კახეთის გუბერნატორი - როგორც კი შევძლებთ, ვერტმფრენით გავაკეთებთ შემოვლას, რათა ვნახოთ, სადმე ხომ არ არის წყლის ისეთი დაგუბება, რომ უფრო დიდი სტიქიის საფრთხე შეიქმნას

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზა მაისის ბოლოს ვერ გაიხსნება. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუშეთთან დამაკაშირებელი გზის 150 მეტრამდე მონაკვეთი ღვარცოფმა წაიღო. მისივე განცხადებით, თუშეთის გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერია ჩამოწოლილი, მდინარეებში კი წყლის დონე ჯერ კიდევ მომატებულია და გაწმენდითი სამუშაოები ვერ იწყება.
„ შეიძლება უკვე წინასწარ ითქვას, რომ თუშეთის გზის გახსნის პერიოდი გადაივადებს. ლეჩურში, თუშეთისკენ მიმავალი გზა ადიდებულმა მდინარე სტორმა ფაქტიურად სრულად წაიღო. ასევე, გარკვეული მონაკვეთები, განსაკუთრებით ხელოვნურად დაგუბებულ ტბასთან, 57-ე კილომეტრზე, მთლიანად წყლით არის დაფარული. ასევე, გარკვეულ მონაკვეთებზე ჩამოწოლილია მეწყერი, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერ ვერ ხერხდება. ამჟამადაც ნალექის სიუხვეა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფაქტიურად ჯერ ვერ დავიწყებთ სამუშაოებს.
როგორც კი შევძლებთ, ვერტმფრენით გავაკეთებთ შემოვლას, რათა ვნახოთ, სადმე ხომ არ არის წყლის ისეთი დაგუბება, რომ გარღვევის შემთხვევაში უფრო დიდი სტიქიური უბედურების საფრთხე შეიქმნას. ეს საკითხი კომპლექსურია და ახლა საუბარი იმაზე, როდის გაიხსნება გზა, ნაადრევია“, - აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.

























