შსს სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობებზე - დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი

შსს სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობებზე - დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი

სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია, გამოძიებისთვის იმ ეტაპზე ცნობილ გარემოებებთან დაკავშირებით. კერძოდ, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა სოფელ ყანდაურაში მცხოვრები ო.გ., რომელზეც მეზობლები აცხადებდნენ, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია მეზობლებმა მოგვიანებით გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებშიც დაადასტურეს. გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი.

ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ო.გ.-ს მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს - მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღის ადრე, განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას“, - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო: დაკავებული 85 წლის ბრალდებულის შვილიშვილი და სროლა 2 სხვადასხვა იარაღიდან: რა ახალი გარემოებებია ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეში