რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებული რეგიონის სკოლების პედაგოგებს ხვდება

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებული რეგიონის სკოლების პედაგოგებს ხვდება

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების კვაცხუთის, ტოლის, ბოსტანისა და ჩორჯოს საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, რწმუნებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო და საზოგადოების განვითარების პროცესში მასწავლებლის როლზე ისაუბრა.

„უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების პროცესში. მიხარია, რომ ვხვდები ჩვენი რეგიონის სკოლების პედაგოგებს, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი დამოკიდებულებით მოსწავლეებისადმი, საკითხის ცოდნითა და შესაბამისი ტექნიკების ფლობით. ვისმენ მათ მოსაზრებებს განათლების სფეროსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

დღეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული გახდეს“,-აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ახალგაზრდები მუდმივად გამოირჩევიან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შედეგებით და სხვადასხვა კონკურსში მიღწეული წარმატებებით, რაც მათი პედაგოგების დიდი დამსახურებაა. რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან ეტაპობრივად გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.