რუსთავში 33-ე ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა და აღსაზრდელების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რუსთავში, 33-ე ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა და აღსაზრდელების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ბაღის ეზოს ტერიტორიის კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებენ. მშობლები და პედაგოგები შიშობენ, რომ სკოლამდელი აღზრდის ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, 33-ე ბაღი აკრედიტაციას ვერ გაივლის და დაიხურება, 400-ზე მეტი ბავშვი ბაღის გარეშე დარჩება, სამსახურს კი ბაგა-ბაღის 40-ზე მეტი თანამშრომელი დაკარგავს, ვინაიდან ეზოს დიდი ნაწილი კერძო პირზეა გასხვისებული.
მშობლების განცხადებით, უკვე 17 წელია, რაც საბავშვო ბაღის შენობის ნახევარში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოა განთავსებული, ეზოს ტერიტორაც სწორედ აღნიშნული სამლოცველოს წინამძვრის - მამა კახაბერის კერძო საკუთრებაა, რომელიც მან 2014 წელს აუქციონის წესით თვითმმართველობისგან შეიძინა.
ბაღის ეზოში შეკრებილებს, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი და რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად დოლიძე შეხვდნენ.
როგორც ეკატერინე ხუციშვილმა განაცხადა, რუსთავში ისედაც არის ბაგა-ბაღების პრობლემა, ამიტომ და არც ერთი ბაღი არ დაიხურება, პირიქით აშენდება.
,,ის ფაქტი, რომ ეზოს ნაწილი ბაღისგან პრაქტიკულად მოკვეთილია და აღარ აქვს, ამას თქვენც ხედავთ. 2014 წლის ივლისის თვეში ფიზიკურ პირზე გაიყიდა ბაღის მიწის ნაწილი და ხედავთ, რომ მშობლები აპროტესტებენ და მათთან ერთად ბაგა-ბაღბის გაერთიანებაც ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. წინ არის ავტორიზაციის წესის მიღება, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რუსთავში ყველა ბაღმა გაიაროს ავტორიზაცია. ჩვენ გვქონდა კერძო პირთან მოლაპარაკება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვერ შედგა ეს მოლაპარაკება, ჩვენ ვთხოვეთ, რომ მომხდარიყო ადგილმონაცვლეობა მიწის ნაკვეთის, შეიძლება ითქვას, რომ ვემუდარეთ, მაგრამ უარი გვითხრა“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ეკატერინე ხუციშვილმა.

























