ბათუმში აღმოჩენილ რეპრესირებულთა ნეშტებს დნმ-ის ანალიზს აუღებენ

ბათუმში აღმოჩენილ რეპრესირებულთა ნეშტებს დნმ-ის ანალიზს აუღებენ,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ორ წლის განმავლობაში აღმოჩენილი სამარხების შესახებ ინფორმაცია დამალული არ ყოფილა და სახელმწიფოს ყველა უწყება ინფორმირებული იყო.
მისივე თქმით, კომისიის წევრები რეპესირებულთა შთამომავლებს ნეშტებზე ნიმუშის აღებამდე სამოქალაქო წესით დაკრძალვას სთავაზობს.
„ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კომისიის სახელით მივმართავთ, რათა ნეშტებზე დნმ-ის ნიმუშები აიღოს. დნმ-ის კვლევა ხარჯს უკავშირდება და ხანგრძლივი პროცედურაა. კვლევა შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ამიტომ ჩვენი შეთავაზებაა, რომ არ დაველოდოთ დნმ-ის ანალიზს და ნეშტების დაკრძალვა მანამდე სამოქალაქო წესით მოხდეს",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში აღმოჩენილ რეპრესირებულთა სამარხების საკითხთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილოშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ზაურ ახვლედიანი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი კობა თედორაძე და აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი კახა შაშიკაძე შედის. მინისტრის თქმით, სამთავრობო კომისიის პირველ სხდომას, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ისტორიკოსები და არქეოლოგები ესწრებოდნენ. შეხვედრას რეპრესირებულთა შთამომავლებიც ესწრებოდნენ. ისინი ნეშტების იდენტიფიცირებას დაუყოვნებლივ ითხოვენ. მათი თქმით, რეპრესირებულთა ნეშტების დასაკრძალად ტერიტორია უნდა გამოიყოს, აღმოჩენილი ნივთები კი სპეციალურ მუზეუმში განთავსდეს.

























