ზუგდიდის 67-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და 40 უბნიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიის სამაგიდე ვერსიების უკან მობრუნების მიზეზებს განმარტავს

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უბნებზე არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე დარიგებით კანონი არ დაურღვევია. როგორც მირანდა მესხმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 67-ე ოლქში სულ 107 უბანია, სადაც აღნიშნული ინვენტარის მიწოდებას ეტაპობრივად ახდენდნენ.
როგორც მან განმარტა, გამჭვირვალობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, 40 უბნიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიის სამაგიდე ვერსიები მოაბრუნეს.
„მე, კანონი არ დამირღვევია. ანუ, ცესკო-დან მიღებული ინვენტარი, დოკუმენტი, ლოჯისტიკურად როგორც კი მივიღეთ, შესაბამისად, ეტაპობრივად ვანაწილებთ საუბნო საარჩევნო კომისიებში. მოგეხსენებათ, რომ მრავალრიცხოვანი ოლქია, ანუ უბნების რაოდენობა შეადგენს 107 უბანს, ინვენტარსა და დოკუმენტს ეტაპობრივად ვაწვდით. კანონმდებლობა არ მიკრძალავს მე გადამეცა ამომრჩეველთა ერთიანი სიის კედლის ვერსია, სამაგიდე ვერსიები... ზუსტად, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების თვალსაზისით უბნებიდან მობრუნებული იქნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის სამაგიდე ვერსიები“, - განაცხადა მირანდა მესიამ
რაც შეეხება ბეჭდებს, მესხის თქმით, ისინი დალუქულ მდგომარეობაში, ოლქის ბეჭდით დამოწმებული და ხელმძღვანელი პირის ხელმოწერითაა გადაცემული.
„ხოლო რაც შეეხება სამაგიდე სიებს, ეს არ ილუქება. გადაიცემა ჩვეულებრივ, დახვეულ ფორმაში, პოლიეთილენის პარკშია მოთავსებული. ზუსტად ამ პოლიეთილენის პარკით დაგვიბრუნა უკან იმ უბნებმა ერთიანი სიები. რადგან ეს პრობლემა გახდა, გამჭვირვალობის თვალსაზრისით მოვაბრუნეთ უკან, არ დამირღვევია კანონმდებლობა. 12 საათით ადრე უნდა გაიცეს ბიულეტენების ბლოკნოტი დალუქულ მდგომარეობაში, სპეციალური კონვერტების დადგენილი რაოდენობა და ინდივიდუალური ნორმის მქონე სამართლებრივი აქტები შემაჯამებელი სახით. ზუსტად ამ პერიოდში გავცემთ იმ მობრუნებულ სამაგიდე სიებსაც. კანონი არ დამირღვევია, ეტაპობრივად ხდება ამ დოკუმენტისა და სიების გადაცემა. რაც შეხება ბლოკნოტებს, სპეციალურ რაოდენობას და შემაჯამებელი ოქმების ნიმუშებს, ეს გადაეცემათ არაუგვიანეს 12 საათისა დაცვის პოლიციის თანხლებით. რაც გადავეცი, გადაცემული მაქვს მიღება-ჩაბარების აქტით ხელმძღვანელ პირებზე და ზუსტად ისინი უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას“, - განაცხადა მესხმა.
ის ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მოთხოვნას, რომლის თანახმად, ოპოზიცია ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს. მირანდა მესხის თქმით, აღნიშნულ მოთხოვნას განიხილავენ და კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით.

























