ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2019

რამაზ საყვარელიძე - “საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!”

რატომაა პანიკა სოფელ ყანდაურაში, სადაც ერთი ოჯახის 4 წევრი მოკლეს...

მალხაზ მაჩალიკაშვილი - “ამას დაარქვეს ტერორიზმის აქტის მომზადება, რატომ არ დაარქვეს შურისძიება?”

* * *

რამაზ საყვარელიძე - “საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!”

“ მე კითხვები არა მაქვს. არა მაქვს იმიტომ, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების ბევრი უთავბოლო და დაუგეგმავი ნაბიჯი ვნახეთ. ამიტომაც სულ არ მიკვირს, რომ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ეს საქმეც გაუგებრად წამოიწყეს. ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს ვუსმენდი, თურმე ინფორმაცია და ჩანაწერი იმიტომ გაავრცელეს, რომ პრევენცია მოეხდინათ და დანაშაული არ მომხდარიყო. ასეთი რამ აქამდე არც გამიგია, მგონი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ადამიანს აბრალებენ ტერორისტული აქტის მომზადებას, ის კი დღეების განმავლობაში თავისუფლად დადიოდა, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოჰკითხეს და კვლავაც არ დააკავეს...” - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!” / “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უარი თქვა “ნაციონალური მოძრაობის” მართვის მკაცრ სტილზე, თუმცა თვითონ როგორ უნდა მართოს, ეს ვერაფრით ჩამოაყალიბა. შეეცდებიან რაღაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ნაბიჯ-ნახევარში უკან იხევენ. პროცესების დიპლომატიურად მართვის უნარიც არ შესწევთ”.

“თუმცა საგულისხმოდ მეჩვენა სუს-იდან გამოსული მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება, როდესაც თქვა, თარგმანშია შეცდომაო. ის გამოირჩევა ხოლმე სუს-ის მიმართ აგრესიულობით, თუმცა ამჯერად არ შეუტია და ყველაფერი ტექნიკურ გაუგებრობას დააბრალა. ეს ნიუანსი, ვფიქრობ, საინტერესოა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი ვარაუდით, სუს-ში მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე ბევრი რამ ითქვა, შესაძლოა შეთანხმებაც შედგა, რათა ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდეს. დაბეჯითებით ვერაფერს იტყვი, ჩანაწერის შინაარსი იძლევა იმის საშუალებას იფიქრო, რომ შესაძლოა მართლაც იგეგმებოდა რაღაც, თუმცა, როგორც მაჩალიკაშვილმა თქვა, თარგმანის პრობლემა ყოფილა. თუ ასეა, გამოდის, საუბრის შინაარსიც არ ვიცით ზუსტად. ერთი კია, ჩემი აზრით, ყველაფრისთვის ტერორიზმის დარქმევა სწორი არ არის. მისი განსაზღვრება სრულიად განსხვავებულია. როდესაც მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას აქვს შურისძიების გრძნობა, ეს გაცილებით გასაგებია. მამუკა არეშიძემ თქვა, რომ ქისტებში, ისევე, როგორც სხვა კავკასიელ მთიელებში, ღრმად არის გამჯდარი სისხლის აღების ადათი, მათთვის მტერზე შურისძიება მისაღებიც კია, თუმცა ეს ვერ ჩაჯდება სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში, ამას გამართლება ვერ ექნება. შესაბამისად, თუ ვინმე დამნაშავეა, მას კანონმა უნდა აგებინოს პასუხი. მეორე მხრივ, როგორც უკვე ვთქვი, ყველაფრისთვის ტერორიზმის დარქმევა არ გამოვა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“მეორე მხრივ, მაჩალიკაშვილებს აქვთ სათქმელი - თითქმის წელიწად-ნახევარია ეძებენ სამართალს და ვერ პოულობენ. ეს არის დიდი ქვა ამ ხელისუფლების კისერზე. გაუგებარია, რატომ ვერ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში საქმის გამოძიება, იმგვარი არგუმენტების წარმოდგენა, რომლებიც დამაჯერებელი იქნებოდა ოჯახისთვის? თუ არა აქვთ არგუმენტები და მტკიცებულებები, მაშინ უნდა აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა. დილემის წინაშე დგანან და გაბედულება არ ჰყოფნით გადაწყვეტილების მისაღებად. იგივე არ მოხდა პანკისში 21 აპრილს? პოლიციას ქვები დაუშინეს, “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლეს, მაგრამ არავინ დაუსჯიათ, იმიტომ, რომ პანკისში პრობლემის გამწვავებას მოერიდნენ, არადა, შეეძლოთ თავიდან ეფიქრათ გადაწყვეტილების შედეგებზე. ახლაც წამოიწყეს ეს გამოძიება, მაგრამ რეგიონის აფეთქების ეშინიათ და მაქსიმალურად ფრთხილად იქცევიან. არადა, ასეთი განცხადებების მერე თუ არ დააკავებენ, თვითონ გამოდიან უსუსურები. როგორც ჩანს, თანახმა არიან აღიარონ უსუსურობა. საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია! ერთი-ორის გარდა, გადაწყვეტილების მიღებას ყველა გაურბის... “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უარი თქვა “ნაციონალური მოძრაობის” მართვის მკაცრ სტილზე, თუმცა თვითონ როგორ უნდა მართოს, ეს ვერაფრით ჩამოაყალიბა. შეეცდებიან რაღაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ნაბიჯ-ნახევარში უკან იხევენ. პროცესების დიპლომატიურად მართვის უნარიც არ შესწევთ”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ჩემთვის საგულისხმო იყო შს მინისტრ გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებები პანკისში განვითარებულ მოვლენებზე. ჯერ ერთი, ფაქტობრივად, აღიარეს შეცდომა, თუმცა, ამასთანავე, აშკარად გაიშვირეს ხელი სხვა სამთავრობო უწყებებისკენ. ეს განსაკუთრებულად გიორგი გახარიაზე ითქმის, რომელმაც თითქმის პირდაპირ თქვა, ჰესები ჩემი საქმე არ არის და იმ უწყებებს, რომლებმაც ამ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილებები, მეტი უნდა ემუშავათო. როცა მთავრობის წევრები შეცდომას აღიარებენ, კარგია, თუმცა ხომ აშკარად ჩანს ამ განცხადებებიდან, რაოდენ შეუთანხმებლად მუშაობს მთავრობა და როგორ ნაჩქარევად იღებს გადაწყვეტილებებს. ამიტომაც არის, რომ ამდენ პრობლემას თვითონვე უქმნის საკუთარ თავს. ის, რაც პანკისში მოხდა, ანუ ამგვარი შეცდომები, უშედეგოდ არ ჩაივლის და ეს შესაძლოა ძალიან მრავალმხრივი იყოს. ეს ვნახეთ უკვე მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც. ამ საკითხზე ხეობა დღემდე ინარჩუნებდა ნეიტრალურ დამოკიდებულებას და ელოდა პროცესების განვითარებას, თუმცა ახლა უკვე ვნახეთ ადგილობრივთა პროტესტი. არადა, დიპლომატიითა და სწორად დაგეგმილი სტრატეგიით ადვილად შეიძლებოდა ადგილობრივებთან ჰესის მშენებლობის შესახებ საერთო ენის გამონახვა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“რაც 9 მაისს მოხდა, ეს იყო ტრავმა ვეტერანებისთვისაც და ვფიქრობ, ქვეყნისთვისაც. მით უფრო ახალ თაობას ამ თარიღის მნიშვნელობის განცდა აღარ აქვს, რადგან ამ ვითარებაში 9 მაისს მტერთან _ რუსეთთან აიგივებს. ვიცით, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებიც მთავარ გამოწვევად ასახელებენ რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს, მათ შორის ჰიბრიდულ ომს, რომელსაც ძალიან მასშტაბურად თითქმის მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ აწარმოებს რუსეთი. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ მას პროპაგანდისთვის ყველა ბერკეტი გამოვაცალოთ ხელიდან. რაკი ვხედავთ, რომ 9 მაისს ის პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს, ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია ეს თარიღი 8 მაისს აღვნიშნოთ და დავარქვათ, ვთქვათ, “მეორე მსოფლიო ომში გმირულად მებრძოლი ადამიანების დღე” და გავათავისუფლოთ დღესასწაული რუსული შინაარსისგან. მაშინ შეგვეძლება ღირსეულად მივაგოთ პატივი ომში დაღუპულებსაც და იმ 300-მდე ვეტერანსაც, რომლებიც ამ გაწამაწიასა და არეულობაში, მგონი, ყველას მიავიწყდა. არადა, სანამ ეს ხალხი ცოცხალია, ისინი უნდა იყვნენ ამ დღის მთავარი გმირები და არა ეს პოლიტიკური ინსინუაციები”, - დასძენს საყვარელიძე და შეკითხვაზე - “19 მაისს საქართველოს რამდენიმე რეგიონში შუალედური არჩევნები გაიმართება...” - პასუხობს:

“არაერთხელ ითქვა, რომ 19 მაისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიცია იქნება. მე მაინც მგონია, რომ დიდწილად “ქართული ოცნება” მოიგებს, თუმცა ზუგდიდსა და მარნეულში დიდი დაძაბულობა იქნება. სიმართლე გითხრათ, ზუგდიდზე მეტად მარნეულის ამბავი უფრო რთულად მეჩვენება, რადგან იქ ძლიერი და ბრძოლაში გამოწრთობილი კანდიდატი ჰყავს ოპოზიციას, თან ეს საკმაოდ რთული რეგიონია. რაც შეეხება ზუგდიდს, ვფიქრობ, სანდრა რულოვსმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს. მაგალითად, დღეს ბევრს ლაპარაკობენ ზუგდიდში რულოვსის იმ წიგნზე, სადაც არცთუ კარგი კონტექსტით ჰყავს მოხსენიებული ზვიად გამსახურდია. გარდა ამისა, ერთ-ერთი კვლევის შედეგი ვნახე, რომელიც არ გამოქვეყნებულა, სადაც სანდრა რულოვსი აშკარად აგებს. რაც შეეხება იმას, რატომ მგონია, რომ “ქართული ოცნება” თითქმის ყველგან გაიმარჯვებს, მხოლოდ და მხოლოდ უალტერნატივობის გამო”.

რატომაა პანიკა სოფელ ყანდაურაში, სადაც ერთი ოჯახის 4 წევრი მოკლეს...

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ხალხი პანიკაშია. სოფელში ყველა დარწმუნებულია, რომ ოთხმაგი მკვლელობა, რომელზეც 85 წლის კაცია დაკავებული, მას არ ჩაუდენია. სინამდვილეში ეს მისმა შვილმა გააკეთა, ყოფილმა სპეცრაზმელმა, რომელიც მიმალვაშია - უთხრა “რეზონანსს” რამდენიმე ადგილობრივმა, რომლებიც კატეგორიულად ითხოვენ, რომ მათი ვინაობა არ გავამხილოთ. ამბობენ, რომ დაკავებულის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ახლა მიმალვაშია და ვერ პოულობენ, შესაბამისად, შიშობენ, რომ შეუძლია ნებისმიერს გაუსწორდეს. მით უმეტეს, რომ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ დაინდო, მათ შორის დედა და ძმა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დაკავებული მოხუცი ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ მკვლელობების ჩადენას და ის საკუთარ შვილს ხელს აფარებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პანიკა კახეთის სოფელში, სადაც ერთი ოჯახის 4 წევრი მოკლეს - ახალი დეტალები.

“საქმის ირგვლივ კითხვები ექსპერტიზის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების მსვლელობისას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი, გეკოს თოფია ამოღებული, ხოლო ავტომატი ადგილზე ვერ ნახეს. რაც შეეხება მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს ბრალდებულის მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ მას ამ საქმესთან შესაძლოა შეხება ჰქონდეს, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. საუბარია ბრალდებულის 51 წლის შვილზე, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია და ის შემთხვევის შემდეგ არავის უნახავს. არც ძმის დაკრძალვაზე გამოჩნდა და არც საავადმყოფოში დაჭრილ დედას მიაკითხა. დაკავებულია მისი შვილი, ნოდარ გამყრელიძე, რომელსაც იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან... ადგილობრივებმა შოკიდან გამოსვლის შემდეგ გარკვეული დეტალების გახსენება დიაწყეს, ისინი ამბობენ, რომ სროლის დროს, სავარაუდოდ, მოხუცი ოთახში ცოლის საწოლთან უნდა ყოფილიყო. თავად მოხუცი სასამართლოზე ამბობს, რომ როდესაც მის 76 წლის ცოლს ელზა გამყრელიძეს ესროლეს, ის ხმაურზე ოთახში შევიდა და დანის პირით ცოლისთვის კრიჭის გახსნას ცდილობდა, ცოლს არ მოშორებია და 4 ადამიანის დახოცვას ვერ შეძლებდა. მეზობლები ამბობენ, რომ მოხუცის ხელში იარაღი არასდროს უნახავთ. დაკავებული მოხუცი ამბობს, რომ ისიც კი არ იცოდა, რომ მისი შვილი, რძალი და მეზობლები გარდაცვლილები იყვნენ, ხოლო იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა, მას არ ეკუთვნის და მან სროლაც კი არ იცის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს უბედურება რომ მოხდა, ცოლთან ოთახში ვიყავი და მის გადარჩენას ვცდილობდი. ნეტავ გადარჩეს და ყველაფერი თქვას. პოლიცია რომ მოვიდა, ვერც კი მივხვდი რა მოხდა. ოთახში შემოცვივდნენ და დამიჭირეს. ვიკითხე, რატომ მიჭერთ-მეთქი, არავინ არაფერი მითხრა. სოფელში რომ ჩამატარეს, ხალხი ქვებს მესროდა და მკვლელოო, მეძახდნენ. არც კი ვიცოდი, რომ ჩემს ეზოში 4 მკვდარი იყო. მინდა გამიშვან სოფელში, ვნახო ის ადამიანები ვინც ამბობენ, რომ მე იარაღით მნახეს და ვისროდი”, - განაცხადა ომარ გამყრელიძემ სასამართლოზე. მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრი ფრიდონ გამყრელიძე მოხუცს თავდაპირველად ცოლ-შვილის დახოცვაში ბრალს დებდა. თუმცა ახლა ის მოვლენებს სრულიად სხვაგვარად იხსენებს და ომარ გამყრელიძის ბრალში ეჭვი ეპარება. ამბობს, რომ როცა მან შემთხვევამდე მოხუცი ცოლის საწოლთან მჯდომარე ნახა, საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. ამბობს, საეჭვოა, რომ მისი გამოსვლიდან ასეთ მოკლე დროში მოხუცს იარაღების აღება, ჩასაფრება და მათი დახოცვა მოესწრო. კრიმინალისტი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლოს სამმართველოს ყოფილი უფროსი კახა ჩიხლაძე ამბობს, რომ ამ მკვლელობის ირგვლივ ბევრი კითხვა გაჩნდა, რაც საქმეში ჩაუხედავი სპეციალისტისთვისაც ადვილად შესამჩნევია. ფიქრობს, რომ გამოძიების მიერ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება და 85 წლის მოხუცის ერთადერთ დამნაშავედ გამოცხადება, მსუბუქად რომ ითქვას, არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. ვარაუდობს, რომ ასეთი მკვლელობა ამ ფიზიკური მონაცემების მოხუცს რეალურად უნდა გასჭირვებოდა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვლილებს ჭრილობები ორი იარაღიდან აქვთ მიყენებული, ერთი კალაშნიკოვიდან და მეორე გეკოდან. ავტომატი კი ნაპოვნი არ არის”, - განაგრძობს გამოცემა.

