ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის თანდასწრებით, ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით ივანე მერაბიშვილს გამოკითხავენ.

გამოკითხვა ივანე მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება. 2019 წლის 21 მარტს, ადვოკატმა წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ერთ -ერთ პუნქტად მოითხოვა, რომ გამოიკითხოს ივანე მერაბიშვილი და გადაიდგას ნაბიჯები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა მას პირების იდენტიფიცირება.

ივანე მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს, იგი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. ორივე შემთხვევაში ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ამოცნობის ჩატარება იყო შეუძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს