კახეთის სამაშველო სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო, კახეთის სამაშველო სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
კახეთის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ორ მუნიციპალიტეტში, სადაც სტიქიამ პრობლემები შექმნა, მობილიზებულია სახანძრო -სამაშველო ჯგუფები და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას ეხმარებიან.
„უხვი ნალექის გამო, პრობლემები წარმოიქმნა ძირითადად, ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე- მაშველები გადასული არიან მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. ოპერატიულად ახდენენ ყველა შეტყობინებაზე რეგირებას. საუბარია, საცხოვრებელი სახლებიდან, მარნებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვაზე. ამავე დროს ჩვენი თანამშრომლები ორივე რაიონში აწარმოებენ მოსახლეობასთან მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევენ მათ“, - განაცხადა კახეთის სამაშველო სამსახურის უფროსმა გიორგი ჩარკვიანმა.

























