ბათუმის 18-ე სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, კლინიკა უკვე დატოვეს

ბათუმის 18-ე სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, კლინიკა უკვე დატოვეს

ბათუმის 18-ე საჯარო სკოლის მეორე კლასის 9 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის ბადრი პაქსაძის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს პირველადი დათვალიერების შედეგად გულისრევა და ღებინება აღენიშნებოდათ.

მისი ინფორმაციით, მოსწავლეებმა განუცხადეს, რომ კვერცხი ჭამეს. მოსწავლეებმა საავადმყოფო უკვე დატოვეს. ფაქტს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სწავლობს.

"9 მოსწავლე საავადმყოფოში დღის 5 საათზე შემოიყვანეს. მათ განაცხადეს, რომ შეღებილი კვერცხი მიირთვეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა ინფექციური საავადმყოფის ექიმმა ჯემალ დუმბაძემ.

ბათუმის 18-ე საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან დავითაძე ამბობს, რომ სკოლაში ბუფეტი არ ფუნქციონირებს და სააღდგომო კვერცხები ბავშვებმა სახლიდან მიიტანეს.