გავრცელება და პანკისშიც ზუსტად “კარტინკა” იყო ის, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება პანკისელებს. დიდ ტრაგედიას გადავურჩით. ჩეჩნეთს 100-კაციანი სპეცრაზმიც რომ გადმოესხა, ან ერთ პანკისელსაც რომ ეთხოვა რუსეთისთვის დახმარება, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა. ამ ხეობის უმრავლესობა ხომ დე იურე რუსეთის მოქალაქეა”, - აცხადებს საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციარული სისტემის რეფ­ორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ემზარ საბანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გახარია იძულებული გახადეს, გადაედგა არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი” - საბანაძე.

“შს მინისტრმა ჩააწყნარა სიტუაცია, გახარიას დამსახურებაა სისხლისღვრამდე რომ არ მივედით, მან მესიჯი გაუშვა პროვოკატორებთან, როცა თქვა, დამნაშავეები დაისჯებიანო. ახლა შსს-მ უნდა იმუშაოს იმ პროვოკატორების გამოვლენაზე, რომლებმაც აქციის მონაწილეები წააქეზეს. იკვეთება საბოტაჟის ნიშნები, რაც ანტისახელმწიფოებრივია. ვფიქრობ, გახარია შეგნებულად ჩააყენეს ასეთ სიტუაციაში - პოლიტიკური ვითარება რომ არ დაიძაბოს, მან უნდა გადადგას არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი, დაარღვიოს კანონი და იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, არ აგებინოს პასუხი, აქედან გამომდინარე, წაახალისოს კრიმინალი და პროვოკატორებს მისცეს შესაძლებლობა, სხვადასხვა ტერიტორია გამოიყენონ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის. მალე ზუგდიდში უნდა ჩატარდეს არჩევნები და თავისუფლად შეიძლება ეს მდგომარეობა იქაც მივიღოთ. ვიცით, სამეგრელოს რომელი ტერიტორია ესაზღვრება და მსგავს შემთხვევაში შსს-მ ადეკვატური ზომები ხომ უნდა მიიღოს? თუ პანკისში შერჩათ, შესაძლოა ზუგდიდში ორჯერ მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. სერიოზული სამუშაოა - უნდა გაიშიფროს, ვინ წაუკიდა ცეცხლი პოლიციის მანქანას, ვინ იყო შეტაკების ინიციატორი და ვინ მოახდინა მოსახლეობის მობილიზება”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ემზარ საბანაძე.

“ვფიქრობ, არ უნდა დააპატიმრონ პანკისელები - თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ის არ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელი. მოვლენასა და ფაქტებს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, გამოავლინონ დამნაშავეები და დაუმტკიცონ, რომ ჩაიდინეს დანაშაული. პირი თუნდაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყოს და გარკვეული ვადის შემდეგ ნასამართლობა გაუქარწყლდება. დიდი ალბათობით, ეს იყო მართული პროცესი და ინსპირირებული იმ მხარის მიერ, რომელიც საქართველოში დესტაბილიზაციით არის დაინტერესებული. ასეთი მარტო რუსეთი როდია. თუმცა, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მერე რუსეთმა უკვე ჩვენთვის მოიცალა. აქ რაღაცები უნდა გადაწყდეს. წინასაარჩევნოდ რუსეთი ყველა რეგიონს თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

მამუკა არეშიძე - “ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რომ ბზობა დღეს საცოდავ დღეში ჩავარდნილიყო ქვეყანა”

“ვეჭვობ, ვიღაცამ ხელოვნურად დაძაბა ვითარება, რათა დარტყმა ხელისუფლებაზე, კონკრეტულად, შსს-ზე ყოფილიყო. გამახსენდა ლაფანყურის მოვლენა, როდესაც ერთმა მინისტრმა მეორეს (მერაბიშვილმა ახალაიას) სპეციალურად შეუქმნა ისეთი ვითარება, რომ განსაცდელში ჩავარდნილიყო... რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველომ არ განავითაროს დამოუკიდებელი ენერგეტიკა... იქ არა მხოლოდ რუსეთის, ზოგიერთი მუსლიმანური სახელმწიფოს ხელიც ჩანდა. იმ ხალხს შორის რადიკალური ისლამის წარმომადგენლებიც იყვნენ, მარტო ვაჰაბიტები და სალაფიტები კი არა... ვერ გაიგეს, რომ ეს არის სენსიტიური რეგიონი და იქ სხვანაირი მოქცევაა საჭირო”, - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალისტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რომ ბზობა დღეს საცოდავ დღეში ჩავარდნილიყო ქვეყანა“

“ მთელ ამ აურზაურში, თუ შეატყვეთ, გამქრალი იყო ადგილობრივი ხელისუფლება, ვითომ არც არსებობდა. ქვეყანაში არ არსებობს უშიშროების საბჭო, ის სისტემა, რომელიც ხელისუფლებას რეკომენდაციებს მისცემს, სამაგიეროდ, არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული პერსონები (ზოგი სალაფიტია, ზოგი კადიროვის გუნდთან დაახლოებული და ა.შ.), რომლებიც დადიან ხეობაში და მოსახლეობას აქეზებენ, მაგრამ სახელმწიფო იმისია, რომ აქამდე სიტუაცია არ მიიყვანოს. ვერავინ მიხსნის, რატომ უნდა მომხდარიყო ეს ამბავი მაინცდამაინც ბზობა დღეს. შეთქმულების თეორიას თუ გავყვებით, გამოდის, ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რომ მართლმადიდებლებისათვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს საცოდავ დღეში ჩავარდნილიყო ქვეყანა - სახელმწიფოს პოლიციელები გაულახეს და ის ვერაფერს აკეთებს. გახარიამ აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც თქვა, ყველანი დაისჯებიან, ვინც ამ სიტუაციამდე მიიყვანა ხალხიო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“უნდა შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რომელშიც რელიგიური, ეთნიკური თუ ჰიდროენერგეტიკის დარგის ადგილობრივი სპეციალისტებიც შევლენ. ჰესები უნდა აშენდეს, ოღონდ საკითხის ძირისძირობამდე შესწავლით. იქ თუ ეკოლოგია დაინგრევა, ჩვენთვის სულერთია? რაც შუახევში მოხდა, კატასტროფაა და ეს ტრაგედია ექოსავით ისმის მთელ საქართველოში. საფრანგეთის პოლიცია რომ არის დემორალიზებული, ეგეთი უნდა, “ყვითელმა­ ჟილეტებმა” მოსრეს ფრანგული პოლიცია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაემხო? მათ შეუძლიათ ჟანდარმერია გამოიყვანონ და ქვა ქვაზე არ დატოვონ, თუმცა ამას არ აკეთებენ, თვლიან, რომ სამოქალაქო მშვიდობის შესანარჩუნებლად სხვა გზა უკეთესია...”, - განმარტავს ექსპერტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო