საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან დაგროვილი შლამისგან სოფლების გაწმენდის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან დაგროვილი შლამისგან სოფლების გაწმენდის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, წყლის დაშრობის სამუშაოები მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
„შპს „საქართველოს მელიორაცია“ აქტიურად არის ჩართული სტიქიით გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში. თელავის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მესამე დღეა მძიმე ტექნიკა მუშაობს, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. სამდღიანი მუშაობის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან დაგროვილი შლამისგან გაიწმინდა ანთოკისხევი, ლაგოდეხში მოწესრიგდა სოფელ მაწიმის და ჭიაურის სავარგულები; სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურსა და ფშაველში; ასევე, ყვარელში წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე დურუჯის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა და მოწესრიგდა. ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია; მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე დაშრობითი სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნულია „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























