რუსთავის ჭყონდიდელის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების ფასადების, გზების, ტროტუარებისა და შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და ჭყონდიდელის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატ დავით რეხვიაშვლთან ერთად, ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს, ადგილზე გაეცნო.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე მიმდინარე ინფასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება და ბეტონის ტროტუარები ეწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 167 775 ლარს შეადგენს.
რუსთავის მერიის ცნობითვე, ჩეხოვისა და ჩაპაევის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. გზის საფარი წლების განმავლობაში დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობას მუდმივად ექმნებოდა ავტოტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა.
რუსთავის მერი, ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო. ამ ეტაპზე, სამუშაოები გიორგაძის ქუჩის #8 და გრანელის ქუჩის #7, #9, #11 საცხოვრებელი სახლების ფასადებს უტარდება. პროექტის ღირებულება 134 300 ლარს შეადგენს და დაზიანებული ფასადების განახლება ივნისში დასრულდება.
როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მიმდინარე წელს, ანალოგიური სამუშაოები ჭყონდიდელის დასახლებაში კიდევ ექვს მისამართზე, კერძოდ, ჩეხოვის ქუჩის #6, #8, #8ა, #10 და გრანელის ქუჩის #23, #25 საცხოვრებელ კორპუსებშია დაგეგმილი და დღეისათვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი შენობების ფასადების რეაბილიტაციისთვის თანხა ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
ქალაქის მერი დღესვე, ბარნოვის ქუჩის #8-თან სპორტული მოედნის მოწყობისა და რჩეულიშვილის ქუჩის #18 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო.

























