ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2019

დავით ზურაბიშვილი - “პირადი ცხოვრების კადრები ბიძინა ივანიშვილის დავალებით ვრცელდება”

“ასლან ბჟანია მოწამლეს” - აფხაზეთში ოპოზიცია ქუჩის აქციებს აანონსებს

* * *

დავით ზურაბიშვილი - “პირადი ცხოვრების კადრები ბიძინა ივანიშვილის დავალებით ვრცელდება”

“მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ პირადი ცხოვრების კადრები, რის შესახებაც ეკა ბესელიამ გახარიას ჰკითხა, ხელისუფლებამ თავად ატვირთა. 100%-ით ვარ მაგაში დარწმუნებული. ის გავრცელებულია ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით ან ყოველ შემთხვევაში მისი თანახმობით მაინც - აქ სხვა ვარიანტი არ არსებობს. გიორგი გახარია რას იტყვის - ჩვენ გავავრცელეთო ხომ არ იტყვის?!” - აცხადებს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ზურაბიშვილი: “პირადი ცხოვრების კადრები ბიძინა ივანიშვილის დავალებით ვრცელდება” / “გახარია სხვებთან შედარებით პოლიტიკური ფიგურაა, პრემიერი თანამდებობისთვის შეუფერებელია”.

“ამ დროს რაღაცას მიედ-მოედებიან ხოლმე. ეს არ იქნება გამოვლენილი, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას. იმიტომ, რომ შეიძლება ითქვას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაშაული, რაც კი ჩაუდენიათ. ამაზე პასუხი მოეთხოვებათ, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან. სანამ ეს ხელისუფლებაა ქვეყნის მმართველი, მანამ არც კონკრეტულად ეს კადრები და არც ის კადრები, რაც მანამ იყო გავრცელებული, გამოძიებული არ იქნება. გახარიამ რა უნდა ქნას, თვითონ არის თანამონაწილე ამ საქმის. მას აქვს ინსტრუქცია თუ დავალება, რომ ეს საქმე არ გამოიძიოს. რა უნდა ქნას, ვინმეს დაიჭერს? სისულელეა გამავრცელებლისა და იმის გაიგივება, ვინც უყურა... ისინი არაფერს გამოიძიებენ და ამიტომ ყველაფერი გასაგებია. ამას ვერავინ ვერ დამალავს, ისეთი სახის დანაშაულია. როცა ასეთი რაღაც კეთდება და ამის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ხელისუფლება არ აკეთებს ამას და ვიღაც მისტიკური ადამიანები აკეთებენ, აბსოლუტურად შეუძლებელია. ამის დამალვას ვერ მოახერხებენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“რაც შეეხება პანკისის მოვლენებს, თავს სინანული სჯობიაო, როგორც არის ნათქვამი. ჯობს მანამდე დაფიქრდე, ვიდრე გააკეთებ. ერთადერთი პოზიტიური, რაც შეიძლება ამაში დაინახო ალბათ ის არის, რომ აღიარებენ იმას, რომ ამ პრობლემის მოგვარებას სხვანაირად აპირებენ. თავისთავად, ეს სწორია. აქ აგრესიული ქმედებები რომ სისულელე იყო, ამაზე მგონი საკამათო არაფერია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხომ არ გგონიათ, რომ ასეთი ფაქტების გამო და იმ მიჩქმალული საქმეების გამო, რომლის გამოძიებაც არ ხდება, გიორგი გახარია წაახალისეს და ამიტომ ჩააბარეს მას უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელობას?” - პასუხობს:

“არა მგონია. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ხომ ცხადია, რომ გამოუძიებელ თუ მიჩქმალულ საქმეებში დამნაშავე თვითონ ხელისუფლებაა?! აქ ხომ ცხადია, რომ სახელისუფლებო დანაშაულთან გვაქვს საქმე?! აქ ვინც არ უნდა იყოს, გინდა გახარია იყოს, იგივეს გააკეთებდა, რადგან ყველანი ამ სისტემას ემსახურებიან. გვახსოვს, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იყო და ახლა ის ვითარება რომ იყოს, არა მგონია ის დაეწინაურებინათ და უშიშროების საბჭო მისთვის ჩაებარებინათ. მთავრობის სხვა წევრებთან შედარებით გახარია უფრო კარგ ფიგურად ჩანს, რომელსაც კომუნიკაციაც შეუძლია და რომელიც ყველაზე ნაკლებად ლაპარაკობს სისულელეებს. გახარიას ფიგურა უფრო წამოწეულია სხვებთან შედარებით, რადგან სხვების ფონზე კი არ ჩანს ფიგურად, მართლა ასეა.”

“სხვებთან შედარებით გახარია ნამდვილად პოლიტიკური ფიგურაა. პიროვნულად შეიძლება ვინმე კარგი ადამიანია, ვინმე მასზე უკეთესია, მაგრამ იგივე პრემიერი აბსოლუტურად შეუფერებელია თანამდებობისთვის. მისი ავტორიტეტი არაფერს არ წყვეტს. ანუ როცა ამბობენ ქვეყნის ლიდერი და ა.შ. არავის ის არ ახსენდება, როცა ქვეყნის ლიდერზე საუბრობენ. გახარია უფრო ჩანს ფიგურად, მას პოლიტიკური უნარები გაცილებით მეტი აქვს. თუმცა ის არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, ბევრი რამ არ იცის, მაგრამ უნარები მეტი აქვს, ვიდრე სხვებს. პლუს ამას რეალურად აქვს კომუნიკაცია ივანიშვილთან და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს, რაც გასაკვირი არ არის... რაც შეეხება მის პასუხს შეკითხვაზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით - მე, შს მინისტრი ხომ არ ვილაპარაკებ ლიბერალიზაციაზეო - პლანტაციებზე კარგად შემოჰქონდა კანონპროექტი და ლიბერალიზაციაზე არ უნდა ლაპარაკი? ის საკითხი შსს-ს რომ შემოჰქონდა, თვითონ იყო პროექტის ავტორი, თუმცა მაგას სულ არ ეხებოდა. ლიბერალიზაცია კი პირდაპირ შს მინისტრის საქმეა. ხომ უნდა ვიცოდეთ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეა თუ მკაცრის, რომელიც აქამდე გვქონდა. ის პოლიტიკური ფიგურაა და უნდა ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულება. ამ შემთხვევაში მისი პასუხები არაკვალიფიციურია”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.

“ასლან ბჟანია მოწამლეს” - აფხაზეთში ოპოზიცია ქუჩის აქციებს აანონსებს

“ახალი თაობა” წერდა აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, დეპუტატ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის საეჭვო გართულებაზე. ბჟანია უცნაურად და მოულოდნელად დაუძლურდა. ცოტა ხანში იგი დეფაქტო პრეზიდენტის კანდიდატად უნდა დაესახელებინათ. აფხაზეთში ლიდერების მოცილების საშიში ტრადიციებიდან გამომდინარე, აქტიური ოპოზიციონერის გზიდან ხელოვნურად ჩამოცილება გაუგონარი მოვლენა არ უნდა იყოს. მოსკოვის კლინიკაში მოთავსება არაფრის გარანტიას არ იძლევა, პირიქით. სერგეი ბაღაფში თავისი პრეზიდენტობისას სწორედ მოსკოვის საავადმყოფოში წარმატებულად გამოცხადებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. შარშან უცნაურ ვითარებაში ავტოავარიაში დაიღუპა პრემიერი გენადი გაგულია... სოხუმში ღიად ალაპარაკდნენ ოპოზიციური ლიდერის ასლან ბჟანიას მოწამვლის ვერსიაზე”, - წერს გაზეთი “ ახალი თაობა” სტატიაში სათაურით სოხუმი: “ასლან ბჟანია მოწამლეს” / ოპოზიცია ქუჩის აქციებს აანონსებს.

“პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ მთელი რიგი პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლები. ისინი არ ეთანხმებიან მოსკოვის კლინიკაში დასმულ დიაგნოზს. რუსეთის დედაქალაქში ამტკიცებენ, რომ ბჟანიას ვირუსული პნევმონია სჭირს. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ბჟანიასთან ერთად შეუძლოდ გახდა მისი დაცვის ორივე წევრი. ორივე მოსკოვში გამოიკვლიეს. ერთ მათგანს ზუსტად იგივე სიმპტომები აღმოაჩნდა, რაც ბჟანიას. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ადრე თუ გვიან სიმართლეს დაადგენენ და შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენენ... დღეს ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია , მისი დაცვის წევრები კლინიკიდან უკვე გაეწერნენ. თავდაპირველად ასლან ბჟანიამ შეუძლოდ გახდომის შემდეგ მეტყველების უნარიც დაკარგა. იგი თანამოაზრეებს წერილობით ეკონტაქტებოდა. ექიმმა ინსულტი გამორიცხა. ოპოზიციონერი გამოსაკვლევად სოჭში გადაიყვამეს, სადაც მედიკოსებმა არ გამორიცხეს, რომ პაციენტის მძიმე მდგომარეობა გარედან ჩარევის შედეგია, თუმცა გადაჭრით ეს ვერ განაცხადეს. მდგომარეობის გაუარესების გამო ბჟანია მოსკოვში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერჯერობით ოპოზიციონერი ისევ მოსკოვში იმყოფება, აფხაზეთის ოპოზიციურ ძალთა საბჭო კი მას პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებს და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. “ჩვენ ისევე, როგორც აფხაზეთის მთელ საზოგადოებას გვაკვირვებს ის ფაქტი, რომ ცხოვრების ჯანმრთელი წესის მიდევარი ასლან ბჟანია, რომელიც ყოველდღე ვარჯიშობს, ერთ საათში სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე აღმოჩნდა”, - აცხადებს ორგანიზაციის “ეროვნული მოძრაობა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად” ლიდერი თეიმურაზ ხიშბა. პარტია “ამცახარა” პირდაპირ ამბობს, რომ ასლამ ბჟანია მოწამლულია და ამის დამადასტურებელი მასალები იქნება. დეპუტატი დიმიტრი დბარი ქუჩის აქციებს აანონსებს -“თუ რამე შეაფერხებს ასლან ბჟანიას დაბრუნებას აფზახეთში ან თუ ვინმე ეცდება დაასრულოს ის, რაც ვერ დაასრულა, ოპოზიცია იტოვებს უფლებას, მოაწყოს საპროტესტო მიტინგები. არჩევნებისთვის მზადების პარალელურად ვემზადებით მიტინგებისთვის, რადგან ვხედავთ, ქვეყანაში უარესდება სიტუაცია”, - აცხადებს ის. ასლან ბჟანია წლების განმავლობაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია. მას შემუშავებული აქვს მართვის სისტემის, სასამართლოსა და პოლიციის რეფორმირების პროგრამები, ასევე ნათქვამი აქვს, რომ მოსაგვარებელია აფხაზეთში მცხოვრების ქართველების პრობლემები”, - დასძენს გამოცემა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს