ნათია თურნავა „რუსთავის ფოლადისა” და „ჯეოსტილის“ მუშაობას ადგილზე გაეცნო

ნათია თურნავა „რუსთავის ფოლადისა” და „ჯეოსტილის“ მუშაობას ადგილზე გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავში მდებარე საწარმოებში - ,,რუსთავის ფოლადსა” და „ჯეოსტილში“ იმყოფებოდა. მინისტრი რუსთავის მერთან ირაკლი ტაბაღუასთან და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო მეტალურგიული საწარმოების მუშაობას, არსებულ გამოწვევებსა და გეგმებს თუ როგორ აპირებენ დანერგონ ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც შესაძლებლობას მისცემთ, მნიშვნელოვნად შეამცირონ ენერგოდანახარჯები.

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მთავრობა მზად არის, მათ საექსპორტო ბაზარზე გასვლაში დაეხმაროს, ასევე ახალი ანტიდემპინგური კანონის შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზეც კონკურენციის სამართლიანი პირობები ექნებათ.

„დღეს შეხვედრა მქონდა რუსთავის მეტალურგიული კომპლექსის ორ უმსხვილეს საწარმოში ,,რუსთავის ფოლადსა“ და ,,ჯოსტილში“. ჯამში ეს ორი საწარმო ასაქმებს 2500 ადამიანზე მეტს, რომ არაფერი ვთქვათ, სხვა მცირე ბიზნესზე, რომელიც დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან. მნიშვნელოვანია გვენახა თუ როგორ ემზადებიან, რომ გახდნენ უფრო ენერგოეფექტურები. დავინახეთ ძალიან კონკრეტული გეგმები ერთი საწარმოსი და მეორე საწარმოშიც დაწყებული აქვთ, ტექნოლოგიური პროცესი იმისთვის, რომ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარონ, ნაკლები გაფრქვევა იყოს ატმოსფეროში. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იყო განგვეხილა თუ როგორ ამოვუდგეთ მხარში საგარეო ბაზრებზე, რადგან საექსპორტო ბაზარზე გადიან და იქ სერიოზული მხარდაჭერა სჭირდებათ, იმისთვის, რომ კონკურენტულ პირობებში, თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ საერთაშორისო გლობალურ კონკურენტთან. ასევე შიდა ბაზარზე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობა შემოგვაქვს და იქნება კონკურენციის სამართლიანი პირობები მათთვის უფრო მეტად, ვიდრე დღეს არის და უხარისხო ანალოგიებისგან იქნებიან დაცულები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნათია თურნავამ.