ქეთევან ციხელაშვილი - კომუნიკაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია - აბსოლუტურად დაუშვებელია ძალადობა, ან ისეთი ეპიზოდი, რაც საუბედუროდ პანკისის ხეობაში მოხდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩავიდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც მათ შორის უხუცესები და ქალთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, მოსახლეობას თითოეული იმ თემის წამოჭრისა და კითხვის დასმის საშუალება მიეცა, რომელიც მათთვის აქტუალური და საინტერესოა. სახელმწიფო მინისტრმა თითოეულ კითხვას უპასუხა.

„კონსტრუქციული შეხვედრა იყო. არის თანმხვედრი მზაობა ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხრიდან, რომ დიალოგი გაგრძელდეს და კომუნიკაცია კიდევ უფრო გააქტიურდეს იმ საკითხების განსახილველად, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და რაც პანკისის ხეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. კომუნიკაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია და აბსოლუტურად დაუშვებელია ძალადობა, ან ისეთი ეპიზოდი, რაც საუბედუროდ 21 აპრილს ხეობაში მოხდა. ვფიქრობ, რომ ამაზე საერთო შეთანხმება არსებობს.

მოსახლეობას ჰქონდა კონკრეტული მოსაზრებები, რომლებიც მოვისმინე. ასევე ვისაუბრე პანკისის ხეობის განვითარების გეგმაზე, რომელიც ძალიან მოცულობითია და ბევრ სფეროს მოიცავს. საბოლოო ჯამში, ერთი სურვილი გვაერთიანებს - ხეობის განვითარება. ქვეყნის განვითარება რეგიონების განვითარებაზეა დამოკიდებული და ბუნებრივია, ამაშიც სრული თანხვედრაა. მგონია, რომ ეს ახალი ეტაპის დასაწყისია - დიალოგისა და კომუნიკაციის განახლება, რომელიც ორი კვირის წინ იყო და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიური გახდება სხვადასხვა ჯგუფთან, დაინტერესებულ პირებთან, ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება. იმის რესურსი, რომ ყველაფერი მოსახლეობის ჩართულობისა და კომუნიკაციის გზით გადაწყდეს, ძალიან მაღალია, რადგან არის მზაობა, კონკრეტული ხედვები და გეგმები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა