იოსებ ბარათაშვილი - მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელისუფლება დროულად უნდა მოეგოს გონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც წინა - გირგვლიანის საქმის გამო

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ადვოკატსა და უფლებადამცველ, იოსებ ბარათაშვილს ესაუბრა.

- ბატონო იოსებ, ფაქტია, რომ საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტუალური თემაა გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეების საკმაოდ გრძელი სია. გასაგებია, რომ გამოძიება რთული სფეროა, მაგრამ ის, რომ გამოუძიებელ საქმეებზე მუდმივად გვესმის - „მიმდინარეობს გამოძიება“, თან ისეთ საქმეებზე, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი საკმაოდ მაღალია, ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს.

რა შეიძლება იყოს მიზეზი პროკურატურის აშკარად არაეფექტური მუშაობის? შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე საქმე, რომლებზეც ხელისუფლებას მკაფიო და გასაგები პასუხების გაუცემლობა თავად ხელისუფლებას ვნებს?

- სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ მრავალი საქმე, რომელიც შეეხება 2012 წლამდე ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს და მათთვის ქონების წართმევის ფაქტებს, კვლავაც გამოუძიებელია.

მრავალი საქმე, რომელიც შეეხება 2012 წლამდე ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს და მათთვის ქონების წართმევის ფაქტებს, კვლავაც გამოუძიებელია.

ამის მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია სამართლიანობის აღდგენის ნება, ვინაიდან დანაშაულის ჩამდენ პირთათვის ბრალდების წაყენებისა და სასამართლოს მიერ მათთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ხელისუფლებას მოუწევს დაზარალებულებისათვის კომპენსაციის გადახდა, რის შემდეგაც თავად ხელისუფლებამ, ე.წ. ,,რეგრესის წესით“ ზიანის ანაზღაურება უნდა მოსთხოვოს დანაშაულის ჩამდენ პირებს.

ხელისუფლება, რომლის მთავარი დევიზი იყო სამართლიანობის აღდგენა, ამგვარად არ უნდა იქცეოდეს

ყოველივე ეს, როგორც ჩანს, ხელისუფლებას აფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მარტივი გამოსავალია საერთოდ არ მიიყვანოს ბოლომდე აღნიშნული სახის საქმეებზე დაწყებული გამოძიება, რაც მიმაჩნია, რომ ძალზე მძიმე შეცდომაა.

მაგალითისათვის, შემიძლია დავასახელო რამდენიმე საქმე, რომლებზეც 2012-2013 წლებიდან დაწყებულია გამოძიება და დღემდე არ არის მიყვანილი ბოლომდე. ეს საქმეებია: სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისათვის ტელეკომპანიებში წილების იძულებით დათმობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება, რომელზეც 2015 წელს აღნიშნული პირები დაზარალებულად იქნენ ცნობილი, ასევე ცნობილი არიან ის პირები, რომლებმაც მიაყენეს ზარალი, თუმცა დანაშაულის ჩამდენ არც ერთ პირს დღემდე ბრალდება არა აქვს წაყენებული.

ასევე შემიძლია დავასახელო, კომპანია ,,სტერეო +“-ის დამფუძნებლის - დავით ზილფიმიანის, კომპანია ,,სონი ცენტრი თბილისის“, ,,ინტელექტ ბანკის“ დამფუძნებელთა და მრავალი სხვა პირის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელზეც გამოძიება უსასრულოდ ჭიანურდება.

სამართლიანობის აღდგენის სფეროში დაგროვილია უამრავი კითხვა, რომლებზეც პასუხის გაუცემლობა ვნებს არა მხოლოდ დაზარალებულებს, არამედ თავად ხელისუფლებასაც

აღნიშნულ საქმეებს ემატება ახალი გახმაურებული საქმეები, რომლებიც საზოგადოებაში უამრავ შეკითხვას აჩენს. ამ შემთხვევაში შემიძლია დავასახელო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზებით დახურულ რეჟიმში წარიმართა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე, ფონდ ,,იავნანას“ საქმე და მრავალი სხვა.

მიმაჩნია, რომ ხელისუფლება, რომლის მთავარი დევიზი იყო სამართლიანობის აღდგენა, ამგვარად არ უნდა იქცეოდეს. სამართლიანობის აღდგენის სფეროში დაგროვილია უამრავი კითხვა, რომლებზეც პასუხის გაუცემლობა დააზარალებს არა მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც ჩადენილ იქნა დანაშაული, არამედ თავად ხელისუფლებასაც.

- სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ შსს-სა და სუს-ის მოქმედება ოპერატიულობითა და კომპეტენტურობით არ გამოირჩევა. ამის მაგალითი გახლდათ პანკისში განვითარებული მოვლენები და შემდეგ ის, რაც სუს-სა და მაჩალიკაშვილს შორის ხდება. არ მეგულება ადამიანი, ვინც წინააღმდეგი იყოს ტერორიზმთან ბრძოლის, არც იმის, რომ დაზარალებულმა მოქალაქე მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიიღოს მკაფიო პასუხი იმაზე, თუ რას შეეწირა მისი შვილი. ფაქტია, მალხაზ მაჩალიკაშვილს რომ კვალიფიციური და დამაჯერებელი ინფორმაცია მიეღო შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, არც იმ ჩანაწერის გაჩენის საფუძველი ყოფილიყო, რომელიც სუს-მა მასზე გაავრცელა. ვიცი რთული თემაა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, ამ საკითხში საუკეთესო სამართლებრივი გამოსავალი სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს?

- მრავალი თვის განმავლობაში, მთელი ჩვენი საზოგადოების თვალწინ ხდება ის, რომ მოკლული ახალგაზრდა კაცის სასოწარკვეთილი ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხის გაცემას, რა იყო მათი შვილის მკვლელობის მიზეზი - ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დაკვეთა, თუ მკვლელობის უშუალო განმახორციელებელი პირის თვითნებობა.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის მშობლები პასუხს ვერ იღებენ, რაც ქმნის უსამართლობის განცდას. ამ თვალსაზრისით, ეს საქმე შემიძლია შევადარო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს

საგამოძიებო ორგანოს მიმართ ასევე არსებობს კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ ცდილობდნენ მკვლელობის გარემოებების გაყალბებას და საქმის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს აწ გარდაცვლილი თემერლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა სპეცდანიშნულების რაზმს. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის მშობლები პასუხს ვერ იღებენ, რაც ქმნის უსამართლობის განცდას. ამ თვალსაზრისით, ეს საქმე შემიძლია შევადარო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს.

შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება დროულად უნდა მოეგოს გონს, ჩაატაროს თემერლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის დროული გამოძიება და უზრუნველყოს ობიექტური ინფორმაციის მიწოდება როგორც გარდაცვლილის ოჯახისათვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული ხნის შემდეგ, დღევანდელი ხელისუფლება აღმოჩნდება იმავე მდგომარეობაში, რომელშიც წინა ხელისუფლება აღმოჩნდა გირგვლიანის საქმესთან მიმართებით.

- წელსაც ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავს. ვნახეთ, რომ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში თან ახლდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირება.

ამასთან, ვხედავთ იმასაც, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ფაშიზმზე გამარჯვების ფაქტი გამოიყენოს პროპაგანდისტული მიზნებისათვის. როგორ შეაფასებდით იმას, რაც 9 მაისს ჩვენთან ტრადიციულად ხდება?

- ვფიქრობ, არ არის სადავო, რომ ფაშიზმი და ნაციზმი წარმოადგენდა უდიდეს ბოროტებას, რომელიც განადგურებით ემუქრებოდა კაცობრიობის მნიშვნელოვან ნაწილს და ამიტომ კანონზომიერია, რომ ფაშიზმზე გამარჯვება ზეიმით აღინიშნება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

სწორად მიმაჩნია ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა. თუმცა, სრულიად მიუღებელია აღნიშნული თარიღის გამოყენება რუსეთის იმპერიული მისწრაფებების პროპაგანდისათვის

ამავე დროს, დიდ ბოროტებას წარმოადგენდა ბოლშევიზმიც. ბოლშევიკურმა რუსეთმა 1921 წელს განახორციელა საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია, რასაც მომდევნო წლებში, მოჰყვა უამრავი ადამიანის დაპატიმრება, დახვრეტა და გადასახლება.

ისტორიის გადასახედიდან ფაშიზმისა და ბოლშევიზმის დაპირისპირება ჩანს დაპირისპირებად უდიდეს და იმ ვითარებაში შედარებით ნაკლებ ბოროტებას შორის. სწორედ ამიტომ დაუჭირეს მხარი დასავლეთის სახელმწიფოებმა იმდროინდელ საბჭოთა კავშირს ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

არასწორად მიმაჩნია ჩვენი ერის გამორჩეულობაზე მუდმივი ხაზგასმა და ამით თავის მოწონება

ამასთან, მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა უამრავი საქართველოს მოქალაქე და თითოეულმა ქართულმა ოჯახმა გამოსცადა ომის საშინელება. ამიტომ სწორად მიმაჩნია ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა. თუმცა, სრულიად მიუღებელია აღნიშნული თარიღის გამოყენება რუსეთის იმპერიული მისწრაფებების პროპაგანდისათვის.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მეორე მსოფლიო ომის, ფაშიზმის, ბოლშევიზმისა და რუსეთის ხელისუფლების იმპერიული პროპაგანდის შეფასება გახდეს ჩვენი საზოგადოების ფართო დისკუსიის საგანი და ამ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღონ ისტორიკოსებმა, იურისტებმა, პოლიტიკოსებმა, სამხედრო ექსპერტებმა და ჩამოყალიბდეს ობიექტური და ჩვენი მოქალაქეებისათვის გასაგები პოზიცია.

- საზოგადოების ნაწილი აქტიურად განიხილავს პარლამენტის გადაწყვეტილებას ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის დაწესების შესახებ. კომენტატორთა უმრავლესობა გაკვირვებას გამოთქვამს მითის დაკანონების გამო.

თქვენ როგორ აღიქვით ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის დაწესების დაკანონება?

- თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები კომენტატორთა იმ ნაწილს, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს არის მითის დაკანონება. ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად არის მიჩნეული, მომდინარეობს მე-5 საუკუნის ბერძნული ტექსტიდან ,,ღვთისმშობლის მიძინების“ შესახებ, რომელშიც ასახულია იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები და ეს ფაქტი მთელი ქრისტიანული სამყაროს მიერ არის გაზიარებული.

თუ ჩვენ მართლა გვინდა ვიყოთ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ეს უნდა გავაკეთოთ არა საგანგებო უქმე დღეების დაწესებით, არამედ ურთიერთსიყვარულით, თავმდაბლობითა და განსხვავებული აზრის პატივისცემით.

მეორე მხრივ, არასწორად მიმაჩნია ჩვენი ერის გამორჩეულობაზე მუდმივი ხაზგასმა და ამით თავის მოწონება. ვფიქრობ, ჩვენს დღევანდელ საზოგადოებაში ყოველგვარ ზღვარს სცდება ურთიერთსიძულვილი და განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობა.

თუ ჩვენ მართლა გვინდა ვიყოთ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ეს უნდა გავაკეთოთ არა საგანგებო უქმე დღეების დაწესებით, არამედ ურთიერთსიყვარულით, თავმდაბლობითა და განსხვავებული აზრის პატივისცემით.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”