“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კითხვა მოხუცის შესაძლებლობაზე და მის გამოცდილებაზე ჩნდება. რამდენად არის ის ფიზიკურად ძლიერი, რომ ორი იარაღიდან ასე მოკლე დროში სროლა განეხორციელებინა. ანუ ორი იარაღი დაეკავებინა და ასე ესროლა ან შენაცვლებით. ახლა რაც შეეხება ავტომატს, საინტერესოა სად არის ეს იარაღი, საიდანაც გარდაცვლილებს უფრო მეტი ჭრილობა აქვთ მიყენებული. რა თქმა უნდა, ასევე საინტერესოა მოხუცის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე რამდენად შეძლებდა ავტომატის სროლას, მით უმეტეს ვინც ერკვევა იარაღებში, იცის, რომ მას სროლისას ძლიერი უკუდარტყმა აქვს. ანუ ძალაა საჭირო იმისთვის, რომ ავტომატის ლულა მაღლა აწიო და ასეთი სიხშირის სროლა დაიწყო. თანაც იმოძრაო და ეზოში გაქცეულებს დაუმიზნო. როგორც ამბობენ, დაკავებულმა, სავარაუდოდ, შვილი და რძალი ეზოში დახოცა. თუმცა ის, რომ მოხუცია და ავტომატს ვერ გაისვრიდა, არ არის მთავარი არგუმენტი, მაგალითად პაპაჩემი 102 წლის იყო და იარაღს მშვენივრად ისროდა. თუმცა რაც კადრები ვნახე, დაკავებულს სიარულიც კი უჭირს. არ არის გამორიცხული, რომ მოხუცი გეკოდან ისროდა და ავტომატიდან სხვა. მას შესაძლოა თანამზრახველი ჰყავდეს. გამოძიებამ ამაზე უნდა იმუშავოს. ასევე ანაბეჭდები, არის თუ არა გეკოს ტიპის იარაღზე? დაკავებული მოხუცი შემოწმდა? მას ჰქონდა დენთის კვალი ხელზე? ეს ისეთი საქმეა მისი გაყალბება ვერ გამოვა“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კრიმინალისტი კახა ჩიხლაძე.

“ექსპერტ-ბალისტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზა ყველა ბუნდოვან კითხვას პასუხს გასცემს და უფრო მეტიც, შესაძლოა გამოძიების ვერსია საერთოდ თავდაყირა დააყენოს. ბალისტიკოსი ამბობს, რომ პირველ რიგში გასარკვევია სად გაქრა ავტომატი, საიდანაც გარდაცვლილებს ჭრილობები აქვთ მიყენებული. ამოღებული მასრებით ექსპერტიზა ძალიან ადვილად დაადგენს, საიდან და რა დისტანციიდან ისროდა დამნაშავე. ასევე სროლის დროს გადაადგილდებოდა თუ არა ის და კალაშნიკოვი ჰქონდა თუ არა ავტომატურ რეჟიმზე დაყენებული. რაც შეეხება მოხუცის უდანაშაულობას და მის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს, ექსპერტი აცხადებს, რომ პირველ რიგში გასათვალისწინებელია, საერთოდ იცოდა თუ არა და ოდესმე თუ ჰქონია იარაღებთან შეხება. წარმოუდგენელია, ერთ ხელში გეკო გეჭიროს და მეორე ხელში ავტომატი და ასეთ უწყვეტ რეჟიმში ისროდე. მით უმეტეს მოხუცის ფიზიკური მონაცემებია გასათვალისწინებელი. თუ მან გარდაცვლილებს შორის დისტანციიდან ჩასაფრებით ესროლა და არა მიბჯენით, მაშინ მას მხედველობა რამდენად აძლევს ამის საშუალებას, დასადგენია”, - დასძენს გამოცემა.

“პირველ რიგში საინტერესოა რა იქნა ავტომატი. ანუ მისი გაუჩინარება გვაძლევს უკვე ეჭვის საფუძველს, რომ მოხუცს მინიმუმ თანამზრახველი ჰყვადა, რომელიც ავტომატიდან ისროდა. რაც შეეხება გეკოს ტიპის იარაღს, სოფელში ძირითადად არის ხოლმე შემორჩენილი ისეთი მოდელის, რომელიც მხოლოდ ერთხელ ისვრის და მას შემდეგ ისევ გადატენა სჭირდება. გამოძიება და ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს რა დისტანციიდან ისროდა მკვლელი, სად იჯდა ან იდგა და თუ მოძრაობდა. მაგალითად კალაშნიკოვი შეგიძლია ავტომატურ რეჟიმზე დააყენო და ერთი გასროლით ე.წ. აბოიმა დახარჯო. თუ სროლა ოთახში იქნება, ბევრი ადამიანის დახოცვა ერთდროულადაა შესაძლებელი. თუმცა, აქ რაც მოხდა ეს არის ღია სივრცეში ნასროლი, მკვლელობები ეზოშია ჩადენილი. ასევე, ნატყვიარებით დისტანციის დადგენაა შესაძლებელი. ძალიან მარტივი გასარკვევია მოხუცი მართლა დამნაშავეა თუ არა. გარდაცვლილების ჭრილობების მიხედვით შესაძლებელია დადგენა რამდენად ისროდა მკვლელი გამიზნულად და არა ბრმად. ანუ არის თუ არა ეს ისეთი ადამიანის ჩადენილი, რომელმაც სროლა კარგად იცის და დამიზნებით ისვრის, თუ უბრალოდ უმისამართო სროლის შედეგად მოხვედრილი ტყვიებია. ასევე გასათვალისწინებელია მოხუცის ფიზიკური მონაცემები“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბალისტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი - “ამას დაარქვეს ტერორიზმის აქტის მომზადება, რატომ არ დაარქვეს შურისძიება?”

“ყოველ ჯერზე “მოდულში” მისვლა ჩემთვის თემირლანის ხელმეორედ მოკვლის ტოლფასია, ძალიან მძიმეა, როცა ჩემი შვილის მკვლელებმა უნდა დამკითხონ. ყველაზე მეტად მაღიზიანებს კითხვა, დამაკავებენ თუ არა. ეს სულ არ მაინტერესებს - როცა ერთადერთი ვაჟი მომიკლეს და წელიწად-ნახევარია, ვებრძვი უსამართლობას, ამ ბინძურ სისტემას, დამაკავებენ თუ არა, მნიშვნელობა აღარ აქვს, ბრძოლას ჩემი მეუღლე მედიკო გააგრძელებს. მასაც დააკავებენ? ჩემი შვილი ნატა გააგრძელებს. თუმცა მათ არც მედიკოს და არც ჩემი გოგონას დაკავების არ შერცხვებათ. ამათი მიზანია ჩვენი განადგურება და ამით სამართლის აღსრულების დასამარება”, - აცხადებს მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” სუს-ში დაკითხვამდე ერთი დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მალხაზ მაჩალიკაშვილი: “გოგაშვილის მოშორებას თუ ვგეგმავდი, სახლიდან გამოუსვლელად გავაკეთებდი ამას” / “ძალიან მძიმეა, როცა ჩემი შვილის მკვლელებმა უნდა დამკითხონ” / “ამაზე მძიმე სიტყვები ათას ხუთასი მითქვამს და სხვაც ექნებათ, მაგრამ არც იარაღი შემიძენია, არც არანაირი დანაშაული ჩამიდენია”.

“ჩემი საუბრის აუდიოჩანაწერი ორი თვის წინანდელია და ამას დაარქვეს ტერორიზმის აქტის მომზადება. რატომ არ დაარქვეს შურისძიება? ეს რომ თქვან, იმას ნიშნავს, აღიარონ, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული. ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მინიჭებით ხალხში ჩემი ღირსების, სინდისის შელახვა უნდათ... მე ყველგან ვეძებდი გოგაშვილს დასალაპარაკებლად, ის დავალებაც ამ ტიპის იყო, მაგრამ მას მერე აღარც მახსოვდა. ჩემი ძმისშვილი ჰუსეინა წასულა, მაგრამ საფლავი არც უნახავს და უკან წამოსულა. მე ხომ ვიცი, რომ ჩემი ყველა სიტყვა ისმინება როგორც კარავში, ისე გარეთ. ვინც გვერდში მიდგას, ისინიც მისმენენ და იწერენ, ყველა ჩემი ნაბიჯი კონტროლდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრ რამეს ვამბობ. იმ ჩანაწერში რომ ვამბობ, გოგაშვილის მამის საფლავზე წადი, იქ წადი, აქ წამოდი-მეთქი, ამაზე მძიმე სიტყვები ათას ხუთასი მითქვამს და სხვაც ექნებათ, მაგრამ არც იარაღი შემიძენია და არც არანაირი დანაშაული ჩამიდენია. იმ საუბრის მერე მე და ჰუსეინა აქ, პარლამენტის წინ, სადაც რამდენიმე კამერაა, ყოველდღე ვდგავართ, ყოველდღე ვამბობ სიტყვებს: “გოგაშვილს გავანადგურებ”, “მის ოჯახს გავანადგურებ”. გამწარებული კაცი რას არ იტყვის, მაგრამ სად ჩანს დანაშაული?”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილი.

“გოგაშვილმა ისეთი დანაშაული ჩაიდინა, დღესაც მზარავს ამის წარმოდგენა. მაგ ნაძირალამ თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინოს, ერთადერთი შვილი ხომ მან მომიკლა? 9 თვე აქ ვდგავარ, დამელაპარაკოს, პირისპირ მითხრას, ბატონო ვახა, არა ვარ დამნაშავეო. იქნებ მართალია და დამარწმუნოს, რომ ეს დანაშაული არ ჩაუდენია?! მასზე მეტად სესიაშვილი მაღიზიანებს. ამას წინათ პროვოკაცია სცადეს - სესიაშვილი სპეციალურად დამახვედრეს კიბეზე, მისთვის რამე რომ დამეშავებინა. კაცი ისე დაიბნა, გამარჯობას მეუბნებოდა და თან შიშისგან ლამის ორივე თვალი ამოუტრიალდა. მისთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს... არც გოგაშვილს ვეტყვი, მოვიდეს, მითხრას, რატომ მადანაშაულებ, არა ვარ დამნაშავეო. გოგაშვილის მოშორებას თუ ვგეგმავდი, აქ არ ვიდგებოდი, სახლში დავჯდებოდი და სახლიდან გამოუსვლელად გავაკეთებდი ამას. მე მინდა კანონით გავანადგურო ეს ადამიანი. ვისაც თემირლანის სისხლში აქვს ხელი გასვრილი, ყველა სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “როდის და რა შემთხვევაში შეწყვეტთ პროტესტს?” - პასუხობს:

“როცა სახელმწიფო იტყვის, დავაშავეთ, თემირლანს ტყუილად დავაბრალეთ ტერორისტობაო, მაშინ შევწყვეტ, წავალ და დღეში ერთხელ ჩემი შვილის საფლავზე­ მივალ. გამოიძიეს ეს საქმე? ჩემს კითხვებს პასუხი გასცეს? ესენი ძალიან ადვილად აბრალებენ ადამიანებს ტერორისტობას. ხუთჯერ დამიბარეს “მოდულში” დაკითხვაზე და ვუთხარი, თუ არ მეტყვით, რა საკითხზე მიბარებთ, ძალით თუ არ მიმათრევთ, არ მოვალ-მეთქი. ჩემი იქ მისვლა ყოველ ჯერზე სიკვდილია, თემირლანის ხელმეორედ მკვლელობა! მაგრამ გადავლახავ ამ დაბრკოლებას და მივალ! ამ თვის ბოლოს სტრასბურგში წავა ეს საქმე, იქნებ იქ მაინც ვიპოვო სამართალი!”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა