დედაქალაქის მერი  „ევროპის დღეების“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თბილისში „ევროპის დღეების“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

ღონისძიების დაწყებამდე ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები შესრულდა.

თბილისის მერმა ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ ხუთი წელი გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამ მხრივ ჩვენ უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა ყველაზე მთავარი - გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია, ამისთვის გასაკეთებლი კიდევ ბევრი გვაქვს. ეს ძალიან კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ასეც მოხდება. არ შემიძლია არ გავიხსენო ზურაბ ჟვანიას სიტყვები - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. ეს არ ყოფილა მხოლოდ სიტყვები, ამას აქვს ძალიან დიდი შინაარსობრივი დატვირთვა. ჩვენ, ქართველები ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, კულტურით, ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, სტუმრებმა ევროპის მოედნის ტერიტორიაზე მოწყობილი „ევროსოფელი“ დაათვალიერეს, სადაც ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანაა წარმოდგენილი. ისინი მნახველებს საკუთარ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას აცნობენ. ასევე, წარადგენენ საქართველოში განხორციელებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ. „ევროსოფელში“ საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტურუქტურა საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი თითოეულ სტენდთან იმყოფებოდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„ევროპის დღეები“ საქართველოში მაისის ბოლომდე გაგრძელდება და 80-მდე ღონისძიებას მოიცავს. მათში მონაწილეობენ აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და სხვა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო