გედევან ფოფხაძე - სახელისუფლებო პოზიციაა, სასამართლო სისტემის კლანის ხელში დატოვება და სასამართლოს გადაქცევა ჩვეულებრივ შპს-დ

დღეს, გამოკვეთილი სახელისუფლებო პოზიცია არის სასამართლო სისტემის კლანის ხელში დატოვება და სასამართლოს გადაქცევა ჩვეულებრივ შპს-დ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სასამართლოში დაბუდებული „კლანი“ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მიმდინარე კვირაში პარლამენტმა მორალური არჩევანი უნდა გააკეთოს, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის წესს ეხება.

„ეს კვირა იქნება ბოლო შანსი ჩვენი პარლამენტისთვის, რომ ამ სასესიო კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება სამართლიანობასთან დაკავშირებით. ისევ დღის წესრიგში გვაქვს ორი პროექტი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით და ამ ორ პროექტს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს ქართულმა პარლამენტმა. ეს არ არის საკითხი, რომელიც უბრალოდ ადგენს პროცედურებს და ეხება წესებს. ეს ეხება ღირებულებებს და იმას, თუ რა არჩევანს გააკეთებს ქართული სახელმწიფო მართლმსაჯულებასთან მიმართებაში. დღეს გამოკვეთილი სახელისუფლებო პოზიცია არის სასამართლო სისტემის კლანის ხელში დატოვება და სასამართლოს გადაქცევა ჩვეულებრივ შპს-დ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იქნება სასამართლოში დაბუდებული კლანი. თუ ამ პროცესს ყველა ერთად არ აღვუდგებით, ეს ნებისმიერ ჩვენთაგანს წინ დახვდება, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევანი, ეს არის მორალური არჩევანი, რომელიც ყველამ ამ კვირაში უნდა გავაკეთოთ. კარგად მესმის, რომ ბევრს არ უნდა კომფორტული ზონიდან გამოსვლა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს მაინც გახდება ერთ-ერთი ისტორიული გადაწყვეტილება ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის და ჩვენი სადეპუტატო მანდატი ამ გადაწყვეტილებით, ან დამძიმდება, ან მორალურად გამართლდება. ამიტომ უნდა მივიღოთ სწორედ ასეთ აქცენტებზე, ორიენტირებზე აგებული გადაწყვეტილება, კარგად გავიაზროთ, რა ხდება. ეს კვირა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ან დავრჩეთ ერთგული ჩვენი ხალახის, სინდისის და იმ ღირებულებების, რომლისთვისაც ვიბრძოდით, ან ერთხელ და სამუდამოდ, ვთქვათ, რომ ჩვენ ვემსახურებით არა ხალხსა და ქვეყანას, არამედ სისტემას, რომელიც ემსახურება თავის თავს და თავის ქოლგით გაერთიანებულ ანგარებიან ადამიანებს. ეს არის ძალიან პრინციპული არჩევანი, ვინ რა არჩევანს გააკეთებს, რა თქმა უნდა, ყველას პერსონალური საქმეა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა და გაგრძნობინოთ ამ არჩევანის მორალური ფასი, იმიტომ რომ ეს არჩევანი არ ჩაივლის უშედეგოდ ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის, ამ პარლამენტისთვის“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო