რეგიონული განვითარების სამინისტრო - საჩხერეში კონფლიქტისპირა 5 სოფლის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 11.5 მილიონი ლარია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნოებს, პროექტი ითვალისწინებს კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პერევი, ჯრია, დარყა, ჭალა და სპეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას. გათვალისწინებულია წყალმომარაგებისთვის საჭირო სათავის, წყალსადენების, რეზერვუარების, წყლის გაუვნებელყოფის სადგურების, გამანაწილებელი ქსელების და 80 კმ წყალსადენი მილის მოწყობა. ასევე დაგეგმილია სოფლებში მრიცხველების მონტაჟიც.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებს არ გააჩნიათ წყალმომარაგების სისტემები, ზოგიერთ უბნებში მოწყობილია მცირე ქსელები და სამარაგო ავზები, თუმცა ისინი კუსტარულია და არ აკმაყოფილებს ნორმებს. დარჩენილი მოსახლეობა სარგებლობს ან ადგილობრივი წყაროების ან ჭების წყლით. პროექტის დასრულების შემდეგ კი პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალას და სპეთის დაახლოებით 3400 მოსახლე 24- საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

























