ნათია მეზვრიშვილი - საკანონმდებლო დონეზე დამატებითი ინსტრუმენტები რომ გვქონოდა, ხორავას ქუჩის შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით

საკანონმდებლო დონეზე დამატებითი ინსტრუმენტები რომ გვქონოდა, ხორავას ქუჩის ტრაგიკულ შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტი ამ წუთებში შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით განიხილავს, რომლის მიხედვით,ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას წინ ე.წ. ქუჩური გარჩევა უძღოდა.

„ეს კანონი რომ ყოფილიყო, ბევრ შემთხვევას ავირიდებდით თავიდან. თუმცა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ხორავას ქუჩის ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც ყველამ კარგად ვიცით, რომ წინ უძღოდა ამგვარი ტიპის გარჩევები და ალბათ, ამ ეტაპზე საკანონმდებლო დონეზე დამატებითი ინსტრუმენტები რომ გვქონოდა, შესაძლოა, უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების - “ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაციას.

პროქტის თანახმად, დასჯადი ხდება წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის, გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს.

აღნიშნული დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

“სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი გახდება დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით სამ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ასევე არაერთგზის ჩადენა. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობაზე.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ის, ვინც აღნიშნულ დანაშაულს ჩაიდენს, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო