სოფიო ხორგუანი - დეპუტატის უფლებამოსილებით მინდა, შევცვალო ის, რაც დღეს ხდება, მინდა, პოლიტიკამ დაიბრუნოს შინაარსი

სოფიო ხორგუანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მთაწმინდის ოლქიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. მას შემდეგ ის სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებასა თუ თანამდებობის პირს კონკრეტული ინიციატივებით და ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის იდეებით მიმართავს და როგორც თავად აცხადებს, ამისთვის დეპუტატობა არ სჭირდება, თუმცა პარლამენტის წევრობის შემდეგ მეტი საშუალება ექნება, ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებს მისცეს ბიძგი. სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკის, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა და მთაწმინდაზე არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა.

- შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს პოლიტიკაში შემოსვლის ყველაზე სწორი შესაძლებლობაა. მინდა, შევცვალო ის, რაც დღეს ხდება - პოლიტიკამ დაკარგა შინაარსი, არადა, მისი უმთავრესი შინაარსი მსახურებაა, პოლიტიკოსი კი მოსამსახურეა. პოლიტიკოსი იმ მოქალაქეების მოსამსახურეა, ვინც მას თავისი ყოველდღიურობის გაუმჯობესებას ანდობს.

- თქვენი აზრით, დღეს ამის აღქმა საზოგადოებისა და პოლიტიკური ფიგურების მიერ სხვაგვარად ხდება?

- დიახ, სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკოსებს ავიწყდებათ მათი უმთავრესი ვალდებულება, რომ იმ ადამიანების სამსახურში არიან, ვინც ისინი დაიქირავა. ყველაფერი ადასტურებს, რომ ისინი დანარჩენ მოქალაქეებს სერიოზულად არ აღგვიქვამენ. ხომ გაგვიბედეს და გვითხრეს, რომ თურმე, 5 კილო კარტოფილად გავიყიდეთ. ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები დანაშაულებს სჩადიან, მერე ხელისუფლებაში აღარ არიან, მაგრამ ამაზე პასუხს არ აგებენ და მიაჩნიათ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. არ ვართ მდიდარი ქვეყანა, თუმცა სახელმწიფო აპარატში მილიარდნახევარს ვიხდით. რეალურად, მათ ვინახავთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მერე ძვირადღირებული მანქანის ფანჯრიდან ზემოდან გადმოგვხედონ, არამედ, იმისთვის, რომ უკეთ მოგვემსახურონ.

- თქვენი შეხედულებით, დღესდღეობით მეორეხარისხოვანი თემებით ან ზედაპირული მსჯელობებით იფარება ის მთავარი და ღრმა საკითხები, რაც რეალურად წარმოადგენს გამოწვევებსა და პრობლემებს? შეგიძლიათ, მოიყვანოთ მაგალითი?

- ჩვენი მთავარი პრობლემა ზედაპირულობაა, იქნება ეს დაკავშირებული ერთი კონკრეტული ქუჩის პრობლემის მოგვარებასთან, თუ უფრო მასშტაბურთან, მაგალითად, განათლების სისტემის რეფორმასთან. შინაარსის მიუხედავად ამ თემების მიმართ პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება ზერელეა, ისინი არ ჩადიან სიღრმეებში. უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თუ სიმართლეს თვალი არ გავუსწორეთ, დეტალებში არ გავიგეთ პრობლემა, მაშინ ჩვენი გადაწყვეტილებაც ზერელე იქნება. გადაწყვეტილების მიმღები პირები გვიჭირს - თანამდებობებზე იმისთვის არიან, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა ამას ვერ აკეთებენ.

- ხომ არ გგონიათ, რომ მათ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებამდე მისვლა მართლაც არ შეუძლიათ, ვინაიდან გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს?

- მაშინ ნუ აიღებენ ხელფასებს. ჩვენ არც ერთ მათგანს ვეხვეწებით, არამედ, თვითონ იღწვიან და იბრძვიან, რომ პოლიტიკაში, თანამდებობაზე მოვიდნენ. რომ მოხვედი, ხელფასს იღებ, მანქანა გემსახურება, კომფორტულ კაბინეტში ზიხარ, მაშინ შეასრულე შენი ვალდებულებები.

- ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდეს გადაწყვეტილებები...

- არ ვარ ამაში დარწმუნებული. არ მომწონს, როდესაც ყველაფრის ერთ ადამიანზე გადაბრალება ხდება, გინდა ხელისუფლებიდან, გინდ - ოპოზიციიდან. ამ აზრს არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები. მაგალითად, სერგო ქობულაძის სახელოსნო 130 000 დოლარი ღირს. ამას რამე მოუხერხონ, იყიდონ, გააკეთონ სივრცე, სადაც ტურისტი მოვა, დაათვალიერებს, მოვლენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და ა.შ. ეს სარგებელს მოიტანს, ჩასმული იქნება ტურისტულ მარშრუტშიც. სწორად თუ მიუდგები ყველაფერს, რა შუაშია აქ ბიძინა ივანიშვილი? მაინცდამაინც ფონდ „ქართუს“ უნდა მივაკითხო, რომ ეს სახლი იყიდოს? ისედაც საკმარისია, ჩვენ რომ ფონდი „ქართუ“ არ გვქონოდა, ერთი ცოცხალი ძეგლი არ გვექნებოდა.

- დიახ, მაგრამ ხომ არის ისეთი საკითხები, სადაც ივანიშვილის ინტერესების წინააღმდეგ წასვლამ რომელიმე თანამდებობის პირს შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას?

- ეს არის ვარაუდი, ჭორი. არ ვიცი, ამას ჭორი დავარქვა თუ ვარაუდი. პოლიტიკოსის საქმე ვარაუდებზე კომენტარების კეთება ან პროცესების მითოლოგიზაცია და დემონიზაცია არ არის, პოლიტიკა რეალური შესაძლებლობების ხელოვნებაა. მოცემულობაა, რომ არის პრობლემა, ვაგებინებ შესაბამის ორგანოში ამ პრობლემის შესახებ, ამას გარდა, რამდენიმე გადაწყვეტილების რამდენიმე ვერსიას ვთავაზობ და მოვუწოდებ, რომელიმე გადაწყვეტილება მიიღონ. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს უნდა ჰკითხონ, ეს სახლი შეიძინონ თუ არა?

- ე.ი. თქვენ უფრო იმ მოსაზრებას ემხრობით, რომ თითოეული ადამიანი იმდენად არ ინდომებს პრობლემების გადაწყვეტას, რამდენადაც ამის შესაძლებლობა აქვს?

- ვამბობ იმას, რომ ყველას გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობები. პოსტსაბჭოური სინდრომია, სხვაგან ეძებო დამნაშავე და სხვას დააკისრო ის პასუხისმგებლობა, რომელშიც შენ ხელფასს იღებ (და ეს ხელფასი მცირე არ არის). მასწავლებლის ხელფასი 405 ლარია, დეპუტატის ხელფასი ამაზე რამდენჯერ მეტია?

იცით, თბილისის განვითარების ფონდმა რა მომწერა, როცა მივწერე, კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა განსაზღვრეთ-მეთქი? ჩვენ ახლა დაკავებულები ვართ ტურისტებისთვის საფეხმავლო ბილიკების ინფრასტრუქტურის მოწყობითო. გერსმით, ეს რომ მათი პრიორიტეტია, რასთან მაქვს საქმე? რა შუაშია ახლა აქ ბიძინა ივანიშვილი, მითხარით.

- შეიძლება, ეს უარეს პრობლემას ნიშნავდეს, თუ ვიტყვით, რომ ივანიშვილი არ არის ამ ყველაფრის გადამწყვეტი და ყველგან პასუხისმგებლობის ნაკლებობის პრობლემაა...

- მე, როგორც მოქალაქე, მივხვდი, რომ სხვადასხვა ეთერში მისვლა და პრესკონფერენციების ჩატარება, რასაც ხშირად ვაკეთებდი ჩემი სამოქალაქო შეგნებით, საკმარისი არ არის. დეპუტატის უფლებამოსილება გაცილებით მეტია. დღეს ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქციით პოლიტიკას ქვეყანაში პარლამენტი განსაზღვრავს, აკონტროლებს რა აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს კონტროლი არ ნიშნავს მხოლოდ „მინისტრების საათს“. მე მივმართავ და ვეუბნები, ჯგუფი შექმნან და განსაზღვრონ კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა, თანაც ვუხსნი, როგორი უნდა იყოს. ეს იმიტომ მჭირდება, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და ბოლომდე გააზრებული ჯერ კიდევ არ გვაქვს, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა. ბევრს დღემდე არ ესმის, რომ გზა, ქუჩა, სკვერი - ყველაფერი ჩვენი საერთო ფულით კეთდება.

- გადავიდეთ მთაწმინდის ოლქის პრობლემებზე. რა არის ყველაზე მთავარი გამოწვევები და როგორ აპირებთ მათ მოგვარებას?

- მთაწმინდის ოლქში ძირითადად იგივე პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში. აქცენტი რამდენიმე თემაზე მექნება: ეს არის განათლება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მთაწმინდა მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის არეალია და ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება, ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ. ჩვენ პრაქტიკულად, 40-დან 65 წლამდე ადამიანები ბორტს მიღმა დავტოვეთ. 40 წლამდე კიდევ არის სამსახურის დაწყების შანსი, 65 წლის მერე კი პენსიაა. არადა, 40-დან 65 წლამდე რამდენი გამოცდილი ადამიანია: მხატვარი, არქიტექტორი, ინჟინერი და ა.შ. ისინი შეიძლება, კვალიფიციური მუშები გახდნენ. გვაქვს ეს პოტენციალი, ჩვენი რესურსი, საინტერესო მდებარეობის გარდა, ყოველთვის საინტერესო ადამიანები იყო.

ამას გარდა, ვამბობ, რომ მოდი, განვსაზღვროთ კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა. არსებობს პრეცედენტები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება. მაგრამ როცა 9 მილიონს ძეგლთა დაცვის სააგენტოს აძლევ და 30 მილიონს ტურიზმის რეკლამირებაში ხარჯავ, ტურისტს აქ რა უნდა აჩვენო? საინტერესოა ასევე პასუხისმგებლობის გადაბარების საკითხიც. მემკვიდრეობის პოლიტიკის განსაზღვრაზე ხომ ვერ მომწერდნენ, ვერაფერს ვაკეთებთ, ივანიშვილს უნდა ვკითხოთო, ამიტომ, მთავრობამ გადაუგზავნა განათლების სამინისტროს, მათ - ძეგლთა დაცვას და მერიას, მერე გადაუგზავნეს ფონდს, რომელმაც მომწერა, საფეხმავლო ბილიკების ინფრასტრუქტურის მოწყობაა ჩემი პრიორიტეტიო, რაც პრაქტიკულად, აბსურდია.

- ე.ი. როგორც კი კანდიდატობა გადაწყვიტეთ, მაშინვე შეუდექით გარკვეული მმართულებებით მუშაობას?

- რა თქმა უნდა - პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. სხვათაშორის, ინფორმაციის მოგროვებისას გამგეობას წერილი გავუგზავნე, თუ შეიძლება, მომაწოდეთ ინფორმაცია, რამდენი ძეგლი გვაქვს და აქედან, რამდენია ავარიული-მეთქი. პასუხად მივიღე, ეს ინფორმაცია ჩვენთან დაცული არ არისო. მაშინ გამგეობამ როგორ უნდა გადაწყვიტოს, საიდან უნდა დაიწყოს ამა თუ იმ შენობის გამაგრება? ანალოგიურია, ხანძრის ჩაქრობაში რომ ოსტატები ვართ, თუმცა პრევენციაზე სისტემა არ მუშაობს.

განათლების მიმართულებაზე გეტყვით: მთავარი რესურსი ადამიანია და ვფიქრობ, განათლების სისტემას უნდა ვუშველოთ. დღეს ამ სისტემაში კატასტროფა ხდება, რეფორმების ტალღა კი არა, ტალღები გვქონდა, თუმცა მათ ატარებენ ადამიანები, ვისაც სკოლის პრობლემები შიგნიდან არ ესმის. საუბარი მიდის ტრენინგებზე, მაგრამ რატომ არ ჩანს შედეგი? თითქოს, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია ბავშვები, მაგრამ მათ ვანდობთ ადამიანებს, რომელთაც მხოლოდ 405 ლარს ვუხდით. მოტივაციაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ელემენტარული საჭიროებაა, არსებობა ხომ მჭირდება?! მე ვამბობ, მინიმალური ხელფასი სექტემბრიდან თუ არა, პირველი იანვრიდან 1000 ლარი გახდეს. ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება სკოლა, ბევრი ინიციატივა მაქვს მოფიქრებული და დავიწყებ მიმართვებს - ამისთვის დეპუტატობა არ მჭირდება, თუმცა მერე, როცა ვიმედოვნებ, დეპუტატი გავხდები, სხვანაირად „შევაჯანჯღარებ“ მათ.

- რატომ გადაწყვიტეთ დამოუკიდებლად კენჭისყრა და გქონდათ თუ არა შესაძლებლობა, რომელიმე პარტიის მხრიდან შესულიყავით?

- ვიფიქრე, რომ ეს ჩემი უპირატესობა იქნებოდა და რაც უფრო მეტი კომუნიკაცია მაქვს ადამიანებთან, ვხვდები, რომ სწორად შემიფასებია. მე ვამბობ, რომ შეიძლება, ქვეყნის ორი მძლავრი პარტიის სიდიდე ხშირად მათი სისუსტეა. შალვა შავგულიძის წარმდგენები თავიანთი პოლიტიკური წარსულით დამძიმებულნი არიან, „ქართულ ოცნებას“ თავისი სიმძიმეები აქვს. საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიებისადმი იმედგაცრუება დღეს მოცემულობაა. ჩემი მთავარი ამოცანაა, იმედგაცრუებული ადამიანები დავარწმუნო, რომ ერთად ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. არ ვამბობ, რომ მოვდივარ გუნდით, არამედ, მოვდივარ მთაწმინდელების გუნდში.

- კონკურენტებზე გკითხავთ. დიდი გამოხმაურება გამოიწვია იმან, რომ შალვა შავგულიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების გვერდზე დადგა...

- ჩემთვის მისი გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო, რადგან როდესაც შენ ამბობ, რომ არ მოგწონს მურუსიძე და მიდიხარ მურუსიძის შემოქმედთან, ეს დაახლოებით, ჰგავს იმას, რომ აგვისტოს ომის მერე ის ჯარისკაცები, რომლებიც დაყარეს ბრძოლის ველზე, ვინც გადარჩა, დეზერტირებად გამოაცხადეს, ხოლო გენერლები გენერლებად დარჩნენ.

- როგორც ამბობენ, პოლიტიკური რეალიები შეიცვალა, მათ გაიაზრეს შეცდომები და ა.შ...

- შავგულიძის სლოგანში ნახსენებია „სამართალი“. სამართალი შეიძლება, ყველაზე უსამართლო იყოს, ეს კი ყველაზე კარგად იმ ადამიანებმა იციან, ვისთან ერთადაც შავგულიძე ბრძოლას აპირებს. თუ ამბობენ, რომ მათ გაიაზრეს შეცდომები, მაშინ მისცენ აღიარებითი ჩვენებები - მივიდეს გიგი უგულავა პროკურატურაში და მისცეს ჩვენება, როგორ ესწრებოდა 4 ნოემბერის თათბირს, სადაც 7 ნოემბრის დარბევა დაიგეგმა. „ვაიმე, ჩვენ მოვინანიეთ“ საკმარისი არ არის. რატომ იღებს თავის თავზე ამხელა პასუხისმგებლობას შალვა შავგულიძე? ისინი რომ ხელისუფლებაში მოვლენ და იმავეს გაიმეორებენ, მათ შავგულიძე შეაჩერებს? გირგვლიანის საქმე მძიმე იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოში ოჯახმა სამართალი ვერ მიიღო, არამედ იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო დადგა ჯარად სამართლის წინააღმდეგ. ხალხი, ვისთან ერთადაც შავგულიძეა, სწორედ ის ხალხია, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, ვინც იყვნენ მაშინ სახელმწიფო: პოლიციაც, პროკურატურაც, ადმინისტრაციაც და ა.შ.

- მეორე მხრივ, დღეს იმაზე მიდის საუბარი, რომ შეიძლება, ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შექმნა ე.წ. „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი“, მაგრამ მეორე პარტია პირიქით, მათ ახლა იღებს სწორედ მაშინ, როდესაც შემქმნელი მათ უკვე უარყოფს...

- „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გატანის მცდელობას არაფერი მოჰყვებოდა. „ქართულ ოცნებას“ ვუფასებ, რომ დღეს ძალადობა არ არის და ბევრი თავისუფლება გვაქვს. ამიტომ ჩვენ უნდა ვივარგოთ. იმაზე, რომ მოქალაქეებს „ოცნების“ გადაწყვეტილებები არ მოსწონთ და არ დაავიწყდათ, რაც იყო, მეტყველებს კვლევები, მოქალაქეთა 40 % ამბობს, არც ერთი მათგანი არ მინდაო.

- თუ ქვეყანაში ასეთი განწყობაა, რაც ხაზად გასდევს როგორც ზოგადად, თქვენს სხვა განცხადებებს, ასევე - ამ ინტერვიუს, რომ პოლიტიკოსები პრობლემებზე არ ფიქრობენ, ცდილობენ, ინტერესები გაიტანონ და ზერელედ შეხედონ პრობლემებს, ეს პოლიტიკური ნაწილის მაგივრად, აზროვნების ნაწილს ჰგავს. თუ დეპუტატი გახდებით, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ერთმა ადამიანმა პარლამენტსა და ქვეყანაში ეს ვითარება შეცვალოს? რეალურად, ამის შეცვლა გესახებათ?

- პრეცედენტები ქმნიან ტენდენციებს. ერთი ადამიანი, მოქალაქე მნიშვნელოვანია და შემიძლია, ამის მაგალითი მოვიყვანო: როცა სახალხო დამცველის მოადგილე ვიყავი, უმძიმესი პერიოდი გადავიტანეთ. ამხელა მანქანას მცირე ბიუჯეტითა და რესურსით ვეჭიდებობით. ადამიანის უფლებების მიმართ საზოგადოებაში მგრძნობელობა ნაკლები იყო, მაგრამ იმდენი ვქენით, რომ ყველა ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობდა, ნდობის რეიტინგით საპატრიარქოს შემდეგ მეორე ადგილზე ვიყავით, გაერომ კი „ა“ კლასის სტატუსი მოგვანიჭა. დელეგაციები რომ ჩამოდიოდნენ, გვეკითხებოდნენ, „ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ოპოზიცია ამბობს, რომ ყველაფერი ცუდად არის, თქვენ გვითხარით სიმართლეო“. სამ წელიწადში ეს გავაკეთეთ შეჭირვებულ მდგომარეობაში, როცა ჩვენს თანამშრომლებს სუსი, კუდი და ათასგვარი უბედურება დასდევდა და არ ვიცოდით, თანამშრომელი გადაგვერჩინა თუ ის, ვისაც ვიცავდით. დღეს მეტი თავისუფლებაა, რაც მოქმედების შესაძლებლობას იძლევა. ახლა ვცდილობ რაღაცების შეცვლას და დეპუტატის უფლებამოსილებით გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება. დღევანდელ დეპუტატებს წარმოდგენა არ აქვთ, რა უჭირავთ ხელში და რისი გაკეთება შეუძლიათ. იმიტომ არიან უპასუხისმგებლოები და იმიტომ არის პარლამენტის ნდობის რეიტინგი 5%. თემა არის ის, რომ იქ როდესაც გამოხვალ და კონკრეტული ინიციატივებით დეპუტატებს სათითაოდ ჩამოუვლი, რომ ეტყვი, აი, ესა და ეს არის გასაკეთებელი, უარი როგორ უნდა გითხრან?

ეკა აბაშიძე

„ინტერპრესნიუსი“