ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2019

"აღარ დაგვასვენეს... მისი დაკავება ხეობაში სიტუაციას დაძაბავს..." - პანკისელების რეაქცია მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე

სამი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

***

"აღარ დაგვასვენეს... მისი დაკავება ხეობაში სიტუაციას დაძაბავს..." - პანკისელების რეაქცია მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე

"ტერორისტული აქტის მომზადება და ადამიანების ლიკვიდაციის დაგეგმვა - სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე აფეთქებას აპირებდა. უწყების ინფორმაციით, ის ძმისშვილ მორის მაჩალიკაშვილთან ერთად ამ გეგმას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის სასაფლაოზე აპირებდა. ამის დასტურად სუს-ი აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩეჩნურ ენაზე ძმისშვილს არიგებს, როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა დაადგინოს სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის გადაადგილებისა და სასაფლაოზე მისვლის მარშრუტი. სუს-ის ინფორმაციით, ჩანაწერი 23 მარტსაა გაკეთებული. უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ კანონის დადგენილ ფარგლებში იმოქმედებენ, ხოლო ეს ჩანაწერი არ არის სატელეფონო საუბარი და ის რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინაა ჩაწერილი“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "აღარ დაგვასვენეს... მისი დაკავება ხეობაში სიტუაციას დაძაბავს..." - პანკისელების რეაქცია მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე / მალხაზ მაჩალიკაშვილი: ეს ყველაფერი ფაბრიკაციაა... არ ველოდები, რომ დამაკავებენ

"ასევე დაკითხვაზე დაბარებულია მაჩალიკაშვილის კიდევ ერთი ნათესავი მარგოშვილი. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ საქმეში სხვა ფიგურანტებიც გამოიკვეთონ. მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა - მორის ჰუსეინ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. "რეზონანსი" მაჩალიკაშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ მსგავსი სახის საუბარი მას თავის ძმისშვილთან არ ჰქონია და ეს ფაბრიკაციაა. მისი განცხადებით, მან საერთოდ არ იცის, სად ცხოვრობს გოგაშვილი და სად არის მამამისი დაკრძალული. ის დაკავებას არ ელოდება და ამბობს, რომ თუ ეს სურთ, მაშინ ამდენი ხანია, რუსთაველზე კარავში იმყოფება და დააკავებდნენ. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ საკუთარი ნებით დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. "მსგავსი სახის საუბარი ჩემს ძმისშვილთან საერთოდ არ მქონია და ეს ყველაფერი მხოლოდ ფაბრიკაციაა. ესაა დამონტაჟებული ტექსტი და სრული აბსურდი. წარმოდგენა არ მაქვს, სად ცხოვრობს გოგაშვილი და სად არის მამამისი დაკრძალული. არ ველოდები, რომ დამაკავებენ. თუ უნდოდათ, ამდენი ხანი დამიჭერდნენ. დაკითხვაზე საკუთარი ნებით არ მივალ, ერთი და იმავეს ლაპარაკი მომბეზრდა", - აცხადებს მაჩალიკაშვილი "რეზონანსთან", - აღნიშნავს გამოცემა.

"უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა. მაჩალიკაშვილი ძმისშვილს დირექტივებს აძლევს, რომ გაიგოს, სად არის გოგაშვილი, სად დადის, სად ცხოვრობს და საერთოდ, ყველა მისი გადაადგილება აკონტროლოს. ასევე წავიდეს სოფელ ზემო მაჩხაანში და გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა გაარკვიოს. ოღონდ ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს, რომ ეჭვი ვერავინ ვერაფერზე აიღოს. ჩანაწერში საუბარი ჩეჩნურად მიმდინარეობს. "გარდა ჩვენ ორისა, არავის არ ადარდებს და არც დაინტერესდებიან, მე ვარ და შენ ხარ. მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია. არ გვჭირდება. იქ რომ ცხოვრობს თემირლანი, ეგ გვჭირდება მე და შენ. ჩვენ იქ, იმ ადგილას ვართ წასასვლელები. ამიტომ, სხვა დანარჩენი მოაშორე", - ისმის აუდიოჩანაწერში მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმა. ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ განცხადება გააკეთა მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა. ადვოკატის თქმით, საქმის მასალები არის გასაიდუმლოებული და მას მიეწოდა მწირი ინფორმაცია. კუბლაშვილი ამბობს, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს. "მე სამართლებრივი უფლება არ გამაჩნია, ვისაუბრო საქმის სხვა დეტალებზე. ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ დააკავონ მორის მაჩალიკაშვილი, არ არსებობს და მიმაჩნია, რომ არც იარსებებს. დღევანდელი გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმული კითხვებიდან გამომდინარე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა, დააკავონ, ძალიან ადრეა. მე არ მინახავს, არ მომისმენია ჩანაწერები, რომლებზეც საუბრობთ. მისი გამოკითხვა, სავარაუდოდ, გაგრძელდება", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე თქმით, დაკითხვის დროს მორის მაჩალიკაშვილი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა და, რელიგიური ფაქტორის გამო, რადგან მიმდინარეობს რამადანის მარხვა, მას მედიკამენტის მიღების საშუალება არ აქვს. მარიამ კუბლაშვილის თქმით, სწორედ ამ მოტივით იკავებს თავს მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაკითხვაზე მისვლისგან, რადგან, ემოციური ფონიდან გამომდინარე, შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას და მედიკამენტი ვერ მიიღოს. "რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვას, დღეს ფაქტია, რომ ახალგაზრდაა მორის მაჩალიკაშვილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე ცუდად გახდა. მარხვიდან გამომდინარე, რელიგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი ვერ მიიღებს მედიკამენტსაც. მას საშუალება არ აქვს ამისი, არ აქვს უფლება, რომ მიიღოს მედიკამენტი. ამიტომ არსებობს მაღალი ალბათობის ვარაუდი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდეს და ჩვენ ვერ მივაწოდოთ მას მედიკამენტი. "ეს არის ძალიან ემოციური მისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზეზი გახლდათ, თუ რატომ ჩვენ არ წარმოვადგინეთ იგი მოწმის სახით დღეს. თუმცაღა მიმდინარეობს მოლაპარაკება, ჩვენი შუამდგომლობა დავტოვეთ. იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი, აუცილებელი და სასწრაფო იქნება მალხაზის მოსვლა, რაღაც ფორმით, ერთი საათით შესაძლოა, ეს მოხდეს", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრალეულობისა პანკისში არ სჯერათ და "რეზონანსთან" საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არის ამაზრზენი ფაქტი, რაც პანკისში არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ესაა იმ შვილმკვდარი მამის დაცინვა, რომელიც უკვე ორი წელია, სამართალს ეძებს და მას ბრალს აქეთ უყენებენ. მისი თქმით, ეს არის თემირლანის მკვლელობის გადაფარვის მცდელობა, რათა მაჩალიკაშვილი გააჩუმონ“, - დასძენს გამოცემა.

"ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. დაუჯერებელია, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა, როდესაც თავად იბრძვის საკუთარი შვილის უდანაშაულობის დამტკიცებისთვის. ეს ხომ ამაზრზენია, ადამიანს დააბრალო ის, რის დამტკიცებასაც ამდენი ხანია, ცდილობს. იმის მაგივრად, რომ საზოგადოებას გააგებინონ, რისთვის მოკლეს თემირლანი და აღიარონ, რომ ბავშვი ტყულად გაწირეს, აქეთ დაზარალებულ და გაუბედურებულ მამას იჭერენ?! "ეს ყველაფერი პანკისში შექმნილ ისედაც დაძაბულ სიტუაციაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. როგორ შეიძლება, ადამიანმა იცის, რომ უსმენენ, უთვალთვალებენ და მან ასე გულუბრყვილოდ საბაბი მისცეს", - აცხადებს მექა ხანგოშვილი "რეზონანსთან". პანკისის უხუცესი ხასო ხანგოშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ გამწარებული მამის სიტყვები მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. მისი აზრით, ეს არის უსაფრთხოების სამსახურის მცდელობა, რომ საზოგადოებაში შექმნას განწყობა, თითქოს როგორც თემირლანი, ასევე მამამისი ტერორისტები არიან. უხუცესი ამბობს, რომ ვინც მაჩალიკაშვილს იცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ის ამას არასდროს იკადრებდა. ასევე მათ ადათ-წესში მსგავსი რამ არ მოდის და ეს წამოდგენა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა."იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადონ და დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ, აქეთ დაზარალებულ ადამიანს იჭერენ? ვინც მაჩალიკაშვილს იცნობს, ყველამ კარგად იცის, ეს ადამიანი რისი გამკეთებელია. არ მჯერა ამ ჩანაწერების ავთენტიკურობის და არც იმის, რომ ის ასეთი გულუბრყვილოა და ამის გაკეთებას ასე ღიად აპირებდა, როცა იცის, რომ ყველა მას უთვალთვალებს. "აღარ დაგვასვენეს და თავი არ დაგვანებეს. მისი დაკავება, რა თქმა უნდა, ხეობაში სიტუაციას დაძაბავს. არ ვიცი, რას ფიქრობენ და რისი მიღწევა სურთ. ეს რომ კარგს არაფერს მოგვიტანს, ფაქტია", - აცხადებს ხასო ხანგოშვილი“, - წერს სტატიის ავტორი.

სამი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

“დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე და ელოდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი შუალედური არჩევნების შედეგბს? მედიაში კულუარულად ბოლო დროს გამოდის ინფორმაცია, რომ "ოცნების“ შიგნით გუნდის ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საჭიროებას ხედავს, მათი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეს. თუმცა, როგორც ცნობილია, ივანიშვილის დათანხმებას ვერ ახერხებენ და ის შუალედური არჩევნების შედეგებს ელოდება. რაზე იქნება დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნა - „რეზონანსთან“ ანალიტიკისოები განმარტავენ, რომ პირველ რიგში გასათვლელია, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მმართველ გუნდს რაში სჭირდება და ამით რას მოიგებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სამი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

"მათი აზრით, არჩევნების დანიშვნა სამ რამეზე იქნება დამოკიდებული. პირველი - ეს შუალედური არჩევნების შედეგები იქნება, ასევე საგარეო პარტნიორების განწყობა და კიდევ - რას შეიძლება ამაზე საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობდეს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებს პრეზიდენტი ნიშნავს ორ შემთხვევაში: პირველი – თუ პარლამენტი არ ამტკიცებს ბიუჯეტს, რომელიც დიდი ხანია დამტკიცებულია და დეკემბრამდე ეს ფაქტი აღარ მოხდება, და მეორე – თუ გადადგა მთავრობა და ვერ მტკიცდება ახალი. მართალია, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება, რადგან ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმას ამ მოწვევის დროს ყოველთვის მოაგროვებს. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დასავალელი პარტნიორების მხრიდან ბოლო დროს და განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახშირდა. თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ „ოცნებას“ შემოდგომისთვის ხალხისთვის ბევრი არაფერი ექნება სათქმელი და მას ახალი ნარატივის მოძებნა მოუწევს, რაც საკმაოდ რთული იქნება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სააკაშვილის ფაქტორი უკვე მოძველდა და ხალხი ეკონომიკური და სოციალური გაჭირვების ფონზე ხელისუფლებისგან სრულიად ახალ რამეს მოელის. ამიტომაც სწორია დამოკიდებულება, რომ ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მმართველ გუნდს დიდად არაფერში წაადგება. „ქართული ცონების“ წევრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაცას ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი საუბრები გუნდის შიგნით არ მიმდინარეობს. მისი აზრით, ასევე საფუძველს მოკლებულია იმაზე საუბარი, რომ შუალედური არჩევნების შედეგებმა, შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გამოიწვიოს, რადგანაც ზოიძე დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ მაისში გამარჯვებას შეძლებს. „გუნდის შიგნით მსგავს რამეზე საუბარი არ მიმდინარეობს. მგონია, რომ ეს მხოლოდ ჭორია და ახლა არ დგას ქვეყანაში იმის საჭიროება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. არც ის მგონია საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ეს შუალედური არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რადგანაც ხელისუფლება გამარჯვებას შეძლებს. არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და ეს მხოლოდ უსაფუძვლო ჭორაობაა და ამაზე კომენტარიც კი ზედმეტი მგონია“, - აცხადებს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“, - განაგრძობს გამოცემა.

"ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მსგავს თემაზე გუნდის შიგნით საუბარი არ ყოფილა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დროც აღარ არის. ქანთარია აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე წელიწად ნახევარიღა რჩება და ქვეყანაშიც არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ვადამდელის დანიშვნის აუცილებლობა არსებობდეს. „მედიაში და საზოგადოებაში არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი სახის საუბარი გუნდის შიგნით არ ყოფილა. ცალკეული დეპუტატებიც ვიცი, რომ ახლა არჩევნების დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. ახლა ამის არც დროა და არც სიტუაცია. „ქვეყანაში არ არის ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რომ ამის აუცილებლობა გაჩნდეს. რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, მგონია, რომ მეორე ტურები იქნება, თუმცა „ოცნება“ გამარჯვებას მაინც შეძლებს. თუ წააგებს ზოგ რაიონში ეს ჩვეულებრივ ამბად უნდა აღვიქვათ და არა ტრაგედიად. ახლა ამის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მითუმეტეს არასწორი მგონია“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“. „შემოდგომაზე რომ არჩევნები დაინიშნოს, ამით „ოცნებას“ არ მგონია დიდი ხეირი ჰქონდეს“, - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, თუ პროცესები ისევ ისე უნდა გაგრძელდეს, როგორც ახლა მიდის, მაშინ ჯობია რომ სასწრაფოდ დაინიშნოს, რადგანაც ერთი წლის შემდეგ მდგომარეობა უფრდო კატასტროფული იქნება“, - დასძენს გამოცემა.

"თუმცა, თუ მმართველ გუნდს ქვეყანაში რაიმეს შეცვლა უნდა და ხალხისთვის რაიმე სიახლე აქვს, მაშინ დრო უფრო სჭირდება. ამიტომ შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აზრი არა აქვს. „ერთადერთი, რითაც „ოცნებამ“ შეიძლება იხეიროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით, ის არის, რომ ეს ოპოზიიცისთვის მთლიანობაში მოულოდნელი იქნება. თუმცა, მისი მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძაობა“ მონაწილეობას მიიღებს და ასეთ ვითარებაში შეიძლება, რომ უფრო წააგოს. არ მგონია, რომ ახლა ამ ეტაპზე შემოდგომისთვის „ოცნებისთვის“ არჩევნების დანიშვნა მომგებიანი იყოს. „ასევე შუალედური არჩევნები ერთგვარი ტესტი იქნება იმისთვის, ხელისუფლება რა მიმართულებით წავა და რა გზას აირჩევს. მგონია, რომ თუ მაისში ჩატარებული არჩევნები სახარბელო არ იქნება, მაშინ „ოცნება“ გარკვეული სახის ცვლილებებს დაიწყებს და ეს პირველ რიგში სამთავრობო გადაადგილებას შეეხება. ხელისუფლებას რომც არ უნდოდეს, იძულებეული იქნება რაღაც შეცვალოს“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. მისივე თქმით, ახლა ხელისუფლების შიგნით ბრძოლა იმისთვის მიდის, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არა საზოგადოებას და ამომრჩეველს, არამედ ივანიშვილს დაუმტკიცოს, რომ ისინი სხვებზე უკეთესები არიან და სახელმწიფოს მართვა მათ უფრო შეუძლიათ. ასევე ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბევრი რამ საერთაშორისო პარტნიორებზე და დასავლეთის განწყობებზეც იქნება დამოკიდებული. თუმცა ხელისუფლებამ რაღაც ახალი ნარატივი, საზოგადოებისთვის სათქმელი უნდა მოძებნოს, ამიტომ ამ ეტაპზე ძაბირაძე ფიქრობს, რომ „ოცნებისთვის“ დრო უფრო მნიშვნელოვანი იქნება“, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს