ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა მედიასაშუალებებით ანტიპიარი აწარმოოს იმ საარჩევნო კამპანიის, რაც ზუგდიდში მიმდინარეობს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ზოგიერთი მედიასაშუალების და სპეცსამსახურების გამოყენებით მოქალაქეთა ნაწილის დაშინებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვადასხვა მედიასაშუალებებით და სპეცსამსახურების მეშვეობით ანტიპიარი აწარმოოს იმ საარჩევნო კამპანიის, რომელიც ზუგდიდში მიმდინარეობს. მხედველობაში მაქვს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბმა არ გადაუხადა ფული ერთ- ერთ სოფელში კოორდინატორებს. საბედნიეროდ, ერთ-ერთი ადამიანი მოვიდა ჩვენთან, რომელიც მოტყუებით ჩართული იქნა ამ კამპანიაში. მოგვიყვა სიმართლე, რაც რეალურად მოხდა. ედემ თოდუას გარკვეული გარიგების საფუძველზე, მოტყუებით სთხოვეს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წინააღმდეგ მიეცა ინტერვიუ. ეს არის ის ფაქტი, რაც ძირს უთხრის საარჩვენო გარემოს“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

შტაბში ასევე იმყოფებოდა ედემ თოდუა, რომელმაც განაცხადა, რომ ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მას შტაბში ფული არ გადაუხადეს, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს საკუთარი სურვილით მისცა, თუმცა აღნიშნა, რომ შეცდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გადაუხადეს, თუ არა მას ამისთვის ფული, თოდუა ამბობს - „600 მანეთი“.

„იმ მომენტში რა მომივიდა არ ვიცი, ზეწოლა არ იყო, უბრალოდ შევცდი“, -განაცხადა თოდუამ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, რომ მათ მოქალაქეები ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მოისყიდეს, სიცრუეს უწოდებენ. შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ოპოზიციას ჰქონდა მენეჯმენტის პრობლემა და ამის შესახებ მოქალაქეებმა ისაუბრეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.

„არანაირი მოსყიდვა, ან რაიმე ფორმით იძულება არ ყოფილა. თუ ედემ თოდუას ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკოს აქვს ასეთი ინფორმაცია, შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცავებს. გამოაქვეყნონ, გაასაჯაროონ და მე გპირდებით, რომ ადამიანი, რომელიც ვინმეს რამეს აიძულებს, იქნება დასჯილი. კამპანია, რომელიც აქვს გეგა შენგელიას დამყარებულია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად კარგი შეთავაზება ზუგდიდელებისთვის და შეგვიძლია, რომ ზუგდიდს უკეთესი მომავალი შევუქმნათ“, -აცხადებს ჩიქოვანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო