რამაზ საყვარელიძე - არც სააკაშვილს ეგულებოდა სერიოზული კონკურენტი, ვიდრე ივანიშვილი არ გამოჩნდა, ახლა არც „ოცნებას“ ეგულება - ამიტომ ემსგავსებიან ისინი ერთმანეთს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, იმის გათვალისწინებით, რომ 19 მაისის არჩევნები 2020 წლის არჩევნების რეპეტიციაა და ახლა თუ არ წყდება არჩევნების ბედი, აშკარაა, რომ 2020 წლის არჩევნები იტესტება. ორივე მხარე თავისი ტაქტიკითა და სტატეგიით მოქმედებს.

ფაქტია, რომ არჩევნების მოახლოების ფონზე შიდა პოლიტიკაში პროცესები აშკარად დაჩქარებულია. თქვენ როგორ შეაფასებდით 19 მაისის არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას?

- შესაძლებელია, რომ დაკავებულობის გამო მე საკმარისი გულისყურით ვერ ვადევნებ თვალს პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაა „რეპეტიციისთვის“ შესაბამისი დაძაბულობა, ისეთი, როგორც პრეზიდენტის არჩევნების დროს, რომელიც ასევე რეპეტიცია იყო.

შეიძლება დაიღალნენ რეპეტიციებით ძირითადი მოთამაშეები. თუ ასე ნელთბილ რეჟიმში გაგრძელდა საარჩევნო პროცესი, ვფიქრობ, ხელისუფლება თავისი რესურსებით გაიმარჯვებს ყველა უბანზე, თუ ძალისხმევა არ დაიშურა.

- უფრო მკაფიოდ ჩანს ოპოზიციის ტაქტიკაცა და სტრატეგიაც. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, კერძოდ, გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ღერძს „ნაციონალები“ შეადგენენ, ლოზუნგი ასეთია - ივანიშვილი უნდა წავიდეს! ამ ლოზუნგზე მმართველი გუნდის პასუხი ისეთივეა, როგორც 2012 წლიდან შემდეგ - არ დავუშვებთ „ნაციონალების“ დაბრუნებას.

ასეთ ფონზე მმართველი გუნდის ლიდერები მოსახლეობას ურჩევენ არ უყურონ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ ტვ-„იმედს“-ს სტუმრობენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ მედიასივრცე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ისევეა გადანაწილებული, როგორც 2007 წლის 7 ნოებრამდე იყო.

განსხვავება იმაშია, რომ პატარკაციშვილებისთვის დაბრუნებული „იმედი“ ახლა ისევ ისე მუშაობს „ქართულ ოცნებაზე“, როგორც მას შემდეგ მუშაობდა „ნაციონალებზე“, რაც „იმედში" სპეცრაზმი შევიდა.

გარეთ 2019 წელია და ასე ჩანს, რომ პრინციპში არც არაფერი შეცვლილა, ვინაიდან, ეს კინო ჩვენს საზოგადოებას ნანახი აქვს. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური ძალების მოქმედებას?

- თქვენი კითხვა, როგორც მე გავიგე, ეხება ძირითადი პოლიტიკური ძალების მედია მოქმედებებს. თქვენს მიერ აღწერილ სურათს ვეთანხმები - ყველა ირჩევს მისთვის კომფორტულ არხს და ეს გასაგებია, თუმცა შეიძლება ნაკლებად მომგებიანი.

ოპოზიცია სტანდარტულად ყველა საკითხის განხილვას ამთავრებს ლოზუნგით - ივანიშვილი უნდა წავიდეს, თუმცა არასოდეს არ ამბობს ვინ უნდა მოვიდეს. ხელისუფლება ოპოზიციის ლოზუნგის ამ დაუმთავრებლობას იყენებს და ასევე სტანდარტულად ამბობს „ნაციონლები“ მოდიანო. ეს მეორდება მეშვიდე წელია და ამომრჩევლისთვის ამ ლოზუნგებს ძალა ეკარგება, ისინი საინტერესო აღარაა

ყოველ არხს თავისი მაყურებელი ჰყავს და ერთ არხზე აქტიურობა მხოლოდ მის მაყურებელზე მოქმედებს. ამ მხრივ გარკვეულ უპირატესობას ფლობს ოპოზიცია. ის სკანდალზეა ორიენტირებული და ყველა არხი უჩვენებს სკანდალს, რომელიც საზოგადოების ინტერესს იწვევს. ამის შედეგად გამოდის, რომ ოპოზიციის მოქმედებებს უფრო მეტი არხი აშუქებს, ვიდრე მხოლოდ მისთვის კომფორტული არხები. გაშუქებაშიც არაა საქმე. ის, რაც შუქდება, საინტერესო უნდა იყოს, რომ მოახდინოს გავლენა მაყურებელზე.

თქვენ ლოზუნგები ახსენეთ. მართლაც, ოპოზიცია სტანდარტულად ყველა საკითხის განხილვას ამთავრებს ლოზუნგით - ივანიშვილი უნდა წავიდეს, თუმცა არასოდეს არ ამბობს ვინ უნდა მოვიდეს. ხელისუფლება ოპოზიციის ლოზუნგის ამ დაუმთავრებლობას იყენებს და ასევე სტანდარტულად ამბობს „ნაციონლები“ მოდიანო. ეს მეორდება მეშვიდე წელია და ამომრჩევლისთვის ამ ლოზუნგებს ძალა ეკარგება, ისინი საინტერესო აღარაა. ლოზუნგების გარდა სტანდარტულია შეფასებებიც.

ოპოზიცია ამბობს, რომ ყველაფერი ცუდადაა, ხელისუფლება - რომ ყველაფერი კარგადაა. მოულოდნელი არაფერია შეფასებებშიც, თუმცა არის გამონაკლისები, რაც მაშინვე ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ივანიშვილმა პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაარღვია „ყველაფერი კარგადაა“-ს სტანდარტი და ილაპარაკა იმაზე, რომ შეუსრულებელია ბევრი დაპირება. ყველას დაამახსოვრდა მისი ეს გამოსვლა, რადგან მან თქვა ის, რასაც მისგან არ ელოდნენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ ყველაფერი ცუდადაა, ხელისუფლება - რომ ყველაფერი კარგადაა. მოულოდნელი არაფერია შეფასებებშიც, თუმცა არის გამონაკლისები, რაც მაშინვე ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში

„ყველაფერი კარგადაა“-ს სტანდარტს ხშირად არღვევს გახარიაც. ახლაც პანკისზე მან თქვა პირველმა, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვაო. გახარიას არასტანდარტულობაა იმის მიზეზი, რომ მისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვს ოპოზიციასაც და მოსახლეობასაც.

ოპოზიცია უფრო იშვიათად გამოდის ოპოზიციური სტანდარტიდან. „ყველაფერი ცუდად არის“ სტანდარტულ ფორმულას არღვევენ მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობისას, იქაც - მიღწევებს უცხოელებს აბრალებენ. ისინი ხელისუფლებაზე უფრო დაშტამპულად გამოიყურებიან და მოულოდნელობა არ ახასიათებთ. შეიძლება, ესეც იყოს მათი მუდმივი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი.

მთავარი ის არაა, ვინ რომელ არხზე ზის. თუ ადამიანი საინტერესოა მაყურებლისთვის, მაყურებელი მას ყველა არხზე იპოვნის და თუ უინტერესოა, ყველა არხზე რომც იჯდეს, არ შეხედავენ. ეს კინოც ნანახი გვაქვს, მაგალითად, კომუნისტების დროს

ზედმეტი არასტანდარტულობა არ ვარგა, სერიოზულობის გრძნობა იკარგება, მაგრამ ზედმეტი სტანდარტულობაც ცუდია. სტანდარტული ერთი ადამიანიც კი მოსაწყენია. ასევეა პოლიტიკაშიც. სტანდარტული პოლიტიკოსების მიმართ მოსახლეობას ინტერესი ეკარგება და უჩნდება გრძნობა, რომ პოლიტიკური ფიგურების გალერეა უსახურია. შეიძლება ეს გრძნობა უფრო ხშირად მოქმედებს ამომრჩეველზე, ვიდრე პოლიტიკოსის რეალური შეცდომები.

რომ შევაჯამოთ, თქვენი კითხვის პასუხად მინდა იმას გავუსვა ხაზი, რომ მთავარი ის არაა, ვინ რომელ არხზე ზის. თუ ადამიანი საინტერესოა მაყურებლისთვის, მაყურებელი მას ყველა არხზე იპოვნის და თუ უინტერესოა, ყველა არხზე რომც იჯდეს, არ შეხედავენ. ეს კინოც ნანახი გვაქვს, მაგალითად, კომუნისტების დროს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი საკმაოდ ხისტად მოქმედებს. ჯერ დაჩქარებული წესით მიიღო კონსტიტუცია, უარს ამბობს პრაქტიკულად მთელი ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებაზე. მმართველმა გუნდმა თანამებრძოლთა პროტესტის მიუხედავად მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონი ისე მიიღო, როგორც თავად უნდოდა. სულ უფრო გრძელდება გახმაურებული საქმეების სია, რომლებზეც ხელისუფლების მტკიცებით „მიმდინარეობს ძიება“.

გასაგებია, რომ ხელისუფლება თავის პოლიტიკას უნდა ატარებდეს, მაგრამ ჩვენ ისიც ნანახი გვაქვს, თუ რა შედეგი დგება, როცა მმართველ ძალას არა აქვს დიალოგი ოპოზიციასთან. მართალია, მმართველი გუნდი უფრო „დავარცხნილი“ მეთოდებით მოქმედებს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ოცნება“ „ნაციონალების“ მსგავსად მოქმედებს?

- მართალი ხართ, ხელისუფლების აუტიზმი ხშირად გვინახავს, იმავე კომუნისტებიდან მოყოლებული. მიზეზი, მე მგონი, ყველასი საერთოა. ბოლო ასწლეულის მანძილზე საქართველოს ყოველთვის ერთი პოლიტიკური ძალა მართავდა, რომელსაც სერიოზულ კონკურენციას ვერ უწევდა სხვა პოლიტიკური ჯგუფები თვით მრავალპარტიულობის დროსაც კი.

საზოგადოების პოლიტიკურ ნიჰილიზმში ბევრი რისკია, ხალხმა შეიძლება სრულიად ახალი და გამოუცდელი ადამიანები მოიყვანოს ხელისუფლებაში და უავტორიტეტო მმართველობამ ქვეყანა შეიძლება ქაოსის პირას მიიყვანოს

ჰოდა, ხდება ის, რაც უნდა ხდებოდეს. ვიცით, რომ თუ კონკურენტი არ ჰყავს, მეწარმეც კი - რომელიც სარგებელს მყისიერად ღებულობს, იიოლებს ცხოვრებას და აფუჭებს პროდუქციას. პოლიტიკაშიც ასეა, თუ მმართველი პარტია არ გრძნობს კონკურენტის სუნთქვას კეფასთან, ადვილად გადადის მისთვის ადვილ და უხარისხო მმართველობაზე.

არც სააკაშვილს ეგულებოდა სერიოზული კონკურენტი, ვიდრე ივანიშვილი ბოლოს არ გამოჩნდა. ახლა არც „ოცნებას“ ეგულება, ამიტომ ემსგავსებიან ისინი ერთმანეთს.

ვისურვებდი, რომ პარლამენტში მინისტრების მოსმენას რაიმე ახლდეს ისეთი, რაც ამ მოსმენას შედეგიანს გახდიდა

დემოკრატიულ სისტემაში მმართველზე ზემოქმედების ერთადერთი მექანიზმია ძლიერი კონკურენციის შენარჩუნება პოლიტიკურ სპექტრში. შესაბამისად, თუ მმართველი პარტია უხარისხოდ მუშაობს, ეს მისი პოლიტიკური ოპონენტების სისუსტის შედეგია, უპირველეს ყოვლისა.

- შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი რასაც თქვენ ბრძანებთ. ანუ მმართველი ძალა დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ხალხის კრიტიკულ მასას ქუჩაში ვერ გამოიყვანს, მაგრამ ამით სასამართლო სისტემაში ვითარება რომ არ შეიცვლება, ფაქტია.

მმართველი გუნდის მიერ მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცერმა განაცხადა - „ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომედაციების განხილვაზე მეტი დრო არ დახარჯა და უარი თქვა მოსამართლეების დანიშვნის პროცესში მეტ გამჭვირვალეობაზე“.

ამ კანონის გამო „ქართული ოცნება“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ დატოვა. მისი თქმით ამ კანონის მიღება „იქნება ნაღმი ქვეყნის პოლიტიკური მომავლისათვის“. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა საფრთხეები შეიძლება შექმნას „ოცნების“ მიერ დაკანონებულმა წესმა მოსამართლეების დანიშვნის შესახებ, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე მოაწერა?

- სამართლო სისტემაში მოსალოდნელ საფრთხეებზე უკვე ბევრმა სპეციალისტმა გამოთქვა აზრი, ქართველმაც და უცხოელმაც. ცნობილია, რომ უხარისხო სასამართლო სისტემა აზიანებს პოლიტიკასაც და ეკონომიკასაც.

თუ პანკისელებმა იციან, რომ შეცდომა დაუშვეს, ალბათ ისიც იციან, რომ შეცდომას სასჯელი უნდა მოჰყვეს... ვვარაუდობ, რომ მაღალი შეგნების ეს ადამიანები დათანხმდებიან, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა სახელმწიფოსთან ურთიერთობის ეს ფორმა არ გადაედოს სხვა რეგიონებს

მე უფრო მოკლევადიან პოლიტიკურ საფრთხეზე გავამახვილებ ყურადღებას. მოსამართლეებთან დაკავშირებული ეს ისტორია, ალბათ კიდევ უფრო გაზარდის ნაპრალს ხალხსა და მმართველ პარტიას შორის. ეს ნაპრალი ღრმა თუ დარჩა არჩევნებამდე, შეიძლება პოლიტიკოსებში იმედგაცრუებული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

საზოგადოების პოლიტიკურ ნიჰილიზმში ბევრი რისკია ჩადებული, დაწყებული იმით, რომ ხალხმა შეიძლება სრულიად ახალი და გამოუცდელი ადამიანები მოიყვანოს ხელისუფლებაში და დამთავრებული იმით, რომ უავტორიტეტო მმართველობამ ქვეყანა შეიძლება მიიყვანოს ქაოსის პირას.

ამ რისკების ალბათობის გაზრდაზე ასხამს წყალს ხელისუფლების უსამართლო პოლიტიკა მოსამართლეების მიმართ. იმედი ვიქონიოთ, რომ მმართველი პარტია შეეცდება შეამციროს არსებული უფსკრული.

- გასულ კვირას პარლამენტში იმყოფებოდნენ შს მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის უფროსი ვახტანგი გომალაური. მიუხედავად ამისა ვნახეთ, რომ უამრავი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი. თქვენ როგორ შეაფასებთ პარლამენტში დაწესებულ ახალ რეგლამენტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების მოსმენას ითვალისწინებს?

- ეს რეგლამენტი სჯობს იმ სიტუაციას, მინისტრები პარლამენტს რომ უგულებელყოფდნენ, მაგრამ არც ეს რეგლამენტი მგონია უნაკლო.

ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობებით დაინტერესებული ქვეყნები საქართველოს არ მისცემენ იმის უფლებას, რომ მათი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები დადგეს რისკის ქვეშ შიდაპოლიტიკური კინკლაობის გამო

ვისურვებდი, რომ პარლამენტში მინისტრების მოსმენას რაიმე ახლდეს ისეთი, რაც ამ მოსმენას შედეგიანს გახდიდა - პარლამენტის ან მხარდაჭერა, ან გაფრთხილება, ან... მოსაფიქრებელია კიდევ რითი უნდა დასრულდეს მოსმენები. თორემ რეგლამენტის ეს ფორმა მხოლოდ გულის ფხანას ჰგავს, ფხანა კი... ილიამ თქვა, რამაც იცის ფხანა.

- ორივე მინისტრმა აღიარა, რომ ხელისუფლებამ პანკისის ხელობაში სპეცრაზმის შეყვანით შეცდომა დაუშვა. პანკისელები პატრიარქთან იმყოფებოდნენ. მათი თქმით შეცდომა დაუშვეს, როცა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს და მათ მიმართ ძალა გამოიყენეს და თქვეს - გვაპატიეთო.

პატიება შესაძლებელია, მაგრამ ალბათ არა იმათი, ვინც პანკისში სპეცრაზმთან შეხლა-შემოხლისას მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენა.

აქ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იჩენს თავს - საინტერესოა სუს-ს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობის ადგილობრივებს ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილი? თუ ჰქონდათ, მანამდე რატომ არ იქნა პრევენციული ზომები მიღებული?

თქვენი დაკვირვებით, ხელისუფლებას აქვს გაცნობიერებული რომ მოლოტოვის კოქტეილის დამამზადებლებისა და მათი გამომყენებლების დაუსჯელობამ რა შეიძლება გამოიწვიოს?

- თავდაპირველად, მინდა კმაყოფილება გამოვთქვა იმის გამო, რომ ორივე მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა. შეცდომის ლიმიტი უსასრულო არაა და მეშინია, რომ ახალი შეცდომა არ მოხდეს.

ისეთი დაძაბული საერთაშორისო ვითარებაა ჩვენს გარშემო, რომ ყოველ ნაბიჯზე ხაფანგია დაგებული და თუ გაები ხაფანგში, მარტოდ დარჩენილს არავინ დაგეხმარება

ხელისუფლებამ, რომელმაც პანკისის საკმაოდ მარტივ სიტუაციაში ვერ გაითვალა რისკები, ვეჭვობ სხვა ნაბიჯები დაგეგმოს სრულფასოვნად. თავად პანკისელებმაც აღიარეს შეცდომა. თუ პანკისელებმა იციან, რომ შეცდომა დაუშვეს, ალბათ ისიც იციან, რომ შეცდომას სასჯელი უნდა მოჰყვეს. უნდა მოჰყვეს არა პანკისელების დათრგუნვის გამო, მათი მოთხოვნები მაქსიმალურად უნდა დაკმაყოფილდეს, არამედ ქვეყნის ნორმალური ცხოვრებისთვის. დაუსჯელობას შეიძლება მოჰყვეს მოლოტოვის კოქტეილიანი პროტესტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ასეთი ეპიდემია შესაძლებელია მეზობელმა ქვეყანამაც გამოიყენოს და მოლოტოვის კოქტეილების კეთება წაახალისოს საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამ პერსპექტივის საფრთხეზე დააფიქრებს პანკისელებს. ვვარაუდობ, რომ მაღალი შეგნების ეს ადამიანები დათანხმდებიან, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა სახელმწიფოსთან ურთიერთობის ეს ფორმა არ გადაედოს სხვა რეგიონებს.

- ვხედავთ, რომ წინასაარჩევნოდ არაერთი მიმართულებით რთულდება და იძაბება ვითარება, რაც ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს აშკარად ზრდის. თუ ამ პროცესს დინამიკაში წარმოვიდგენთ, თქვენი აზრით, არჩევნების გამო რამე ისეთ ზღვარზე ხომ არა ვართ, რაც შიდა პოლიტიკაში ვითარებას გაართულებდა და ქვეყნის წინაშე რისკებს გაზრდიდა?

- პუბლიცისტურ ანალიზში ხშირად ნეგატიურს უფრო მეტ ყუადღებას ვუთმობთ, ვიდრე პოზიტიურს, რასაც მრავალნაირი ახსნა ეძებნება. ახლა მე მინდა რამდენიმე პოზიტიურ მოვლენაზე გავაკეთო აქცენტი.

ბაქო-ჯეიჰანის პროექტის შემდეგ სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა. ევროპით დაინტერესებულ ჩინეთს საქართველოზე გაჰყავს აბრეშუმის გზა და მრავალმილიარდიანი ინვესტიციების ჩადება მოუწევს საქართველოს ინფრასტრუქტურაში.

საერთაშორისო საფრთხეების გამო საქართველო მთელი ისტორიის მანძილზე მომხრეებს ეძებდა ქრისტიანულ სამყაროში და ახლა, როცა ასეთი მომხრეები გაგვიჩნდა, ჩვენ მიუმხრობლობა უნდა ავირჩიოთ?! ტიბეტმა ჯარი გააუქმა „აღარ გვჭირდებაო“ და მეორე დღეს შევიდა იქ ჩინეთი ტანკებით. ახლა დადის დალაი ლამა მთელ მსოფლიოში და მომხრეებს ეძებს. ჩვენც ასე მოვიქცეთ?

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით დაინტერესებულია ინდოეთი. ყირიმში რუსეთის გაძლიერებით შეშფოთებული ამერიკა ყირიმის საპირწონედ საქართველოს განიხილავს და ამასაც ინვესტიციები დასჭირდება.

ეს ყოველივე საქართველოს განვითარების პოზიტიური პოტენციალია და მისი შენარჩუნება ჩვენს ინტერესებშია, მაგრამ არა მარტო ჩვენსაში. ხსენებული დიდი ქვეყნები არ მისცემენ საქართველოს იმის უფლებას, რომ მათი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები დადგეს რისკის ქვეშ შიდაპოლიტიკური კინკლაობის გამო. შესაბამისად, არც ჩვენი ქვეყნის წინაშე არ გაიზრდება რისკები.

- ფაქტია, რომ საკმაოდ არასტაბილური ვითარებაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში. ვხედავთ, რომ რუსეთი საქართველოში საკმაოდ გააქტიურებულია თავისი “რბილი ძალით”.

საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც კარგა ხანია ყალიბდება პლურალისტული საზოგადოება, მაგრამ, საჯარო სივრცეში ხშირად გაიგონებთ იმგვარ მოსაზრებებს, რომლბიც არა მარტო ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ, ფაქტობრივად სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რევიზია.

„პატრიოტთა ალიანსი“ მიიჩნევს, რომ საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე „მიუმხრებლობის“ პოლიტიკა უნდა გაატაროს. იმ საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ახლა ჩვენს ირგვლივ ხდება, თქვენი აზრით, რამდენად გონივრული და რაც მთავარია სასარგებლოა ჩვენში ამაზე საუბარი?

- ქართული პოლიტიკა ხშირად იძლევა გაკვირვების საფუძველს. წარსულში რომ არ წავიდეთ, მაგალითები ახლაც ბევრია.

„ოცნების“ უმრავლესობა თავგამოდებით იცავს არაპოპულარული მოსამართლეების ინტერესებს და ამავე დროს იცის, ივანიშვილმა მაინც, რომ მისი საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილოა ხალხი. გასაკვირია, დემონსტრაციულად რატომ უგულებელყოფენ ამომრჩევლის უკმაყოფილებას, მარცხი უნდათ მომავალ არჩევნებში?

„ნაციონალებს“ ხელისუფლებაში ყოფნისას ჩამოუყალიბდათ ძალადობის, მოტყუების და ღირსების ხელყოფის სტილი. 2012-ში ამომრჩეველმა ამ თვისებების გამო შეაქცია მათ ზურგი. მას შემდეგ „ნაციონალებს“ ძალა აღარ აქვთ, მაგრამ მოტყუებას და სხვისი ღირსების ხელყოფას ჯიუტად იყენებენ, თანაც ხშირად. ამის გამო აგებენ ყველა არჩევნებს.

გასაკვირია, რატომ ინარჩუნებენ დემონსტრაციულად იმ სტილს, რაც მიუღებელია ამომრჩევლისთვის. ამათაც მარცხი უნდათ მომავალ არჩევნებში?

გასაკვირია პოლიტიკოსების ამ კატეგორიას რომ უერთდებიან „პატრიოტებიც“. მათ ამომრჩევლის მობილიზაციის შესანიშნავი უნარი გამოავლინეს, იცავენ მესამე ძალის ნიშას სხვა ორის კრიტიკით, მაგრამ... ამათაც აქვთ თავიანთი ამოჩემება - ჯიუტად ითხოვენ მიუმხრობლობის პოლიტიკის გატარებას.

ეს პოზიცია რომ წამგებიანია, ბევრი რამ მიუთითებს. ჯერ ერთი, ამომრჩეველი ვერ მიიზიდეს იმ ქართველმა პოლიტიკოსებმა, ვინც ხან ნეიტრალიტეტს და ხან მიუმხრობლობას ითხოვდნენ. მეორე - მიუმხრობლობა აგრესიისგან დაგიცავს თუ ყველა შეთანხმდა შენს ნეიტრალობაზე, თუ არადა, ვისაც მოუნდება შემოგიტევს და გვერდში არავინ დაგიდგება. მესამე - ისეთი დაძაბული საერთაშორისო ვითარებაა ჩვენს გარშემო, რომ ყოველ ნაბიჯზე ხაფანგია დაგებული და თუ გაები ხაფანგში, მარტოდ დარჩენილს არავინ დაგეხმარება.

მეოთხე და მთავარი - საერთაშორისო საფრთხეების გამო საქართველო მთელი ისტორიის მანძილზე მომხრეებს ეძებდა ქრისტინულ სამყაროში და ახლა, როცა ასეთი მომხრეები გაგვიჩნდა, ჩვენ მიუმხრობლობა უნდა ავირჩიოთ?! ტიბეტმა ჯარი გააუქმა „აღარ გვჭირდებაო“ და მეორე დღეს შევიდა იქ ჩინეთი ტანკებით. ახლა დადის დალაი ლამა მთელ მსოფლიოში და მომხრეებს ეძებს. ჩვენც ასე მოვიქცეთ?

მიუმხრობლობით ჯერ ტანკებს მივცეთ ასპარეზი და მერე ვეძებოთ მომხრეები?! არც ერთ ამ ფაქტორს ანგარიშს არ უწევენ „პატრიოტები“ და მიუმხრობლობის პოლიტიკას დემონსტრაციულად აცხადებენ საკუთარ კურსად.

გასაკვირია, რატომ ინარჩუნებენ ჯიუტად იმ პოზიციას, რაც მიუღებელია დღევანდელი ამომრჩევლისა და ჩვენი წინაპრებისთვისაც. ამათაც მარცხი უნდათ მომავალ არჩევნებში?

ამ მაგალითებში გასაკვირი ის არ არის, რომ პოლიტიკოსები შეცდომას უშვებენ, უშეცდომო არავინაა. მე ამ შეცდომების დემონსტრაციულობა მაკვირვებს, მრავალი უკმაყოფილების მიუხედავად, ხაზგასმით რომ უგულებელყოფენ ამომრჩეველს, თითქოს ეჯიბრებიანო. ერთადერთი, რაც გასაკვირი არ არის, ამომრჩევლის ქცევაა - ისიც სულ უფრო მეტი უგულებელყოფით პასუხობს პოლიტიკოსებს. ვნახოთ, ვის აღმოაჩნდება მეტი წინდახედულობა.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა