ზაალ ანჯაფარიძე - დღეს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის დაწყების შანსებს ვერ ვხედავ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, ჩვენი საუბრის დაწყება საშინაო პოლიტიკის სხვა, საკმაოდ აქტუალური თემებით მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, გვერდს ვერ ავუვლით პარლამენტში „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს.

საშინაო პოლიტიკაში პროცესები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ქვეყანას აშკარად ეტყობა, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალებისთვის 19 მაისის არჩევნები ზუგდიდში, მთაწმინდასა და მარნეულში მართლაც მნიშვნელოვანია. მეტიც, ეს არჩევნები, პირდაპირი მნიშვნელობით, 2020-ის რეპეტიციაა -ზუგდიდში, მთაწმინდასა და მარნეულში თუ არ წყდება, 2020 წლის არჩევნების შედეგები იტესტება.

ფაქტია, რომ ყველაფერი რაც შიდა პოლიტიკაში ხდება სწორედ ამ კუთხითაა დასანახი. ეს ჩხუბიც ამის ნაწილი უნდა იყოს, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და თქვენი აზრით, არჩევნებამდე დარჩენილ დროში რის დემონსტრირებას ცდილობენ ქართული პოლიტიკური სცენის ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალები?

- ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა ცდილობს საკუთარი ძალის და გავლენის დემონსტრირებას, რადგანაც იციან, რომ საქართველოს ამომრჩეველი სწორედ ძლიერს სცემს პატივს და მისკენ იხრება.

თუ ამ კუთხით შევხედავთ, შუალედურ არჩევნებში მონაწილე პარტიები სწორედ საკუთარი რესურსების სიძლიერის დემონსტრირებას შეეცდებიან, რომელშიც იგულისხმება კანდიდატებიც, საარჩევნო კამპანიის მასშტაბი, ლიდერთა რიტორიკა და სხვა ატრიბუტები.

ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა ცდილობს საკუთარი ძალის და გავლენის დემონსტრირებას, რადგანაც იციან, რომ საქართველოს ამომრჩეველი სწორედ ძლიერს სცემს პატივს და მისკენ იხრება

რაც შეეხება პარლამენტში მომხდარ ჩხუბს, გარწმუნებთ, არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ასეთ სცენებს ამ პარლამენტში კიდევ არაერთს ვნახავთ.

- ვინაიდან საკმაოზე მეტად აქტუალურია ის, რაც დავით გარეჯის ირგვლივ ხდება, ალბათ კარგი იქნება თუ საუბარს ამ თემით გავაგრძელებთ.

ფაქტია, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამწვავება ჩვენს ინტერესებში არ შედის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რაც ახლა დავით გარეჯის ირგვლივ ხდება, ორ სახელმწიფოს შორის არც კეთილმეზობლურ და არც სტრატეგიულ პარტნიორობის ფარგლებში არანაირად არ ჯდება.

ვითარებაში, როცა ჩვენში ანტიაზერბაიჯანული განწყობები მატულობს ცოტა უცნაურად კი ჩანს ამ საკითხზე ხელისუფლების დუმილი.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ამ საკითხში სიცხადის შეტანას და თქვენი აზრით, რამდენად აქვთ თბილისსა და ბაქოს იმის რესურსი და მზაობა, რომ პრობლემა უმტკივნეულოდა გადაიჭრას?

- ჩემი ვარაუდით, ამ საკითხზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები მიმდინარეობს და შესაძლოა ამ პროცესში ამ ეტაპზე საჯარო განცხადებების გაკეთება არც იყოს მიზანშეწონილი, რადგანაც მხარეების ინტერპრეტაციებით გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა ზიანი უფრო მეტი მოიტანონ ვიდრე სარგებელი.

დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები მიმდინარეობს და შესაძლოა ამ პროცესში ამ ეტაპზე საჯარო განცხადებების გაკეთება არც იყოს მიზანშეწონილი

თუმცა, მესმის რომ კონფიდენციალობის შენარჩუნება დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგანაც საკითხი საკმაოდ მგრძნობიარეა და საზოგადოება ღელავს. არის საშიშროება, რომ ჩვენმა არაკეთილმოსურნე ძალებმა ეს სრულიად ლეგიტიმური მღელვარება დესტრუქციულ კალაპოტში წარმართონ.

პრობლემის მოგვარების სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებს პრინციპულად განსხვავებული სასტარტო პოზიციები აქვთ ამ საკითხზე, როგორც პოლიტიკური, ისე ისტორიულ-კულტურული კუთხით.

როგორც ვიცი, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს და რაკი ასეთი მზაობა არსებობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მხარეების რაც შეიძლება მალე დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და საკითხის განხილვა საქმიან კალაპოტში გადავიდეს.

ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსებაზე ვაშინგტონსა და მოსკოვში წაიკითხავდნენ ისე, როგორც იყო ნათქვამი - საქართველო არ არის დაინტერესებული ხელი შეუწყოს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას

რაც უფრო დროში გაიწელება ეს პროცესი, მით უფრო გაიზრდება კონფლიქტის წარმოშობის, ან არსებული დაძაბულობის ესკალირების ალბათობა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ და მასზე აზერბაიჯანის რეაგირებამ რომ იტყვიან ყინული დაძრა და ეხლა უკვე პროცესის გაყინვა ნიშნავს პრობლემის დიდი ხნით გადადებას.

თუ მოლაპარაკებები დაიწყო და თუ მხარეები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარე თავს შეიკავებს დავით გარეჯის ტერიტორიაზე არსებული სტატუს ქვოს შეცვლისგან და ცალმხრივი ღონისძიებებისგან, კარგი იქნება.

- ოპონენტები დავით გარეჯის ირგვლივ ატეხილ ამბებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბაქოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას უკავშირებენ.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ დავით გარეჯის საკითხი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბაქოში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის დაჩქარებისკენ მოუწოდა?

- ვფიქრობ რაღაც კავშირი ალბათ არსებობს, რადგანაც დროში დამთხვევა და მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა, იძლევა ამის საფუძველს. როდესაც პრეზიდენტმა საკმაოდ ხისტად დააყენა წლობით მოუგვარებელი პრობლემის - საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი, რასაც შესაძლოა აზერბაიჯანული მხარე არც ელოდა, მათ როგორც ჩანს გადაწყვიტეს ქართული მხარისათვის ეჩვენებინათ, რომ თავადაც შეუძლიათ სიხისტის გამოვლინება და რომ ამ საკითხში პრინციპულები იქნებიან.

- სამწუხაროდ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკანასკნელ ხანებში არა ერთი სკანდალი უკავშირდება. სულ ბოლო გახლდათ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ აშშ-ს ექს-ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან დაკავშირებით გამოთქმული ტექსტის გაზიარება და მათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის აშკარად გაუგებარი კომენტარები.

ვგონებ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, ვინაიდან ახლა ყველაზე აქტიურად განხილვადი თემაა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსების პერსპექტივასთან დაკავშირებით.

კერძოდ მან ბრძანა - „ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება პროვოკაციად იყოს აღქმული. ასევე არა მგონია აშშ მზად იყოს სამხედრო ბაზა განათავსოს საქართველოში“.

ახლა ბევრს კამათობენ იმაზე უნდა ეთქვა თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილს რაც თქვა. მე ახლა ამ განცხადების სხვა ასპექტი უფრო მაინტერესებს - თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორ წაიკითხავდნენ, ან გაიგებდნენ საქართველოს პრეზიდენტის ამ გზავნილს ვაშინგტონსა და მოსკოვში?

- ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადებას საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსებაზე ვაშინგტონსა და მოსკოვში წაიკითხავდნენ ისე, როგორც იყო ნათქვამი - საქართველო არ არის დაინტერესებული ხელი შეუწყოს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას. ის რომ აშშ ამ ეტაპზე არ არის მზად საქართველოში საკუთარი ბაზების განსათავსებლად ეს ხომ რეალობაა, ისევე როგორც რეალობაა ის, რომ თუ ასეთი რამ მოხდა, ან თუნდაც ამის მზადყოფნა გაცხადდა, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს საქართველოს დასასჯელად და აშშ-ს მოუწევს ამაზე რეაგირება.

არ მგონია რომ მედიასთან ინტერვიუების ტექსტებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ყოველთვის მთავრობასთან ათანხმებდეს. მის ამ განცხადებაში არაფერია ისეთი, რაც ვინმეს, ჩასაფრებული ოპოზიციის გარდა, სერიოზულ საფუძველს მისცემს ამტკიცოს, რომ ეს განცხადება საქართველოს პროდასავლური კურსის გადახედვის მომასწავებელია

რამდენად მზად არის ამისათვის ვაშინგტონი, როდესაც უკრაინაში ვერ მოუხერხებია ვერაფერი რუსეთის შესაკავებლად?!. ამიტომაც პრეზიდენტის ამ განცხადებაზე სხვადასხვა კუდების გამობმა და სხვადასხვა ინტერპრეტაციების მიცემა, არ მიმაჩნია პროდუქტიულ საქმედ

- როგორადაც არ უნდა იყოს, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტებად აქვს გამოცხადებული ევროინტეგრაცია და ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანება. მთავრობის პირველი პირები ხშირად აცხადებენ, რომ მთავრობის ამ კურსს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს.

ოპონენტები საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ იმის დადასტურებას, ან უარყოფას, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მათთან და მთავრობასთან შეთანხმებული იყო.

თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტის ეს უკანასკნელი გახმაურებული განცხადება არ ყოფილიყო მთავრობასთან შეთანხმებული? ან, თუ იყო, ასეთ შემთხვევაში კითხვა ასედაც შეიძლება დაისვას - თუ ქვეყნის გაცხადებული საგარეო კურსი ძალაში არა, მაშ როგორია იგი?

- არ მგონია რომ მედიასთან ინტერვიუების ტექსტებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ყოველთვის მთავრობასთან ათანხმებდეს. მის ამ განცხადებაში არაფერია ისეთი, რაც ვინმეს, ჩასაფრებული ოპოზიციის გარდა, სერიოზულ საფუძველს მისცემს ამტკიცოს, რომ ეს განცხადება საქართველოს პროდასავლური კურსის გადახედვის მომასწავებელია.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება წინამორბედისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მოზომილია საგარეო-პოლიტიკურ განცხადებებში, განსაკუთრებით როდესაც საქმე რუსეთს ეხება და ცდილობს სიტუაცია არ გაამწვავოს.

ბოლო პერიოდში ჩვენთან ბევრი საშინაო თუ საგარეო ხასიათის პრობლემა თუ რისკები გაჩნდა და ის თუ როგორ გაუმკლავდება მათ სახელმწიფო, გარკვეულწილად იქნება ამ საბჭოს მუშაობის ხარისხის საზომიც

ვფიქრობ თავად დასავლეთშიც, განსაკუთრებით ევროპაში, გარკვეულწილად მიეჩვივნენ იმას, რომ „ქართული ოცნებისგან“ არ უნდა ელოდონ იმას, რასაც ისინი მიჩვეულნი იყვნენ სააკაშვილის მმართველობისას.

სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა ჩვენს რეგიონში დასავლეთის ინტერესებში არ შედის, განსაკუთრებით დღეს არსებული საერთაშორისო კონიუნქტურისა და გამოწვევების ფონზე. ისე კი, დასავლეთს საკმარისზე მეტი ზემოქმედების ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ საქართველოს დეკლარირებულმა პროდასავლურმა საგარეო კურსმა მკვეთრი ცვლილება არ განიცადოს.

- პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ კანონპროექტს ხმა მმართველი გუნდის 87 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგ კი 33-მა.

ოპოზიცია და მმართველი გუნდის ყოფილი თანაგუნდელები ამ კანონპროექტს აპროტესტებენ. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, მასზე ვეტო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადოს. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტმა ამ კანონპროექტს ვეტო დაადოს?

- ზურაბიშვილის ამასწინანდელი გამოსვლა, რომელშიც მან ფაქტიურად მხარდაჭერა გამოუცხადა, მმართველი გუნდის პოზიციას ამ საკითხზე, ნაკლებ იმედს იძლევა იმისა რომ მან კანონპროექტს ვეტო დაადოს.

თუ მაინც გადაწყვიტა ვეტოს დადება, ინტერესით მოვისმენდი მის არგუმენტებსა და პოზიციის ცვლილების განმარტებას.

- გაიმართა ახლადშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა, რომლის მდივანი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია გახდა. ოპონენტები ხელისუფლებას უშიშროების საბჭოს მდივნად ერთ-ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანლის დანიშვნას იმის გამო საყვედურობენ, რომ შს მინისტრს გაიჭირდება საგარეო საფრთხეეების განსაზღვრა და მათზე ეფექტური რეაგირება.

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარია პირველივე სხდომის დასრულებისთანავე განაცხადა - „ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

თქვენი აზრით, რამდენად მართებული გახლდათ უშიშროების საბჭოს მდივნად შს მინისტრის დანიშვნა და რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ეს უშიშროების საბჭო ეფექტური სტრუქტურა იქნება?

- მკითხველისათვის რომ გასაგები იყოს, შევახსენებ, რომ უშუალოდ პრემიერ მინისტრს დაქვემდებარებული ეს საბჭო არის მხოლოდ სათათბირო ორგანო, რომელიც უნდა დაეხმაროს მთავრობის მეთურს და მთლიანად მთავრობას მიიღონ მაქსიმალურად სწორი, ინფორმირებული და სიტუაციის ადექვატური გადაწყვეტილებები.

ამ წელს მიღებული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სამოქმედო არეალი გაფართოვდა. კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით.

ჩვენს პოლიტიკურ მოთამაშეებს არ აქვთ რეალური, შედეგზე ორიენტირებული და კომპრომისებზე დაფუძნებული დიალოგის მოტივაცია, უნარი და რესურსი. ის რასაც ერთი მხარე კომპრომისად მიიჩნევს, მეორეს თვალთმაქცობა ჰგონია. მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ამის კარგი მაგალითია

იმ შიდა თუ გარე გამოწვევების ფონზე რაც ქვეყნის წინაშეა, საბჭოს სამუშაო ძალიან მოცულობითი ხდება. ვნახოთ რამდენად არის ნება და მზაობა რომ საბჭო რეალურად ქმედითუნარიან სტრუქტურად იქცეს. მისი წინამორბედი ამ კუთხით მაინცადამაინც არ გამოირჩეოდა.

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, თუ როგორ მოახერხებს ერთ-ერთი საკვანძო სამინისტროს ხელმძღვანელი, ვიცე-პრემიერი და შესაბამისად ბევრი ფუნქციებით დახუნძლული ბატონი გახარია მისი დროის ეფექტურ მენეჯმენტს და როგორ შეძლებს ერთდროულად და ხარისხიანად უხელმძღვანელოს ორ სტრუქტურას.

თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს ახლადშექმნილი საბჭო, ამაზე შეგვიძლია რამდენიმე მაჩვენებლით ვიმსჯელოთ, პირველი და მთავარი - მისი კადრები და მათი კომპეტენციის დონე, სხვა სამინისტროებთან კოორდინაციის და ურთიერთქმედების ხარისხი და კიდევ მისი საბოლოო პროდუქტის - რეკომენდაციების ხარისხი.

ბოლო პერიოდში ჩვენთან ბევრი საშინაო თუ საგარეო ხასიათის პრობლემა თუ რისკები გაჩნდა და ის თუ როგორ გაუმკლავდება მათ სახელმწიფო, გარკვეულწილად იქნება ამ საბჭოს მუშაობის ხარისხის საზომიც.

- თუ ისევ საშინაო პოლიტიკის პრობლემატიკას დავუბრუნდებით, კერძოდ იმას, რომ ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პარლამენტში ვერ ხერხდება არა თუ კონსტრუქციული თანამშრომლობა, არამედ ნორმალური ურთიერთობა.

ნორმალურ ურთიერთობებს ვინღა ჩივის, პარლამენტში ცემა-ტყეპა ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილადაც კია ქცეული. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ საკვანძო საკითხებზე მმართველი გუნდის პოზიციები საკმაოდ ხისტია, არა მხოლოდ ოპონენტებთან მიმართებაში, არამედ თავის ყოფილ თანაგუნდელებთანაც კი.

ამ საკითხების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ამის კარგი მაგალითია მოსამართლეების დანიშვნის წესზე ოპოზიციის უშედეგო ხმაური და მმართველი გუნდის მხრიდან სასამართლო სისტემაში დისკრეტირებული მოსამართლეების მხარდაჭერა.

არადა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა - „მნიშვნელოვანია დემოკრატიული დიალოგის უზრუნველყოფა პარლამენტში ყველა პოლიტიკურ მხარეებს შორის“.

თქვენი დაკვირვებით, მმართველ გუნდსა და მის ძირითად ოპონენტებს აქვთ რესურსი იმისა, რომ 2020 წლამდე ისე იარსებონ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების მიუხედავად პოლიტიკური პროცესებმა ქუჩაში არ გადაინაცვლოს?

- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კი არა, მგონი არ დარჩა არცერთი წამყვანი ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსი, მაღალჩინოსანი თუ ექსპერტი, ვინც ჩვენს პოლიტისტებლიშმენტს უკვე წლებია ამას უჩიჩინებს და როდესაც შედეგს ვერ ხედავს, შესაბამისი დამოკიდებულებაც უყალიბდებათ ქვეყნისა და მისი პოლიტიკური კლასის მიმართ. დღეს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის დაწყების შანსებს ვერ ვხედავ.

ჩვენს პოლიტიკურ მოთამაშეებს არ აქვთ რეალური, შედეგზე ორიენტირებული და კომპრომისებზე დაფუძნებული დიალოგის მოტივაცია, უნარი და რესურსი. ის რასაც ერთი მხარე კომპრომისად მიიჩნევს, მეორეს თვალთმაქცობა ჰგონია. მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ამის კარგი მაგალითია.

ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადანაცვლების წინაპირობები არც ეხლა და არც თვალსაწიერ მომავალში არ იკვეთება. ჯერ ერთი ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს მეტნაკლებად აქვთ თვითშენახვის ინქსტიქტი და ფუჭი გასროლა არავის აწყობს, რადგანაც ისევ მათ დააზიანებს პოლიტიკურად და რეპუტაციულად.

საზოგადოების უმრავლესობაში არ მგონია რომ ქუჩის აქციების და რევოლუციური სცენარის მოთხოვნა არსებობდეს, თუ რაიმე ექსტრაორდინარული არ მოხდა, ხელისუფლებამ ფატალური შეცდომა არ დაუშვა.

ჩემი დაკვირვებით, ამ ეტაპზე არც დასავლეთს უნდა აწყობდეს აქ რევოლუციური სცენარის წახალისება და მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძირითადი ოპოზიციური ძალების დღის წესრიგია სხვადასხვა მხრიდან შეტევებით მაქსიმალურად დაასუსტონ „ქართული ოცნება,“ რომ 2020 წლის არჩევნებზე ის უკვე იმდენად იყოს დემორალიზებულ-დელეგიტიმირებული, რომ გამარჯვების შანსი აღარ ჰქონდეს.

ოპოზიციის ქუჩის აქციები უფრო 2020 წლის არჩევნების შემდეგ არის მოსალოდნელი, თუკი რა თქმა, უნდა ამის საფუძველი ხელისუფლებამ მისცათ.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”