ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2019

მამუკა არეშიძე - “საარჩევნო სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და გახარიასაც”

“რუსული მარში” თბილისის ცენტრში

ლევან კობერიძე - “გუნდში მხოლოდ ის საკითხები განიხილებოდა, რომლებსაც ზემოდან “უშვებდნენ”

* * *

მამუკა არეშიძე - “საარჩევნო სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და გახარიასაც”

“პანკისში აშკარად ჩანდა უცხო ძალების მონაწილეობა, თანაც მოქმედებდნენ არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებით - იქ გამოიკვეთა როგორც ჩეჩნეთის დღევანდელი ლიდერის ემისრების, ასევე რადიკალური ისლამის წარმომადგენლების აქტიურობა. საზოგადოდ, მათი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა ამ შემთხვევაში აშკარად დაემთხვა. რასაკვირველია, იყო მესამე ფაქტორიც - ჰესის აშენებით გამოწვეული იქაურების გულწრფელი პროტესტი, რომლის გამოყენებასაც ეს ძალები ცდილობდნენ. პროცესში ისეთი ხალხიც იყო ჩართული, რომელთაც ჰესიც ფეხებზე ეკიდა, სახელმწიფოებრიობაც და ა.შ. ისინი კონკრეტულ დავალებას და ამოცანას ასრულებდნენ”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საარჩევნო სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და გახარიასაც”.

“ეს კარგად იციან პანკისელებმაც. მათთან არაერთხელ ვისაუბრე და პირდაპირ გვარ-სახელებს ასახელებენ. მეც შემიძლია გითხრათ - მაგალითად, ერთი ოჯახი, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წელს გაიქცა აქედან და რომლის წევრებიც ცნობილი იყვნენ, როგორც “ბარიგები”, რატომღაც სწორედ ამ პროცესებისას გამოჩნდნენ მომიტინგეთა შორის. კარგად ვიცი, ისინი ამ წლების განმავლობაში გროზნოში რასაც აკეთებდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობენ სულ ცოტა 9-10 ქვეყნის სპეცსამსახურები და არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციის აგენტებიც. საქართველოს სპეცსამსახურები ცდილობენ, ყველა ამ გამოწვევას ებრძოლონ, მაგრამ ეს ძალიან ჭირს... ახლა, როგორც იქნა, შეიქმნა უსაფრთხოების საბჭო, რომლის მდივნადაც გიორგი გახარია დანიშნეს, ჯერ მიმდინარეობს სტრუქტურების ჩამოყალიბება. მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას - ამ მიმართულებით უკვე ბევრი დროა დაკარგული. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კარგა ხნის წინ უნდა გამხდარიყო ამ გამოწვევებისადმი კონსოლიდირებული მიდგომა. რაც შეეხება გახარიას, მას აქვს როგორც საუბრის, ისე მოქმედების ლოგიკა. ყოვლად უღიმღამო სახელმწიფო მოხელეთა ფონზე გახარია ნამდვილად გამოირჩევა. სავარაუდოდ, ივანიშვილის თვალშიც სწორედ ამით იმსახურებს სიმპათიას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე. “პანკისთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არაკოორდინირებულად იღებდნენ და ეს იყო შეცდომა. ვერ წარმოიდგინეს ან არ იცოდნენ, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ასეთ სერიოზულ მუშაობას ჩაატარებდნენ. მდგომარეობა გაცილებით მძიმე და სახიფათო იყო, ვიდრე ვიღაცას წარმოედგინა. ამიტომ ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც ამ ჰესის ასაშენებლად გადაიდგა, რასაკვირველია, კარგად არ იყო გააზრებული. მეც იგივე კითხვები მაქვს: რატომ დაიგეგმა ეს ყველაფერი ასე დაუფიქრებლად, ბზობა დღეს? რატომ აცემინეს პოლიციელები? ეს სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმაა! კვლავაც ვფიქრობ, რომ ვიღაცამ მიზანმიმართულად დააყენა დარტყმის ქვეშ შს სამინისტრო თავის მინისტრიანად, რაც აუცილებლად უნდა გაირკვეს. ჰესი უნდა აშენდეს თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება იმ ადამიანებს, რომელთაც კანონი დაარღვიეს და როგორც ვიცი, ეს აქციაში მონაწილეების ნაწილმაც მშვენივრად იცის. ვეჭვობ, დაუსჯელი ვინმე დარჩეს. სახელმწიფომ უკან დაიხია, თუმცა ეს მაინცდამაინც დიდი ტრაგედია არ არის. ამგვარი ამბების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში შს მინისტრი მართლაც გადადგებოდა, თუმცა საქართველო სხვა ტიპის ქვეყანაა... ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, ასე ვცვალოთ სახელმწიფო ჩინოსნები, მით უფრო ისეთი, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პრემიერი, ჩემი აზრით, არჩევნებამდე არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ შესაძლოა, მართლაც დაინიშნოს გახარია პრემიერად და ის იყოს 2020 წლის საარჩევნო პროცესში ორთქლმავლის ფუნქციის შემსრულებელი... ადამიანს უნდა ჰქონდეს ბიოგრაფია და ელექტორატის თვალში მცირე ავტორიტეტი მაინც, რომ მზის ქვეშ ადგილისთვის იბრძოლოს. ჩემი აზრით, დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას - მათ შორის ხელმძღვანელებსაც - ამის მორალური უფლება ნაკლებად აქვს, არადა, გააფთრებით იბრძვიან საპარლამენტო სიაში მოსახვედრად. ამ სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და, შესაძლოა, გიორგი გახარიასაც... ვფიქრობ, მოუწევთ შეთანხმება. მათგან რომელიმეს სიის დაკომპლექტებაზე ექსკლუზივი ვერ ექნება. მით უფრო, რომ გასათვალისწინებელია ივანიშვილის ფაქტორი და სურვილები... ჩემი აზრით, სწორედ მას აქვს პასუხისმგებლობაც და შესაძლებლობაც, რომ “ქართულ ოცნებაში” მნიშვნელოვანი საკადრო გადახალისება მოხდეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ თურმე დეპუტატი ლევან კობერიძე წასვლამდეც ფორმალურად იყო უმრავლესობის წევრი, ეს არის პოლიტიკური ცინიზმი. ლევან კობერიძე წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა “ნაციონალურ მოძრაობას”, იყო “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი, ერთ-ერთი თვალსაჩინო დეპუტატი, რომელიც “ქართული ოცნების” სახელით ხშირად ლაპარაკობდა, დღეს კი ამბობენ, რომ თურმე ფორმალურად ყოფილა უმრავლესობის წევრი... ეს სასაცილოა. კობერიძეს აქვს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ამის გამო უცებ გამოცხადდა “ფორმალურ წევრად”... სხვა “ფორმალურ” წევრებს რაც შეეხება, ასეთი იქნება, ალბათ, კიდევ 10-12 კაცი, რომელთა ნაწილი არ მოდის იმიტომ, რომ მათი წამოსვლით საერთოდ ჩამოიშლება ის მთავარი ღირებულებები, რომლებზეც “ქართული ოცნება” ჩამოყალიბდა. ისინიც რომ წამოვიდნენ, დარჩება უსახური მასა და რამდენიმე ლიდერი, რომელთაც საზოგადოება ტელეეკრანიდან იცნობს და დიდი ავტორიტეტი არც ერთს არა აქვს”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “კვლავაც აქტუალურია დავითგარეჯის ირგვლივ შექმნილი ვითარება”... - პასუხობს:

“თავიდანვე, ანუ 1994 წელს, როდესაც ეს კომისია შეიქმნა, უკეთეს შემთხვევაში უმძიმესი შეცდომა დაუშვეს, უარეს შემთხვევაში კი დანაშაული ჩაიდინეს - ვიღაცამ ქართული მხრიდან ქრთამი აიღო და მოხდა ის, რაც მოხდა - მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენებდნენ 1938 და 1942 წელს გამოშვებულ რუკებს. ქართული მხარე ამას არ უნდა დათანხმებოდა, არსებობს სხვა რუკებიც. ამ შეცდომისგან თავის დაღწევა რთულია, რადგან შეთანხმებას წლების წინ მიაღწიეს. აზერბაიჯანელებს ჰქონდათ ე.წ. ხალიფოვის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, საზღვარი უნდა გავლებულიყო იქ, სადაც ითხოვს აზერბაიჯანული მხარე, მაგრამ ბერთუბნის, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების ტერიტორიები გამოცხადებულიყო თავისუფალ ზონად... თავის დროზე ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს საპატრიარქო. რასაკვირველია, ეს ქართული ისტორიული კულტურის ნაწილია, თუმცა ამ ტერიტორიას ვერ თმობს აზერბაიჯანული მხარე, რადგან მიიჩნევენ, რომ ამით თავიანთ პრინციპებზე - ალბანურ მემკვიდრეობაზე მოუწევთ უარის თქმა... სალომე ზურაბიშვილის მიერ ბაქოში გაკეთებულ განცხადებაზე მომხდარის გადაბრალება, ჩემი აზრით, არასწორია. ეს განცხადება სწორედ დროული იყო, რათა ბოლოს და ბოლოს, ამ საკითხის გადაწყვეტაზე ფიქრი დაიწყოს. ხომ არ შეიძლება, ამ თემაზე კონფლიქტი საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს?!”

“რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა: სალომე ზურაბიშვილი არ გახლავთ მხოლოდ ქართული პოლიტიკის ნაწილი. ის არის დასავლური პოლიტიკის ნაწილიც... არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: კაცმა არ იცის, რა სჯობს - ნატოსკენ გზაზე დიდი ხნის განმავლობაში სიარული თუ უცებ გაწევრება. რუსეთი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას მუქარად აღიქვამს, მაგრამ ალიანსში გაწევრებული საქართველო მუქარად კი არა, კონფრონტაციის საგნად იქცევა. სალომე ზურაბიშვილის ბევრი ნაბიჯი არ მომწონს, მაგრამ ეს განცხადება სრულიად გასაგებია. მას არ უთქვამს, რომ ნატოში არ უნდა გავწევრდეთ; მან თქვა, რომ ამერიკული ბაზა ახლა, ამ ისტორიულ მონაკვეთში, ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის. დღეს, როდესაც ჩვენს მოკავშირეებს თავიანთი უამრავი პრობლემა აქვთ და მსოფლიოში არაერთი ცხელი წერტილია, საქართველოსთვის ნაკლებად ეცლება ვინმეს. ეს არის დიპლომატიური ნათქვამი, დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ისიც ხომ რეალობაა, რომ ამ ეტაპზე აშშ ნამდვილად არ არის მზად საქართველოში საკუთარი ბაზების განთავსებისთვის”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

“რუსული მარში” თბილისის ცენტრში

“პრორუსული ორგანიზაციები 9 მაისს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კრემლის პროპაგანდისტული დიდი აქცია-მსვლელობის მოწყობას აანონსებენ, რომლის სახელწოდებაა “უკვდავი პოლკი”. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ეს მსვლელობა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და მიუღებელია, “ქართული ოცნების” დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი კი მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ვეტერანების მიმართ პატივისცემაზე და მსგავსი მსვლელობებით დიდად არაფერი შავდება. ოფიციალურად, “უკვდავი პოლკის” იდეა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად, თუმცა, რეალურად, ეს მასშტაბური სამხედრო-პატრიოტული მარში ბოლო წლებში პუტინის რუსეთის მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად იქცა და ამიტომაც ამ მსვლელობას სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ მოსკოვი აფინანსებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რუსული მარში” თბილისის ცენტრში / 9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე რუსული პროპაგანდისტული მსვლელობა “უკვდავი პოლკი” იგეგმება.

“უკვდავ პოლკს” ქართული პრორუსული ორგანიზაციები 2017 წელს შეუერთდნენ. მსვლელობა გასულ წელს გორსა და ბათუმში გაიმართა. აქციის მონაწილეები საბჭოთა სიმბოლიკებითა და ე.წ. “წმინდა გიორგის ლენტებით” იყვნენ გამოსული, რამაც ბათუმში “ნაცმოძრაობის” აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია. წელს კი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე მსვლელობა პირველად გაიმართება. მისი თქმით, თბილისის მერიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა აქციის ორგანიზატორებს ვაკის პარკში სამახსოვრო დაფის გაკეთების ნება დართონ, რომელზეც საბჭოთა კავშირის გმირი 168 ქართველის პორტრეტები და გვარ-სახელები იქნება გამოსახული, ხოლო ნებართვას თუ ვერ მიიღებენ, უზარმაზარ პლაკატს აქციაზე მსვლელობის მონაწილეები ჩამოატარებენ. “მსგავსი მსვლელობა, როდესაც კოლონებად მომავალ ადამიანებს მათი წინაპრების პორტრეტები მოაქვთ, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშია მიღებული, საქართველოში ჯერ არ ყოფილა”, - ამბობს რცხილაძე. აქციის საორგანიზაციო კომიტეტი 2 მაისს შეიკრიბა და დეტალები განიხილეს. ორგანიზატორებმა შექმნეს “უკვდავი პოლკის” ქართული ვერსიის სიმბოლოც. ეს იქნება წმინდა გიორგის გამოსახულება და მასთან ერთად მელიტონ ქანთარიასა და მიხეილ ეგოროვის პორტრეტები, ვინც 1945 წლის 1 მაისს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცნობისთვის, “უკვდავი პოლკის” იდეა 2012 წელს რუსეთის ქალაქ ტომსკში ჩაისახა, კრემლის ფინანსური მხარდაჭერით კი 2015 წლიდან საერთაშორისო მასშტაბი მიიღო. გასულ წელს “უკვდავმა პოლკმა” უკვე 42 ქვეყანაში ჩაიარა. ეს მარში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც ყოველწლიურად იმართება. საქართველოს პრორუსული ორგანიზაციები კი ამ აქციის 2017 წელს შეუერთდნენ. გასულ წელს მსვლელობა მოეწყო გორსა და ბათუმში, თბილისში კი ღონისძიება მხოლოდ ვაკის პარკის ტერიტორიაზე ჩატარდა და მათთვის საბჭოთა სიმბოლიკებითა და “გიორგის ლენტებით” გამოსვლა ხელისუფლებას არ შეუზღუდავს. ცნობისათვის, “თავისუფლების ქარტია” კრძალავს საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკების გამოყენებას აქციებზე, თუმცა ამ სიმბოლიკებში არ არის ნაგულისხმევი “გიორგის ლენტები”. ამიტომაც ყოველ 9 მაისს ამ ზოლიანი ლენტებითა და, ნამგალისა და უროს სიმბოლოების გარეშე, წითელი დროშებით გამოდიან პრორუსული ორგანიზაციები, რაც საზოგადოების ნაწილის დიდ აღშფოთებას იწვევს, თუმცა მათ პოლიცია არ აჯარიმებს. “უკვდავი პოლკის” მსვლელობა დაანონსებულია უკრაინაშიც, რასაც უკვე მოჰყვა უკმაყოფილო გამოხმაურებები. მათ შორის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიციას მოუწოდა, რომ “ადეკვატურ ზომები” მიიღონ, თუკი მსვლელობის მონაწილეები “სტალინური რეპრესიების დროს უკრაინელი ხალხის მწამებლების”პორტრეტებითა და საბჭოთა სიმბოლიკებით გამოვლენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართული ოცნების” დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის აზრით, 9 მაისი მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენი ბებია-ბაბუები ებრძოდნენ ფაშიზმს, ბევრი ამ ბრძოლაში დაიღუპა და ვეტერანების მიმართ პატივისცემას თუკი ვინმე გამოხატავს, ეს მიუღებელი რატომაა, არ ესმის. “700 000 ადამიანი იყო გაწვეული, მათგან სადღაც 400 000 ადამიანია დაღუპული. ფაშიზმს ებრძოდნენ და რა ვიცი, ეს მსვლელობა არ ჯობია?! თუ კიდევ ვინმე შემორჩა ომში ნამყოფი ადამიანი, 9 მაისის მსვლელობაში რა არის გასაკვირი?!” - ამბობს იგი. კითხვაზე, რომ “უკვდავი პოლკის” მსვლელობას ვეტერანები კი არა, პრორუსული ორგანიზაციები აწყობენ. მათ ქართული კანონმდებლობით აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკებიც აქვთ, რუსული იდეოლოგიის “გეორგივსკის ლენტებსაც” ატარებენ და რამდენად მისაღებია ასეთი აქციები, პაპუაშვილი პასუხობს: “თუ პროპაგანდაში გადადის, კანონს აზიანებს და ქვეყანას აფეთქებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მაინც მგონია, ეს არის პოლიტიკაში გადაზრდის მცდელობა და ასე არ უნდა შეხედოთ ამ 9 მაისს... 9 მაისი უნდა აღვნიშნოთ და ის ადამიანები უნდა მოვიგონოთ, პატივი უნდა მივაგოთ. ეს არ უნდა დავივიწყოთ. ამას ტრაგედიად ვერ ვაქცევდი იმიტომ, რომ დიდ რამესთან იყო ბრძოლა. ყურადღებას მათ პატივსაცემ თემაზე ვამახვილებ და არა მცდელობაზე, რომ პოლიტიკაში გადავზარდოთ, ვიღაც ვლანძღოთ და ვიღაც დავამციროთ”, - ამბობს იგი. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით, “უკვდავი პოლკის” მსვლელობა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და, წესით, მას კონტრაქციით უნდა დავუპირისპირდეთ”, - დასძენს გამოცემა.

“ეს არის კრემლის პროპაგანდისტული მსვლელობა, რომლის მიზანია იმის ჩვენება, თუ როგორი ძლიერი იყო რუსეთი, რომელმაც საბჭოთა კავშირის სახელწოდებით დაამარცხა ფაშიზმი; რომ სწორედ რუსებმა გადაარჩინეს მსოფლიო ნაციზმისგან და დაიცვეს საქართველოც. ეს არის კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილი. გულბაათ რცხილაძის მამა დისიდენტი იყო, შვილი კი, სამწუხაროდ, პრორუსული ორიენტაციისაა. მე მიმაჩნია, რომ ნაციზმზე არანაკლები ბოროტება იყო კომუნისტური საბჭოთა კავშირი, ამიტომ ასეთი აქციები მიუღებელია და მივესალმები უკრაინის ხელისუფლების ვაჟკაცურ პოზიციას, რომ საბჭოთა სიმბოლიკების გამოჩენას ისინი აღკვეთენ. საბჭოთა კავშირმა უკრაინას 1930-იანი წლების დასაწყისში გენოციდი მოუწყო, გოლოდომორის შედეგად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი დაიღუპა უკრაინაში. ამიტომაც ერთ ბოროტებაზე გამარჯვების ზეიმი მეორე ბოროტების - საბჭოთა კავშირის პროპაგანდით მიუღებელია. საქართველოში კი ხშირად გვესმის, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. მიმაჩნია, რომ თუკი ეს მსვლელობა მოეწყობა, კონტრმსვლელობაც უნდა მოეწყოს, სამოქალაქო სექტორიც უნდა ჩაერთოს ამაში და საბჭოთა კავშირის ბოროტების მხილებაც მოხდეს, თუნდაც გამოიფინოს პლაკატები ბოლშევიკური რეჟიმის დროს, 1937-1938 წლებში 77 000 ქართველის რეპრესიების შესახებ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ლევან კობერიძე - “გუნდში მხოლოდ ის საკითხები განიხილებოდა, რომლებსაც ზემოდან “უშვებდნენ”.

“ქართული ოცნების” დატოვების მთავარი მიზეზი გახლდათ საერთო სასამართლოების შესახებ მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტი, რომლის შესახებაც მქონდა ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელსაც მანამდეც ვაფიქსირებდი - რომ კანონი არ არის სრულყოფილი და საჭიროა ცვლილებების შეტანა. ამას დაემატა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც პრაქტიკულად თანხვედრაში იყო ჩემს მოსაზრებებთან. მქონდა იმედი, რომ გაითვალისწინებენ საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თურმე ამაოდ. კანონპროექტი, რომელიც ახლახან მიიღეს, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებას. ყველაზე დიდ პრობლემად იუსტიციის საბჭო მიმაჩნია, რომლის დაშლაც აუცილებელია”, - აცხადებს დეპუტატი ლევან კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გუნდში მხოლოდ ის საკითხები განიხილებოდა, რომლებსაც ზემოდან “უშვებდნენ”.

“მნიშვნელოვანი იყო ის ვითარებაც, რომელიც ბოლო დროს იყო და არის ქვეყანასა თუ პარტიაში. მაგალითად, მე ვფიქრობდი, რომ ეკონომიკაში გაცილებით მეტი რეფორმაა საჭირო. პრაქტიკულად, საითაც უნდა გავიხედოთ, რეფორმატორული­ მიდგომა აუცილებელია. ამას კი სჭირდება ერთიანი პოზიცია, მსჯელობა გუნდში, რაც იშვიათად ხდებოდა. ფაქტობრივად, მხოლოდ განსხვავებულ მოსაზრებებს უსმენდნენ, სიტყვა არასდროს ქცეულა საქმედ. ყოველთვის ისე წარიმართებოდა სიტუაცია, ეს არგუმენტი არ არისო და ცალ კარში მიხდებოდა თამაში. მაგალითად, ნარკოპოლიტიკისა და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის საკითხების ერთ-ერთი ინიციატორი გახლავართ. გუნდში მხოლოდ ის საკითხები განიხილებოდა და შესაბამისად, საქმეც კეთდებოდა, რომლებსაც ზემოდან "უშვებდნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კობერიძე. “იყო რაღაც საკითხები, რომლებიც თითქოს გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უცბად პირთა განსაზღვრული წრე ამ ინიციატივებს ცუდად ასრულებდა. ამით ჩანს, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები და რამდენად აქვს ერთ დეპუტატს ძალა, რომელიც უმრავლესობაშია... ხელისუფლებაში ვიყავი, მაგრამ იმავდროულად არ ვიყავი - ასეთი განცდა მრჩებოდა. ჩვენ მოსახლეობას არ დავპირებივართ, რომ სასამართლოში მურუსიძე დაჯგუფებას ჩამოაყალიბებდა და მისი კლანი გახდებოდა სასამართლო ხელისუფლების უზურპატორი, მეტიც, ფაქტობრივად, უკვე პოლიტიკურ ველში არიან შემოსული”, - დაასკვნის დეპუტატი და შეკითხვაზე - “რატომ გადაუხვია კურსს “ოცნებამ”? - პასუხობს:

“ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ამაზე ხშირად ვლაპარაკობდი გუნდში, მაგრამ არაფერი გაკეთდა. მაგალითად, გავიხსენოთ მარიხუანას კანონპროექტი. მაშინ ამის ინიციატორი შსს და ირაკლი კობახიძე იყვნენ. არც ივანიშვილი იყო კანონპროექტის წინააღმდეგი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პროექტის სასწრაფოდ გაწვევა მოვითხოვე, რადგან პირველი ტურის შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ “ოცნებას” სერიოზული აცდენა ჰქონდა და მოსახლეობამ უპასუხა კიდეც ამას ადეკვატურად. მაშინ მარიხუანას პროექტის გაწვევაზე მითხრეს, გუნდის წინააღმდეგ მიდიხარო და ორი დღის შემდეგ თვითონ ვნახე საპატრიარქოს კართან მისულები და შემდეგ კანონპროექტიც გაიწვიეს”...

“ნათქვამია, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და მე ეს გზა ვარჩიე. ვარჩიე გზა, რომლითაც კიდევ უფრო ახლოს ვიქნები ჩემს ამომრჩეველთან, რომელმაც ხმა მომცა და იმედია, 2020 წელსაც მომცემს. მაქვს გეგმა, რომელსაც მალე გავაცნობ მოსახლეობას. კვლავაც იმ აზრზე ვარ, რომ საჭიროა რეფორმები, მეტი სამუშაო ადგილი, სიღარიბის დაძლევა, კორუფციის შემცირება და ა.შ. პროგრესი უნდა დაიწყოს საქართველოში პოლიტიკური ფორმატის შეცვლით. დღევანდელი 90-იანი წლების დამახინჯებული სისტემაა - დაწყებული პარტიული ცხოვრებით და დამთავრებული საარჩევნო სისტემით თუ საზოგადოდ პოლიტიკური გარემოთი”, - დასძენს რესპონდენტი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო