მცხეთის ისტორიული ძეგლებისა და მისი კულტურული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

მცხეთის ისტორიული ძეგლებისა და მისი კულტურული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

საერთაშორისო თემატურ ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის „მცხეთის ისტორიული ძეგლებისა“ და მისი კულტურული ლანდშაფტის მდგრადი განვითარების დაცვისა და გამოყენების სამომავლო ნაბიჯების განხილვა იყო, დღეს გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამხანაგობა „აქოლისიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების გახსნის ცერემონიას ხელისუფლების, საპატრიარქოსა და იუნესკოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამხანაგობა „აქოლისის“ თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძემ, რომელიც მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავებაზე მუშაობს, დამსწრეებს ამხანაგობის საქმიანობა, განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო ხედვები გააცნო. ამასთანავე, მან ექსპერტებს წარუდგინა ხედვა - „მცხეთა 2030“.

აკაკი ზერეკიძემ ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იმ ეტაპზე, რომელზეც მისი გუნდი იმყოფება, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი ხედვებისა და მოსაზრებების გაზიარება.

„აქოლისის“ ინფორმაციითვე, შეხვედრა ორგანიზებული იყო მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის/ICOMOS/ICCROM/IUCN-ის რელიგიური ინტერესის მქონე მემკვიდრეობის საორგანიზაციო ჯგუფთან კოორდინაციით.