ვახტანგ გომელაური - ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება

ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება. ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის წლიურ ანგარიშს წარუდგენს დეპუტატებს.

„უსაფრთხოების სამსახური, როგორც წამყვანი უწყება, აქტიურად იყო ჩართული IPRM-ის შეხვედრებში. ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება. საანგარიშო პერიოდში კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა. 2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალის მიერ. ამავე დროს, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს“,- განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, „ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის“.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულმა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა, საანგარიშო პერიოდში, ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა ჩაატარეს. 2018 წელს კვლავ მიმდინარეობდა უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის მაქსიმალურად შეზღუდვა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას, საქართველოში სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებს. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ვითარების მონიტორინგს და აგრძელებდა მუშაობას აღნიშნული პროცესების წინააღმდეგ, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით. უსაფრთხოების სამსახური, როგორც წამყვანი უწყება, აქტიურად იყო ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში. მიმდინარეობდა IPRM-ის ფარგლებში მოქმედი „ცხელი ხაზის“ ეფექტური გამოყენება“,- განაცხადა გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა