ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2019

რა სკანდალური ინფორმაციების გამხელას აპირებს ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია

რევაზ არველაძე - “თუ ჰესების მშენებლობა არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”

* * *

რა სკანდალური ინფორმაციების გამხელას აპირებს ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია

"ბოლო რამდენიმე კვირაა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, რომელიც თავისი უცნაური განცხადებებით ერს აგიჟებდა, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გააგდეს, ხალხის ჯილა გახდა. ამ ეტაპზე ქობულიამ მხოლოდ ის აღიარა, რომ თანამდებობიდან თავისი ნებით არ წასულა. ქობულიას რომ თანამდებობიდან წასვლის განცხადების დაწერას აიძულებდნენ “ახალმა თაობამ” ჯერ კიდევ მის გადადგომამდე დაწერა. ამასთან დაკავშირებით კიდევ ახალი დეტალები ხდება ცნობილი”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას ფეხი მოუქნია / რა სკანდალური ინფორმაციების გამხელას აპირებს ყოფილი მინისტრი.

“ქობულიას პოსტის დატოვებისკენ მამუკა ბახტაძემ მოუწოდა, რომელმაც ეს დავალება ივანიშვილისგან მიიღო. ქობულიამ თავისი ნებით განცხადების დაწერა არ ისურვა და ბახტაძეს უთხრა, თუ მაგარი ბიჭი ხარ, გადამაყენეო. გადაყენება “ოცნების” ინტერესებში არ შედიოდა და ყოფილ მინისტრს პრემიერთან სერიოზული ჩხუბი მოუვიდა. “ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ ქობულიას სიჯიუტით გამწარებულმა პრემიერმა მინისტრს ფეხიც კი მოუქნია და უწმაწური სიტყვითაც შეამკო, თან უყვიროდა, მე მოგიყვანე ამ თანამდებობაზე და რას მიკეთებო... ბოლოს, მინისტრი მაინც გადააყენეს. გადაყენების მიზეზებზე სასაუბროდ ქობულიას პარლამენტში სურდა მისვლა, მაგრამ “ოცნების” დეპუტაცია მას ცოცხალი თავით არ იბარებს მოსმენაზე. მათზე არც ყოფილი თანაპარტიელის ლევან კობერიძის მოთხოვნამ გაჭრა - უმრავლესობიდან წამოსვლამდე და წამოსვლის შემდეგადაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს პარლამენტში არასაკომიტეტო, ღია ფორმატის ფარგლებში მისვლა შესთავაზა. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ ყოფილი მინისტრის მხრიდან წარსული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა მისთვის მიუღებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

რომან კაკულია ამბობს, რომ მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გიორგი ქობულიასთან და დაინტერესდა, ისაუბრებდა თუ არა ის საკომიტეტო მოსმენაზე თანამდებობიდან წავლის შესახებ. კაკულიას თქმით, ყოფილი მინისტრი შეხვედრის დროს მისი განვლილი საქმიანობის ანგარიშის წარდგენას გეგმავდა. კაკულია ამბობს, რომ მისთვის პირადად ყოფილი მინისტრის ანგარიშის მოსმენა მიუღებელია საკომიტეტო ფორმატში და თუ ქობულიას სურს ანგარიშის წარდგენა, შეუძლია დაესწროს მისი შემცვლელის ნათია თურნავას პარლამენტში გამოსვლას და იქ ისაუბროს თავისი საქმიანობის შესახებ”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე მგონი, აქ ორი თემა ცოტა ერთმანეთს ასცდა. თავიდან, როდესაც ეს საკითხი დაისვა, საუბარი იყო, რომ ბატონი ქობულია აპირებს სიცხადე შეიტანოს მისი გათავისუფლების საკითხში. ეს იყო მთავარი თემა და ჩემი პოზიცია იყო, რომ მას თუ აქვს რამე სათქმელი ისეთი, რაც არ უთქვამს და აპირებს, რომ მომავალში თქვას, კი ბატონო, რატომაც არა, თქვას აქ. მერე, როცა პირადად ვესაუბრე, მან უკვე ეს საკითხი გადმოიტანა მისი საქმიანობოს შეფასებაზე, რაც, პრინციპში, სხვა საკითხია აბსოლუტურად”, - აცხადებს კაკულია. აშკარაა, რომ პარლამენტში ქობულიას არ ალაპარაკებენ, მაგრამ, როგორც ამბობენ, ის უკვე ესაუბრა დასავლეთელ პარტნიორებს მისი გადაყენების რეალურ მიზეზებზე და ისიც გაამხილა, თუ რა საიდუმლო მოლაპარაკებები მიდის რუსეთთან. რაღაცები მან რუსთავი 2-თანაც თქვა, თუმცა, როგორც ამბობენ, იმასთან, რის თქმასაც ნამინისტრალი აპირებს, ეს მხოლოდ ჟურნალია. კინო კი ძალიან მაგარი იქნება”, - დასძენს გამოცემა.

რევაზ არველაძე - “თუ ჰესების მშენებლობა არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”

“ჭარბი ელექტროენერგია გვაქვს იმ პერიოდში, როდესაც ენგურში იწყებს წყალი დიდი რაოდენობით წამოსვლას. ეს მაისის თვიდან იწყება და ივნისი, ივლისი და აგვისტოს პირველი ნახევარი გრძელდებს. ეს პერიოდი არის ჩვენთვის ექსპორტის საშუალება. ელექტროენერგია ზაფხულის თვეებში გადიოდა და სადღაც მაქსიმალური ვარიანტი 600-700 მილიონ კილოვატ/საათი იყო ზაფხულის პერიოდში. თუმცა ეს დამოკიდებული იყო რამდენად უხვწყლიანი იყო ეს პერიოდი წლის განმავლობაში. მაგალითად, 2010 წელს გამომუშავება 9,5 მილიარდ კილოვატ/საათზე ავიდა ჰიდროელექტროსადგურებზე. ეს არნახული მაჩვენებელი იყო და უკვე დავიწყეთ ლაპარაკი იმაზე, რომ იმპორტირებიდან ექსპორტიორებად გადავიქეცით და ა.შ., თუმცა ეს იყო მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში ბევრი იყო წყალი...”, - აცხადებს ენერგეტიკოსი, “ქართული ოცნების” დეპუტატი რევაზ არველაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რევაზ არველაძე: “ელექტროენერგია უფრო მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს”.

“ჯამურად ჩვენ მაინც იმპორტიორები ვართ ყოველთვის. წლიური შედეგით იმპორტი აჭარბებს ექსპორტს. შარშან, მაგალითად, 600 მილიონ კილოვატ/საათამდე გავიდა საზღვარგარეთ და მილიარდ-ნახევარზე მეტი შემოვიტანეთ. ასე რომ, ჩვენთან სიჭარბე, მაინც დროებითია იმიტომ, რომ ჩვენთან ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი მკვეთრად ჩამორჩება მოხმარების ზრდის ტემპებს. ზამთარში ძირითადად ელექტროენერგიას ვყიდულობთ აზერბაიჯანიდან და ნაწილობრივ რუსეთიდან. რაც შეეხებ იმპორტის შემცირების შანსებს, ჩვენ ძალიან არასწორი მოლოდინები გვაქვს ხოლმე, რომ თითქოს ისეთ ეფექტურ ენერგოღონისძიებებს გამოვიგონებთ, რომ ეს მოგვცემს რაღაც სასწაულ დანაზოგს. არ არის ეს ასე. ჩვენ რომ იმპორტის მოცულობა შევამციროთ, ამისთვის საჭიროა ელექტროსადგურები ავაშენოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რევაზ არველაძე.

“ჩვენი მოსახლეობა არასწორად არის ინფორმირებული ჰიდროელექტროსადგურების მავნებლობასთან დაკავშირებით. ჰიდროელექტროსადგურების უდიდესი ნაწილი ან საერთოდ არ ადენს ჯანმრთელობაზე ზეფავლენას ან ძლიან მცირედს. მცირე გავლენას რომ არ ახდენდეს, ასეთი ობიექტი არ არსებობს, საცხოვრებელ სახლს რომ აშენებ, ის ახდენს გავლენას. თუმც იმდენად ნაკლებია გავლენა და იმდენად სერიოზული მაკონპენსირებელი ღონისძიებებია ჩადებული, რომ არ უნდა ამის წინააღდეგ ამხელა ბრძოლა... საჭიროა სწრაფად დავიწყოთ თბოელექტროსადგურების მშენებლობა - რა თქმა უნდა, ესეც იმპორტია, რადგან ჩვენ ჩვენ გაზი არ გვაქვს და იმპორტირებულ გაზზე უნდა ვამუშაოთ სადგურები, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. იმის იმედად ყოფნა, რომ ქარისა და მზის ელექტროსადგურები შეძლებენ კომპენსაცია გააკეთონ, მცდარი შეხედულებაა”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რატომ?” - პასუხობს:

“მზის ელექტროსადგურები ძირითადად ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ ზაფხულში. ზანთარში 3-4 საათზე მეტს ვერ მუშაობენ ეს სადგურები. ქარის ელექტროსადგურებს ზამთარში მეტი პოტენციალი აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან არასტაბილურია და ენერგოსისტემის მდგრადობას ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს. ქარის ელექტროსადგურს როცა აშენებ, სარეზერვო სადგურიც უნდა გქონდეს და ორმაგი ხარჯის გაწევა გიწევს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე კარგი იქნებოდა ჰესების მშენებლობა. თუ ესეც არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს