„ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი - გიდასტურებთ, რომ  კერზაიას საქმესთან  დაკავშირებით არის შეკითხვები, მაგრამ გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ფაქტი იქნება გამოძიებული

„ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი - გიდასტურებთ, რომ  კერზაიას საქმესთან  დაკავშირებით არის შეკითხვები, მაგრამ გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ფაქტი იქნება გამოძიებული

კიდევ ერთხელ ვამბობ და გიდასტურებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არის გარკვეული შეკითხვები, მაგრამ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული და გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ეს ფაქტი იქნება გამოძიებული, - განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ სოფელ დარჩელში ია კერზაიას შვილსა და „ქართული ოცნების“ მხარადამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ.

მისი თქმით, მან დღეს კერზაიას შესახებ არ ისაუბრა, რადგან შეხვედრას შვილი ბაჩანა შენგელია ესწრებოდა და იცოდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები ექნებოდა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მე შეხვედრაზეც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, გავეცი პასუხი ბატონ ბაჩანას და აღვნიშნე, თუ რა არის ჩემი როლი ამ საკითხში. მე როგორც ქალაქის მერობის კანდიდატი დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვამბობ და გიდასტურებთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არის გარკვეული შეკითხვები, შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციებსაც უჩნდებოდეთ შეკითხვები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, აღნიშნული ფაქტი იქნება გამოძიებული და ყველა ამ შეკითხვას გაეცემა პასუხი. ბატონი ბაჩანა გვერდით მედგა და მე შეგნებულად არ ვახსენე ქალბატონი იას სახელი, რადგან ვიცოდი, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა და მზარდ ვიყავი პასუხისთვის“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, სადაც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, შეხვედრაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილს ბაჩანა შენგელიას შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, მას დედის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების გამო მმართველი პარტიის აქტივისტები დაუპირისპირდნენ.