ლევან ბოძაშვილი - თუ პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების არსებითად იგივე სია შევა, დადასტურდება, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი იყო ბლეფი

ვენეციის კომისიის ყოფილი წევრი, კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არსებითად იგივე სია შევა, როგორიც გასული წლის დეკემბერში წარადგინეს, მაშინ დადასტურდება, რომ მოსამართლეების შერჩევის წესზე საკანონმდებლო ორგანოში წარმართული პროცესი ბლეფი იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოძაშვილმა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, პროცესით, რომელიც პარლამენტში წარიმართა, სწორედ იმ სიის ირგვლივ ატეხილი საზოგადოებრივი უკმაყოფილებისა და პროტესტის გადაგორების საკანონდებლო ფორმა გამოინახა. ამასთან, მისი შეფასებით, ამ პროცესმა პოლიტიკურად ძლიერად დააზარალა „ქართული ოცნება“.

„თუ ის სია, არსებითად იგივე სახით დარჩება და იგივე კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილები, რასაც მაშინ პროტესტი მოჰყვა და ეს პროტესტი დღესაც გრძელდება, დადასტურდება, რომ მთელი ეს პროცესი იყო ბლეფი. აქ იყო გამოყენებული ყველა საშუალება, რათა გადაგორებულიყო რამენაირად პროტესტი. ამაში გამოყენებული იყო ვენეციის კომისია, რომელიც ასევე „გადააგდეს“ და არ გაითვალისწინეს არსებითი რეკომენდაციები, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. აქედან გამომდინარე, გამოვა, რომ ეს პროცესი უბრალოდ იყო თამაში. ეს სია გაუმჭვირვალედ, დახლქვემოდან იქნა წარდგენილი, რამაც იუსტიციის საბჭოს ეს შემადგენლობა დააყენა ლეგიტიმაციის მიღმა, რადგან მან არ გაითვალისწინა და არ განაზოგადა ის კრიტერიუმები, რომელიც იყო კანონში სხვა ინსტანციის მოსამართლეებთან დაკავშირებით. შეიძლებოდა მისი განზოგადება ამ სიაზეც“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ამასთან, კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ არსებითი ამ შემთხვევაში არა კონკრეტული პიროვნებები, არამედ, კონკრეტული სუბიექტური ინტერესების გატანის მიზნით პროცესის წარმართვის მეთოდებია.

„არსებითი აქ კონკრეტული პიროვნებები არ არის. მთავარი აქ არის ის, თუ როგორ არაკვალიფიციურად, ხელის გადაგრეხვით, საზოგადოებრივ აზრთან დაპირისპირებით ხდება პროცესის წარმართვა, კონკრეტული სუბიექტური ინტერესების გატანის მიზნით. ეს კი ნიშნავს, რომ, ინსტიტუციები სრულად ექვემდებარება პოლიტიკურ-ინდივიდუალურ ნებას, რაც არაა შესაბამისი დემოკრატიულ სახლმწიფოსთან. თუ ვიღაც იტყვის, რომ იცით რა, ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელია და რასაც უნდა იმას იზავს, დაუპირისპირდება საკუთარ თავს, საკუთარ პოლიტიკურ მდგრადობას. ეს არ იქნება სამართლიანი და ობიექტური გამართლება ამ ყველაფრის“, - აღნიშნა ბოძაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალ სიაში მისი კანდიდატურაც მოხვდეს. როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე კონკრეტულად არ აქვს გადაწყვეტილი მონაწილეობის მიღება, თუმცა განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ განაცხადების მიღება დაიწყება, შესაძლოა, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატურაზე იფიქროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა