14.07.2025 / 09:02
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - დაგეგმილი ბიუჯეტის მაჩვენებლები პირველ კვარტალში სრულადაა შესრულებული

დაგეგმილი ბიუჯეტის მაჩვენებლები პირველ კვარტალში სრულადაა შესრულებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მაჩვენებლების წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში ბიუჯეტის შემოსავალი 2 მილიარდ 580 მილიონი, ხარჯი კი 2 მილიარდ 818 მილიონ ლარს შეადგენს.

„2 მილიარდ 316 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა გადასახადების სახით, ეს დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში 100.8%-ით შესრულებაა. ჯამში შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი 104.8%-ია და 2 მილიარდ 580 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული. ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება,პირველ კვარტალში საკასო ხარჯი 2 მილიარდ 818 მილიონ ლარს შეადგენს, რაც გეგმის 95.6%-იანი შესრულებაა“, -აღნიშნა კაკაურიძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ პირველი კვარტლის სხვადასვა ეკონომიკურ პარამეტრებზე, მათ შორის ეკონომიკურ ზრდასა და საგარეო ვაჭრობაზეც ისაუბრა.

„მარტში გვქონდა საკმაოდ კარგი 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, საბოლოო ჯამში პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.7% იყო. მოგეხსენებათ, ბიუჯეტი დაგეგმილია 4.5%-იან ეკონომიკური ზრდის პარამეტრზე. მნიშვნელოვანია საგარეო სექტორი, საგარეო ვაჭრობა, ჯამში პირველ კვარტალში იყო 2 მილიარდ 207 მილიონი დოლარი. აქედან ექსპორტმა 826 მლნ დოლარი, იმპორტმა კი 1 მილიარდ 981 მილიონი დოლარი შეადგინა“, -განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ტურიზმშიც ფიქსირდება ზრდა. კერძოდ, პირველ კვარტალში 578 მილიონი დოლარი იქნა მიღებული ტურიზმიდან, რაც 5%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. რაც შეეხება ვიზიტორთა რაოდენობას, 1 .618 მლნ ვიზიტორი ეწვია საქართველოს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ფულად გზავნილებში 8.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ჯამში 328 მლნ დოლარია პირველ კვარტალში ფულადი გზავნილების სახით მიღებული.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